საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტრო დახმარებას გაუწევს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტს, ასევე შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურებს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიას.

მემორანდუმის ხელმომწერები არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა მინისტრი იერონ დიჯსელბლომი.

ხელმოწერის ცერემონიაზე ნიდერლანდების მხარეს წარმოადგენდა ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში პიტერ იან ლანგენბერგი.

 

სინანსთა სამინისტროს ცნობით, მემორანდუმით გათვალისწინებულია როგორც ჰოლანდიელი ექსპერტებისა და ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა საკონსულტაციო ვიზიტები საქართველოში, ისე ქართველი სპეციალისტების სწავლება ჰოლანდიაში.

 

„დღეს ხელი მოვაწერეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს დიდ მეგობარ, ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე მოხდება ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება, მივიღებთ მეთოდურ და მეთოდოლოგიურ დახმარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მსურს მადლობა გადავუხადო ნიდერლანდების მთავრობას, ჩემს კოლეგა ფინანსთა მინისტრს იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც გვაქვს, განსაკუთრებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში. იმედი მაქვს, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

 

„ესაა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც განსაკუთრებულია იმ მხრივ, რომ ჩვენ უკვე გაგვაჩნია წარმატებული ურთიერთობა. სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში ჰოლანდია წლების განმავლობაში წარმოადგენს საქართველოს. ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო დავხვეწოთ და განვავითაროთ ეს პარტნიორობა. ქართველ კოლეგებს გავუზიარებთ გამოცდილებას, ჩვენ გავეცნობით სამინისტროს რეფორმებს, ეს ორხმრივი ურთიერთობა, რომელიც იმედი მაქვს, წარმატებით გაგრძელდება,“ – განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა.

21.06.13

საჯარო ფინანსების მართვა და პროგრამული ბიუჯეტირება, საგადასახადო  პოლიტიკის სრულყოფა, სასაზღვრო კონტროლის რისკებთან დაკავშირებული პრაქტიკის გაცნობა, საგადასახადო დავების განხილვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, კანონის მიღების პროცესში საჯაროობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფის კუთხით ჰოლანდიის მაგალითის გაზიარება – ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების განხილვა იგეგმება ორი უწყების თანამშრომლობის ფარგლებში და მისი მიზანია, პარტნიორობის გაგრძელება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა.

 

 

Please follow and like us: