ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი ხელისუფლებასა და ძალოვან უწყებებს სამ მოთხოვნას უყენებს.
როგორც გიორგი ფარესიშვილმა დღეს “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლება ვალდებულია, რომ მისი პირობები შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფარესიშვილი ერთი კვირის შემდეგ ევროპის რომელიმე ქვეყნისთვის პოლიტიკური დევნილობის თხოვნას აპირებს.
ჟურნალისტი შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის დასჯას, მასთან დაკავშირებული საქმის რეალურ გამოძიებასა და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილის გადადგომას მოითხოვს.
“ჩემი მოთხოვნებია დაისაჯოს გელა ხვედელიძე, არა ისე როგორც ახლა ხდება. ყველამ კარგად იცის, რომ იგი საერთოდ არ დასჯილა და თავისუფლად დასეირნობს ევროპაში, მოხდეს საქმის რეალური და კომპლექსური გამოძიება. კბილაშვილმა და ნაცვლიშვილმა კარგად იციან, რომ გელა ხვედელიძე ამ საქმეში მარტო არ ყოფილა და გადადგეს ლაშა ნაცვლიშვილი იქიდან გამომდინარე, რომ იგი ხელს აფარებს გელა ხვედელიძეს”, – განაცხადა გიორგი ფარესიშვილმა.
მისივე თქმით, საქმეში ასევე მონაწილეობს ორი პირი, ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილია, ხოლო მეორე პირის ვინაობა ფარესიშვილმა ამ ეტაპზე არ დააკონკრეტა, თუმცა დასძინა, რომ იგი საკმაოდ ცნობილი ადამიანია.
მისივე თქმით, დასადგენია მათ გარდა ვინ იღებდა მონაწილეობას ფირის ატვირთვაში.
ჟურნალისტის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას იგი არც კი დაუკითხავს. მისივე თქმით, იმედი ჰქონდა, რომ გამოძიებით დაიდებოდა რეალური შედეგი, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
ხელისუფლებისადმი და ძალოვანი სტრუქტურებისადმი წაყენებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გიორგი ფარესიშვილი რომელიმე ქვეყნისთვის პოლიტიკური დევნილობის თხოვნას აპირებს. ამასთან, ჟურნალისტი გამოეხმაურა სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ ვიდეომასალას.
მისივე თქმით, “საშინელი კადრების” არა მხოლოდ შემსრულებლები არამედ დამკვეთებიც უნდა დაისაჯონ.
21.06.13