პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თურქეთის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორს, ოლივიერ დეკამპს შეხვდა.

დავით უსუფაშვილმა ოლივიერ დეკამპს გააცნო ქვეყნის პოლიტიკური კურსი და პრიორიტეტები, ისაუბრა ეკონომიკური ზრდისა და საფინანსო ინსტიტუტების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე.

ოლივიერ დეკამპმა ხაზი გაუსვა ოქტომბრის არჩევნებისა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის მნიშვნელობას. მან მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს ხელისუფლებას არსებული მიღწევების განვითარებაში და ახალი პროექტების განხორციელებაში.

მისივე თქმით, ახალმა ხელისუფლებამ უნდა შექმნას საინვესტიციო კლიმატი.

,,EBRD-ი ერთ-ერთი დიდი ინვესტორია ქვეყანაში, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით პროექტებს ახორციელებს. EBRD-მა საქართველოსთვის ახალი 3 წლიანი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება, სადაც დეტალურადაა გაწერილი სამომავლო გეგმები“,-განაცხადა ოლივიერ დეკამპმა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თურქეთის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა ასევე ისაუბრა ადგილობრივი კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე.

მან ხაზი გაუსვა სასოფლო-სამეურნეო და ენერგეტიკული პროექტების განვითარების მნიშვნელობას. ოლივიერ დეკამპმა მზადყოფნა გამოთქვა აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტთან, რათა მოხდეს ეკონომიკური მიმართულების საკანონმდებლო პროექტების მაქსიმალურად დახვეწა.

დავით უსუფაშვილმა ოლივიერ დეკამპს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ EBRD-სა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში გადავა.

21.06.13

Please follow and like us: