დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი ასიათასი მოწამის ტაძრის წინამძღვარია, რომელიც დიდ დიღომში მდებარეობს. რამდენად რთულია იყო მრავალშვილიანი ოჯახის მამა და რა გზა გამოიარა მან სანამ სასულიერო პირი გახდებოდა ამაზე თავად მამა ლუკა გვესუბრა. ,,თბილისი თაიმსი,, გთავაზობთ ინტერვიუს მასთან:
მამა ლუკა, გვიამბეთ თქვენი განვლილი ცხოვრების შესახებ, როგორი ბავშვი იყავით?
– ცელქი ბავშვი ვიყავი, ძალიან მიყვარდა თამაში და კითხვა. თავიდან ზღაპრების კითხვა, მერე უკვე ნელ-ნელა სათავგადასავლო წიგნებით დავინტერესდი. სწავლა ისე რა მიყვარდა, მაგრამ ბოლო, მე-10 კლასში ძალიან მოვინდომე, რადგან მინდოდა უმაღლესში ჩამებარებინა. ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეტალურგიულ ფაკულტეტზე. პირველი კურსის დამთავრების შემდეგ, ჩემი სურვილით წავედი ჯარში და იქიდან დაბრუნების შემდეგ, სწავლის პარალელურად საოქრომჭედლო ქარხანაში დავიწყე მუშაობა. მარტო სწავლას ვარჩიე პარაქტიკაც მიმეღო.
მაგრამ, ამ დროს მოვინათლე და ჩემმა სულიერმა ინტერესებმა, სასულიერო ლიტერატურის ინტერესმა ყოველივე გადაწონა. იმდენად ბრწყინვალე იყო იგი ჩემთვის, იმდენად აღმატებული, მკვებავი, სრულყოფილი, რომ მთლიანად ჩავეფლე მასში. ეს იყო ის რაც მაკლდა, რაც ჩემს სულს სწყუროდა. მერე მოხდა ისე რომ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სასულიერო აკადემიაში გავაგრძელე სწავლა.
ანუ თავიდანვე ეკლესიური ცხოვრებით არ ცხოვრობდით?
– 23 წლის ვიყავი რომ მოვინათლე. საბურთალოზე დავიბადე, გავიზარდე. ირგვლივ არცერთი ეკლესია არ იყო, არცერთი სასულიერო პირი არ ცხოვრობდა. არც მეზობლები, არც ნათესავები, არც მეგობრები და მათი ოჯახები არ იყვნენ ეკლესიურები. არანაირი წარმოდგენა არ მქონდა ქრისტიანობაზე, გარდა ისტორიულისა. ვიცოდი, რომ ჩვენს ისტორიაში დიდი როლს თამაშობდა ქრისტიანობა, მაგრამ რა როლი ეს სრულყოფილად არ მესმოდა.
მამაო, არც თქვენი ოჯახის წევრები იყვნენ მონათლულები? რამტომ გადადგით ეს ნაბიჯი 23 წლის ასაკში?
– მარტო მე დავრჩი ესე, მოუნათლავი. მიუხედავად იმისა, რომ დედა გარდამეცვალა 13 წლის ასაკში, მერე ბებია 14 წლის ასაკში, ვიცით, რომ ასეთ დროს, ტრადიციულად ნათლავენ ხოლმე, თუ ვინმე მოუნათლავია ოჯახში, მაგრამ ჩემზე არც ეს ტარდიცია აღსრულებულა და არც ჩვილი ბავშვების (40 დღის) მონათვლის ტრადიცია. თუმცა ჩემი ძმა მონათლული იყო პატარაობაში.
მე მოვინათლე 1991 წელს, ფერიცვალების დღეს, მტკვრისა და არაგვის შესართავში. როცა ვინათლებოდი ქრისტიანობას დიდ როლს ვანიჭებდი და მინდოდა ყველაფერი განსაკუთრებულად ყოფილიყო. მას შემდეგ, ყოველთვის ვცდილობ, ღვთის მადლით მაქსიმუმი ვაკეთო ყოველ დღე რისი გაკეთებაც შემიძლია.
როდის გახდით სასულიერო პირი? რას ნიშნავს თქენთვის მოძღვრობა? რამდენად დიდი ტვირთია ეს?
– აკადემიის მესამე კურსზე უკვე სასულიერო პირი გავხდი ანუ დიაკვანი და სანამ დავასრულებდი სწავლას მოძღვარადაც მაკურთხეს.
თეორიულად ვიცოდი რა არის მოძღვრობა, სასულიერო ლიტერატურას რომ ვეცნობოდი ვხვდებოდი, ზოგი წმინდანი თავადაც მსჯელობს ამის შესახებ, მაგრამ პრაქტიკულად თუ არ გამოცდე… შეუძლებელია წინასწარ იცოდე… მოკლედ, რომ ვთქვა ყველაზე ახლოს ჩემთან მოძღვრობის განსამარტებლად არის წმნიდა გრიგოლ ხანძთელის ნათქვამი: „მღვდლობა არის ქრისტეს ნაცვალობა ამქვეყანაზე“. ეს არის უდიდესი მოვალეობა, ანუ ადამიანი ვერ ხედავს ქრისტეს, მაგრამ გხედავს შენ მოძღვარს. ეს ნათქვამი თავიდანვე გასიგრძეგანებული, რომ მქონებოდა შეიძლება უარიც მეთქვა სასულირო პირობაზე. იმიტომ, რომ როგორ შეიძლება ქრისტე ჩავანაცვლო მე? რა თქმა უნდა დიდი მადლი შეეწევა სასულიერო პირს ამ საქმეში, მაგრამ მაინც შესასრულებლად ძნელია. არ არის დრო როდესაც არ ასრულებ შენ მოვალეობას, სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან ქრისტეს ნაცვალი ხარ, ყველგან წარმოადგენ ქრისტეს.
ეს არაა პროფესია. ეს ესეთი მსახურებაა, ესეთი მდგომარეობაა, ესეთი უნდა იყო, შინაგანად უნდა განაპირობო შენი თავი. რა თქმა უნდა სამსახურეობრივადაც ჩვენ გარკვეული მოვალეობები გვაქვს, გარკვეულ წესებს ვასრულებთ, მაგრამ ზნეობრივი თვალსაზრისით უნდა იყო ისეთი ვისაც წარმოადგენ. ამიტომ ამბობს წმ. იოანე ოქროპირი: „მოძღვართაგან სამწუხაროდ მცირედნი ცხონდებიან, იმიტომ რომ ეს მსახურება ძალიან დიდ სულიერ სიწმინდეს მოითხოვს.“
თქვენთვის რამ განაპირობა, რომ მოძღვარი გამხდარიყავით?
– ერთადერთი რამაც უნდა განაპირობოს სასულიერო პირობა ეს არის ღმერთის უსაზღვრო სიყვარული. ადამიანისთვის ღმერთი, როგორც პეტრე მოციქული ბრძანებს: „სოცოცხლე უნდა იყოს“.
მღვდლობას არც ვფიქრობდი, მაგრამ ღმერთის სიყვარული მქონდა და მექნება ყოველთვის. ეს თუ დავკარგე ნიშნავს, რომ ყველაფერს დავკარგავ. სასულიერო პირად კურთხევის წინ ჩემთვის მთავარი ღმერთის სიყვარული იყო და რა თქმა უნდა იერარქებისგან მოწოდება მიმეღო სასულიერო რანგი.
მამა ლუკა, როგორც ვიცით მრავალშვილიანი მამა ბრძანდებით? გვიამბეთ თქვენ ოჯახზე?
– დიახ, შვიდი შვილი მყავს, ოთხი ვაჟი და სამი გოგონა. ჩვენ ოჯახში არის სისავსე. ვგრძნობ, რომ უფლისგან რა კურთხევაც მოგვეცა შევასრულეთ. მყავს იმდენი შვილი რამდენზეც მაკურთხა ღმერთმა. მაგალითად: როდესაც მყავდა ხუთი ან ოთხი, რა გრძნობა მქონდა იცით? თითქოს სახლში ვიღაც გვაკლია, არადა გადავხედავდი ოჯახის წევრებს და ყველა ადგილზეა. რაღაცა ნაკლულევანების გრძნობა მქონდა და აი, მეშვიდე რომ შეგვეძინა ვგრძნობ, უკვე ყველა სახლში ვართ.
გარდა ამისა, მრავალშვილიანობა ჩემგან შეგნებულად მოხდა. ეს მარტო ღმერთის სიყვარულმა არ განაპირობა. ყველა ვხედავთ, რომ დემოგრაფილული პრობლემა გვაქვს, კატასტროფაა, რომ მომაკვდავ ერთა შორის ვართ. მინდოდა ჩემი ერისთვის შემეძინა ახალი სიცოცხლე, რამდენსაც ღმერთ მომცემდა, როგორც ამას შევძლებდი. აღვიქვამ, რომ შვილები ჩემ სამშობლოს ეკუთვნიან.
მე მაინც მგონია, რომ ყველა პრობლემას ეშველება, მაგარამ დემოგრაფიულ პრობლემას არაფერი, თუ არ გამრავლდა ერი. ყველა პრობლემა შეიძლება მოიხსნას ურწმუნოება, ეკონომიური, თუ პოლიტიკური გასაჭირი, ყველაფერი რაც დღეს არის, ხვალ შეიძლაება აღარც იყოს, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიქენით ფიზიკურად ეს დაუძლეველი პრობლემა იქნება. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე ვცდილობდი თავიდანვე მრავალშვილიანი ოჯახი მყოლოდა. ეს დიდი სიმდიდრე, მთავარი კი ისაა, რომ ჩვენ პრაქტიკულად ვჭირდებით სამშობლოს.
როგორ ზრდით შვილებს? მოგვიყევით მათ შესახებ?
– 17 წლისაა უფროსი გოგონა. წელს დაამთავრა სკოლა და აბარებს სამხატვრო აკადემიაში. ძალიან უყვარს ხატვა, ფერწერა. უმცროსი არის 5 წლის. ჩვენ 12 წელიდადში შეგვეძინა 7 შვილი. ჩემი მეუღლის, ირინეს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან დიდი თავდადება გამოავლინა შვილთა გაზრდიდსა და აღზრდის პროცესში და ამ საქმეს ემსხურება. თავად სამედიცინო განათლება აქვს, ბავშვთა ქირურგია პროფესიით, მაგრამ თავი მთლიანად მიუძღვნა ბავშვთა აღზრდა, ამასთან მგალობელი და მედავითნეა. შესაბამისად, ჩვენმა შვილბმაც ისწავლეს გალობა, მედავითნეობა. ერთი ვაჟი სტიქროსანია, სამივე გოგონა გალობს, ორი მედავითნეობს. სწავლობენ ნელ-ნელა. ჩვენი მიზანია სკოლის დამთავრებამდე ყველამ შეძლოს ეკლესიის მსხაურება. გვინდა როგორც ძველად იყო საქართველოში ღვთისმსახურება ყველამ იცოდეს, რაც დიდ სიკეთესა და პატიოსნებას შესძენს მათ. ვფიქრობ, პატიოსნება ადამიანისათვის ყველაზე მთავარია. ჩვენ გვინდა ეს განვამტკიცოთ ჩვენ შვილებში და დავეხმაროთ აირჩიონ კეთილშობილური პროფესია.
რთული იყო ასეთი მტკიცე და დიდი ოჯახის შექმნა?
– მთელი გული უნდა ჩადო ამ საქმეში. თუ ძალიან არ მოინდომე არ გამოვა.ჯერ მარტო, ერთი ადამიანის დაბადება და აღზრდა ყოველდღიური კოლოსალური შრომაა. ჩვენ შეგნებულად წავედით ამ გზით. ძველი, ქართული ნათქვამია: „დავწვრილშვილდი დავიწიო, გამეზარდნენ და ავიწიეო“. როცა მრავალი შვილი გყავს, ეს დიდი ტვირთია, მაგრამ ღმერთის, სამშობლოსა და შვილთა სიყვარული გაძლევს იმის უნარს ამ საქმეს გაუძღვე და შენი მოვალეობა შეასრულო.
ახლა, იმ პერიოდში ვართ როცა ცოტა ამოვისუნთქეთ, რადგან შვილები გვეზრდებიან. მრავალშვილანი ოჯახის სიკეთე ისიც არის, რომ 10-11 წლიდან ბავშვი უკვე ცდილობს გვერდით დაგიდგეს. და ისინიც მთელი პასუხისმგებლობით გვიდგანან გვერდით, როგორც შეუძლიათ, პატარა ხელებით აკეთებენ თავიანთი საქმეს. პატარაობიდანვე სწავლობენ შრომას, აგარაკზე თუ სახლში საქმის კეთებას და როცა იზრდებიან ხელოვნდებიან ამა თუ იმ საქმეში ანუ რაღაცნირად ხელმარჯვეები ხდებიან, ეს მათთვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური გამარჯვებაცაა.
როგორი მამა ხართ? მკაცრად ზრდით შვილებს?
– მე ვცდილობ ვიყო სამართლიანი. უსამარათლობა ჩემთვის უსინდისობაა. ბავშვს ეკარგება პატივისცემა და სიყავრული მშობლების მიმართ, როცა მათში ხედავს უსამართლობას. მიმაჩნია, რომ შვილები იქნებიან ბედნიერები თუ ბოროტებას არ შეიყვარებენ და იქნებიან სიკეთის მსახურნი. ეს ცოდნა მათ უნდა მიიღონ ოჯახში. პირველ რიგში, ჩემ თავს მოვალეობად ვუთვლი, რომ შვილებს ვასწავლო რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. არა ისე როგორც მე წარმომიდგენია, არამედ ისე როგორსაც ღმერთი, ჩვენი ისტორია და წინაპარი გვასწავლის.
ისე, ჩვენ მეგობრები ვართ, ხანდახან მათი მოძღვარი ვარ, ხანდახან ასე ვთქვათ სამართლიანი მსაჯული და მგონია მშობლობა ამას ნიშნავს. უსამართლობა იქნება ბავშვს ვაიძულო იყოს კარგი და მე ვიყო უკეთური, ამიტომ ჯერ მე ვცდილობ შევასრულო ღმერთის მცნებები და მერე იგივე მოვთხოვო მათ.
აი, როგორც მზეა მცენარეთათვის. თუ ზედმეტი სხივი მოხვდა ახმობს და აფუჭებს მათ, თუ ცოტა, ამ შემთხვევაშიც ავადდებიან და ვეღარ იზრდებიან. ასევეა ბავშვიც, მას ხან სითბო უნდა მისცე, მაგრამ ზედმეტი სითბო აფუჭებს ბავშვს, იმიტომ რომ უნებისყოფოს ხდის. მარტო სიმკაცრითაც ვერ გაიზრდება, სიხარული არ ექნება. მას ჭირდება ზომიერება, სიმართლე, სისწორე და დიდი, უღალატო, გამოცდილი მეგობარი მშობლის სახით ცხოვრებაში.
მამაო, როგორი ურთიერთობა გაქვთ მრევლთან?
– მე მათ ვუყურებ როგორც ღმერთისაკენ მიმავალ ადამიანებს, რომელთა ცხოვრებაშიც მე შუამავლის როლი უნდა შევასრულო. პირველრიგში დიდ პატივისცემას იმსახურებს ადამიანი, რომელსაც უყვარს ღმერთი. ასეთი ადამიანი ჩემთვის აღმაფრთოვანებელია, ძალიან საყვარელია, ოღონდ დავაკონკრეტებ, თუ მას ნამდვილად გულით უყვარს ღმერთი, როდესაც ნამდვილად ღმერთისკენ უნდა სვლა. ჩემი ქცევებიც მის მიმრთს აქედან გამომინარეა.
ღმერთს მოძღვარმა ხელი არ უნდა შეუშალოს და არც ღმერთისკენ მიმავალ ადამიანს. ასე ვთქვათ მათ შორის არ უნდა ჩადგეს. მოძღვარი უნდა შეეცადოს, რომ ადამიანს ღმერთამდე მიმავალი გზა მკაფიოდ დაანახოს. პატრიარქი ხომ ბრძანებს: „მოძღვარი ღმერთს არ უნდა ჩამოეფაროს ადამიანის ცხოვრებაში“. ეს ხომ საშინელეებაა.
ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ისმის ასეთი ფრაზა „ღმერთი მწამს, მაგრამ მამაო არა“, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
– ეს საჭირბოროტო საკითხია, რომელიც ლოზუნგივითაა გარკვეული კატეგორიის ადამიანებში… სასულიერო პირები არიან მოციქულთა და მოწაფეთა შთამომავლები. ეს მსახურება თავად უფალმა განუწესა ადამიანებს. სანამ ქრისტე რომელიმე ქალაქში თუ სოფელში შევიდოდა იქ უშვებდა მოწაფეებს საქადაგებლად, ადამიანთა შესამზადებლად და ეუბნებოდა: „ვინც თქვენი ისმინოს, ჩემი ისმინა“, „მე თქვენ გაძლევთ ძალას ეშმაკთა დათრგუნვისათვის, წადით და იქადაგეთ, მოიმოწაფეთ ყოველნი წარმართნი და ნათელეცით მათ. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა“.
მოძღვარი მაშინ ფასობს როცა ის უფლის სიტყვას ქადაგებს. ანუ მოძღვარი ღმერთზე წინ არ უნდა იდგეს ადამიანის ცხოვრებაში. მაგრამ თუ რომელიმე სასულიერო პირის შეძენილი ნაკლის გამო ადამიანი ეკლესიურ გზას უარყოფს ჩემი აზრით, ეს ის ადამიანები არიან რომელთაც არ სურთ უფლისაკენ სვლა, მოღვაწეობა და ამით თავის არასწორ ქმედებას ამართლებენ. გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს ვინ ცხოვრობს შენ ირგვლივ, შენ ღმერთი პირადად მაინც უნდა იპოვო, ამიტომაც მოგეცა სიცოცხლე.
მამა ლუკა, როგორ ახერხებთ ერთნაირად ყურადღებიანი, მოსიყვარულე იყოთ როგორც ოჯახისთვის ისე მრევლისთვის?
– მე მიყვარს შვილები, მეუღლე, მეგობრები, ღემერთისკენ მიმავალი ადამიანები, თავად ღმერთი და როდესაც სიყავრული გაკავშირებს შენ საქმესთან, თუ კონკრეტულ პიროვნებასთან, მერე უკვე ძნელი აღარ არის რაც შეგიძლია ის გააკეთო. ყოველთვის შესაძლებელია სიყვარულით მოექცე ადამიანებს და შეასრულო შენი მოვალეობა.
ყველაფრის საშუალება მოგეცემა ადამიანს, თუ მოინდომებ, თუ უქმად არ დაკარგავ დროს, თუ გასაკეთებელ საქმეს არ უღალატებ. მაგალითად, შაბათ დღეს ვადგენ მომავალი ერთი კვირის გეგმას, განაწილებეული მაქ დღეები საათების მიხედვით, როდის რა უნდა გავაკეთო. ეს ძალიან მეხმარება.
ჩვენ ქვეყანაში სოციალური პირობები საკმაოდ რთულია, პატარა ოჯახებსაც უჭირთ შვილების რჩენა. სასულიერო პირის შემოსავალი რამდენად იძლევა დიდი ოჯახის შენახვის საშუალებას?
– ერთ რამეს დავაკვირდი, რაც უფრო გვემატებოდა შვილები, მით უფრო იზრდებოდა ბარაქა ოჯახში. არ ვამბობ, რომ შემოსავალი მატულობდა, გასავალი იკლებდა. მაგალითად ჩვენთან, სახლში დაავადებები არ არსებობს, საავადმყოფოებში არ ვყოფილვართ, ოპერაციები არ დაგვჭირვებია, აფთიაქში თითქმის არ დავდივართ. ბავშვები მიჩვეულნი არიან მოკძალებულობას. ჩვენგან მიცემული მსოფლხედველობით, ამ ქვეყანაზე მთავარია ღმერთთან სწორი ურთიერთობა და სუფთა სინდისი. რაც შეეხება დანარჩენს: საკვები თუ სამოსი, რაც მოგეცემა იმით უნდა დაკმაყოფილდე.
რაც შეეხება გართობას, გართობის უხეში ფორმები ჩვენ ოჯახში არ არის. ვცდილობთ, რომ ჩვენი ინტერსეთა სფერო იყოს ისეთი, რომელიც სულიერად არ აზიანებს ადამიანს, ამასთან ესეთი ცხოვრება არ გაზიანებს მატერიალურადაც. ასე, რომ ოჯახის სიმდიდრე არის არა ის, რამდენი აქვს მას შემოსავალი, არამედ რამდენად სწორად იხარჯება შენი შემოსავალი.
საერთოდ სასულიერო პირის შემოსავალი მთლიანად დამოკიდებულია შესაწირზე. ვიქრობ, რომ რასაც სთეს იმას იმკი. ანუ როგორც იხარჯები სულიერად ის გიბრუნდება ფიზიკურად.
დღეს, საკმაოდ გახშირებულია ახლად შექმნილი ოჯახების ნგრევა. რაში ხედავთ პრობლემას?
– ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ ემოციურად იქმნება ოჯახები. საკმარისია, ვაჟს გოგონას მიმართ ან პირიქით გოგონას ვაჟის მიმართ დაეუფლოს რაღაც ემოცია, ის მაშინვე დასკვნას აკეთებს, რომ უყვარს. ამ დროს სიყვარული სულ სხვა რამეა. სიყვარული პასუხისმგებლობაა, სიკეთეა, მოვალეობაა. უნდა შევძლოთ ყველა ემოციას თავისი სახელი დავარქვათ.
ეკლესია ყოველთვის მოუწოდებს ადამიანს არ იჩქაროს, მითუმეტეს ისეთ უმნიშვნელოვანს საკითხში როგორიც არის ქორწინება. შენი მეუღლე შენი მეორე ნახევარი უნდა გახდეს, წარმოიდგინეთ როგორი ახლობელი უნდა იყოს ის შენთვის. ადამიანმა ღმერთის ერთგულებით უნდა იცხოვროს და დაელოდოს უფლისგან „გამოგზავნილ“ მეუღლეს, რამეთუ „ქორწინება ზეცაში წყდება“-წმ. ილია მართალი.
ჩემ მაგალითზე გეტყვით, მე ოჯახი 29 წლის ასაკში შევქმენი. თუმცა ემოციები ადრეც მქონდა, რასაც ბევრმა შეიძლება სიყვარული დაარქვას. მე ესეთი პრინციპი მქონდა „ღვთის კურთხევა როგორიც მომივა იმის მიხედვით მოვიქცეოდი“, როცა ასეთია შენი სურვილი ღმერთი არ მიგატოვებს, იგრძნობ რომელია სწორი ნაბიჯი და რომელი არასწორი, მაგრამ ადამიანი თუ მთლიანად ემოციებშია ჩავარდნილი უჭირს სწორი გადაწყვეტილების მიღება. ემოცია გონებას აბნელებს, ამიტომ ცივი გონება და ეკლესიური ტრადიციის დაცვაა საჭირო.
მამაო, რაშია ბედნიერი, მშიდი ცხოვრების საიდუმლო?
– ყველაზე მთავარი ცხოვრებაში არის სარწმუნოება. რაც გწამს ის საზღვრავს შენ ცხოვრებას. თუ შენ დიდ სიმდიდრედ მიგაჩნია მატერიალური კეთილდღეობა, მატერიალური კეთილდრეობიდან გამომდინარე საზღვრავ ყველაფერს. თუ შენთვის ჯანმრთელობაა მთავარი, ჯამრთელობიდან გამომდნარე და თუ ღმერთი გიყვარს, მისი სიყვარულიდან გამომდინარე საზღვრავ ყველაფერს და აწესრიგებ შენ ცხოვრებას.
უფალი ამბობს: „მოიპოვეთ სასუფელი და ყოველივე შეგეძინებათ თქვენ“. თუ ადამიანი ღმერთის მცნებებს დაიცავს და მისი ერთგული იქნება, მის თვალწინ ნებისმიერი პრობლემა ამოიხსნება, გაიხარებს მისი გული და სიმშვიდე დაისადგურებს მის ცხოვრებაში.
„სასუფეველი ღვთისა“ არის ღმერთთან ერთობაში და უფალში ცხოვრება. ეს მდგომარეობაა როდესაც ღმერთზე მინდობილი ცხოვრობ, მის სიტყვას ისმენ, ასრულებ და შესაბამისად უფლისგან ხარ დაცული. თუ ადამიანი ღვთის სიტყვას ისმენს, მაგრამ თავისი სურვილებით ცხოვრობს და მინდობილია საკუთარ გონებაზე, აუცილებლად მოსდის შეცდომები. ეს კი ამწარებს ჩვენ ყოფას.
ამიტომ, ყველას ვუსურვებ ყოფილიყვნენ ბედნიერნი, სიხარულითა და სიყავრულით სავსენი, რომელიც მოაქვს ღმერთისადმი ერთგულებას, სიყვარულს და ჩვენ სწორ გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებს ცხოვრებაში.
ესაუბრა
სოფიკო ნინიკოაშვილი