დღეს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და „ბაია გალერეას“ მხარდაჭერით, ირაკლი ფარჯიანის პერსონალური გამოფენა „მარკოზისა და იოანეს სახარება“ გაიხსნება.
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
მხატვრის ოჯახის ინიციატივითა და სურვილით, პირველად საქართველოში, ხელოვნების სასახლეში მოხდება „სახარების“ ირაკლი ფარჯიანის ვერსიის პრეზენტაცია.
ფარჯიანის მიერ, გასული საუკუნის 80-იან წლებში შესრულებული ხელნაწერი წიგნი „იოანეს და მარკოზის სახარება“ თანამედროვე ქართული ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც უკვე XX საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია.
წიგნზე მუშაობის პროცესი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში მიმდინარეობდა, რაც თავის მხრივ, დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან საფრთხეებთან. დასრულებული ხელნაწერის პრეზენტაცია იმ დროისათვის სრულიად წარმოუდგენელი იყო.
შუა საუკუნეების ხელნაწერი წიგნების მსგავსად, ფარჯიანისეული სახარება გაფორმებულია ილუსტრაციებით, თავსართებისა და ბოლოსართების დეკორით, რომელიც კანონიკური იკონოგრაფიითა და მისი საავტორო ინტერპრეტაციით, ერთდროულად ტრადიციულიცაა და ნოვატორულიც.