საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის – ამბასადორიალი-2015 -ის ოფიციალურ გახსნის ცერემონიაში.
ამბასადორიალის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამსადორიალი კარგი შესაძლებლობაა, რათა მთავრობამ საქართველოს ელჩებს გააცნოს ქვეყნის ეკონომიკური კურსი, საინვესტიციო პოტენციალი და ახალი პროექტები, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა.
„ჩვენ ვთხოვთ ჩვენს ელჩებს, რომ მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგნენ და დაგვეხმარონ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაში საზღვარგარეთ,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.