unnamedაშშ-ს ახლადდანიშნულმა ელჩმა იენ კელიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა.

როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო უწყებიდან აცნობეს, სიგელების ასლების გადაცემის შემდგომ ელჩსა და მინისტრს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა და იენ კელიმ განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

„ტრადიციისამებრ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში მოავლინა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი, 30 წლიანი გამოცდილებით.  დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი კელის ძალიან ღრმა დიპლომატიური გამოცდილება, როგორც ორმხრივი ასევე მრავალმხრივი დიპლომატიის მიმართულებით, კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს შორის, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობთ ბევრი მიმართულებით, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტთან, კონგრესთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, კვლევით ინსტიტუტებთან და ჩვენი მიზანია, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ეს ურთიერთობა. ამერიკის შეერთებული შტატები, ტრადიციულად არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი  ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებში. ჩვენ ვისაუბრეთ ამ მიმართულებით  ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო ინტენსიფიკაციაზე მომავალში.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.  დარწმუნებული ვართ, რომ ის პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დიალოგის სახით, სტრატეგიული პოლიტიკური დიალოგის სახით, კიდევ უფრო გაღრმავდება.

ჩვენი სამინისტროს სახელით, მინდა სრული მხარდაჭერა აღვუთქვა ბატონ კელის მის საქმიანობაში“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს ელჩთან იენ კელისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Please follow and like us: