„თბილისი თაიმსი“ კათოლიკური ეკლესიის ისტორიით, საქმიანობით, არსებული პრობლემებითა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდა. უნდა აღინიშნოს, რომ საუბრის დროს ბევრი პრობლემატური საკითხი გამოიკვეთა, რაც, როგორც ჩვენი რესპოდენტი აღნიშავს უარყოფითად აისახება კათოლიკური აღმსარებლობის მქონე მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ტოლერანტობის ხარისხზე საქართველოში.

რატომ არ აძლევენ კათოლიკებს ქ.რუსთავში ტაძრის აშენების უფლებას? ვინ და რა მიზნით ეწევა  მათ წინააღმდეგ პროპაგანდა-აგიტაციას საქართველოში? რატომ  არ აქვთ, ბეჭდური თუ სატელევიზიო მედია საშუალებებით, საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებელობა? როგორ იყენებენ და ანაწილებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას? ამ და სხვა კითხვებზე მიიღებთ პასუხს ინტერვიუდან, რომელიც  კახეთის რეგიონის კათოლიკურ სამრევლოთა წინამძღვარ, ღვთისმეტყველების დოქტორ, მამა ზურაბ კაკაჩიშვილთან ჩავწერეთ: 

კათოლიკე

მამა ზურაბ, გვიამბეთ კათოლიკურ ეკლესიაზე, რამდენი წესი არსებობს საქართველოში და რა განსხვავებაა მათ შორის?

– საქართველოში არსებობს კათოლიკური ეკლესიის სამი წესი, ესენია: რომაული (ლათინური), სომხური და ასირიულქალდეურისამივე ექვემდებარება რომის პაპს. განსხვავება კი მსახურებაში, ლიტურგიის აღსრულებაშია, თითოეული მათგანი საკუთარ ტრადიციებს ინარჩუნებს. სწავლება გვაქვს ერთი და იგივე, რადგანაც ჩვენ ერთი ეკლესიის, ერთი ოჯახის წევრები ვართ.

გვაქვს ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია.  გვყავს ვატიკანის ელჩი ანუ ნუნციუსი, რომელიც არის ელჩი  საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთდროულად, კათოლიკეთა სიმცირის გამო. ასევე, ლათინური წესის ერთი ეპისკოპოსი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო, რომელიც არის ამ ადმინისტრაციის მმართველი, 22 კათოლიკე მღვდელი, უმეტესობა არიან უცხოელები, ჯერჯერობით ვართ 4 ქართველი მღვდელი (ბოლო ქართველი მღვდელი, მ. კონსტანტინე საფარიშვილი გარდაიცვალა 1973 წელს), ნელ-ნელა ვმრავლდებით. გვყავს სემინარიელები, რომელებიც სწავლობენ ყაზახეთში. ასევე გვაქვს რამდენიმე მონასტერი.

სამივე წესის კათოლიკური ეკლესია საქართველოში არსებულ სამოციქულო ადმინისტრაციას ექვემდებარება?

– არა. ასირიულ-ქალდეური წესი ექვემდებარება ჩვენ მეუფეს, ხოლო სომხურ-კათოლიკურს ჰყავს თავისი ეპისკოპოსი, რომლის რეზიდენცია მდებარეობს სომხეთში. თუმცა ჩვეულებრივ ურთიერთობა  გვაქვს, მაგ. პეტრე-პავლეს რომაულ კათოლიკურ ტაძარში კვირაობით სომხური წირვა ტარდება, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, სომეხ კათოლიკეებს თბილისში ჯერჯერობით ტაძარი არა აქვთ.

რამდენი ხანია რაც რომაულკათოლიკური ეკლესია ფუნქციონირებს საქართველოში? და რატომ მოხდა კათოლიკებისა და მართმადიდებლების გაყოფა?

– ქრისტიანობა, რომ შეიქმნა მაშინ არ ყოფილა არც კათოლიკობა და არც მართლმადიდებლობა. ქრისტეს მიერ მოციქულებზე დაფუძნებული ეკლესია პირველ საუკუნეში  იყო ერთი ეკლესია, რომელსაც ერქვა ქრისტიანული ეკლესია. ვიცით კარგად, რომ  მოციქულთა თავი  პეტრე, რომელიც რომში აღესრულა მოწამეობრივი სიკვდილით,  იყო ამ ქალაქის პირველი ეპისკოპოსი, პირველი რომის პაპი.

 შუა საუკუნეებში განხეთქილება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის თანდათანობით გაღრმავდა. ენობრივმა გაუცხოებამ (ლათინები და ბერძნები ერთმანეთთან ხშირად თარჯიმნის გარეშე ვეღარ საუბრობდნენ), კულტურულმა და მსოფლმხედველობითმა განსხვავებებმა, პოლიტიკურმა მისწრაფებებმა, ნაპრალი გააღრმავა, იმდენად, რომ შემდგომში უმცირესი განსხვავებებიც, მანამდე რომ უპრობლემოდ არსებობდა, გახდა დაპირისპირების საბაბი (მაგ.: წვერის ტარება და გაპარსვა, მღვდლების ცოლიანობა და ცელიბატი, წირვისათვის გამოყენებული ღვინის ფერი). ერთ-ერთი ამ განსხვავებებიდან იყო ევქარისტიული პური: გაფუებული უნდა ყოფილიყო ის, როგორც ამას ბერძნები აკეთებდნენ, თუ ხმიადი, საფუარის გარეშე, ლათინების მსგავსად. საგულისხმოა დიდი ქართველი წმიდანის, ათონის მთაზე მოღვაწე ბერის გიორგი მთაწმინდელის პოზიცია, რომელიც 1054 წლის სქიზმის შემდეგ ესარჩლება ლათინებს, უფუარი პური გამოიყენა მაცხოვარმა საიდუმლო სერობაში და რომაული წესი უფრო ერთგულიაო, მას არასოდეს გაჰკარებია ერესიო.

სხვა ხელოვნურად შექმნილი „განსხვავება“ უკავშირდება სულიწმიდის გამოსვლის რწმენას: 589 წლიდან დასავლეთში არსებული ფორმულა „რომელი მამისაგან და ძისაგან გამოვალს“ (ფილიოკვე) საუკუნეების მანძილზე არსებობდა ეკლესიაში და ის არცერთ მსოფლიო კრებას არ დაუყენებია ეჭვქვეშ, თუმცა II ათასწლეულში აღმოსავლეთში იქცა ლათინების წინააღმდეგ ჩხუბის საბაბად.

მეტად საგულისხმოა ის ფაქტია, რომ არც მე-11 საუკუნის სქიზმა და არც რომელიმე „სადაო“ საკითხი არ ყოფილა მსოფლიო კრების მიერ განხილული და დაგმობილი. მეტიც, ფლორენციის კრებაზე ამ საკითხებზე სრული თანხმობა დაფიქსირდა და მხოლოდ თურქეთისა და რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს შეეწირა ეკლესიის ერთობა.

ხშირად სვამენ ამ კითხვას: როდის  შემოვიდა კათოლიკობა საქართველოშიო? ის  არ შემოსულა, ის იყო პირველ საუკუნეებიდანვე. ის, რაც  წმ. ნინომ იქადაგა საქართველოში ეს იგივე კათოლიკობაა.  რაც მე-11 საუკუნემდე იყო ქრისტიანობა ის გაგრძელდა. მრწამსში ვაღიარებთ: „მრწამს ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“. აი, რას ნიშნავს მართლმორწმუნე, მართლმადიდებელი რწმენა. არაფერია ქრისტეს ეკლესიისთვის იმაზე უცხო, ვიდრე „ჩემი ეზოს ეკლესია“. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, კათოლიკე ეკლესიაში ვხედავთ ნამდვილ მართლმადიდებლობას და ამიტომაც არ შეგვიძლია არ ვიყოთ მის წიაღში. რომი რომია არა იმის გამო, რომ ის საიმპერატორო ქალაქი იყო, არამედ იმის გამო, რომ ის მორწყულია პეტრე მოციქულის სისხლით. მასთან თანაზიარებაა ქრისტეს ეკლესიაში ყოფნის მთავარი გარანტი. ეს თანაზიარება არსებობდა საქართველოს ეკლესიაში პირველ ათასწლეულში და ის არ გაწყვეტილა 1054 წლის სქიზმით. საქართველო აღმოჩნდა რომისაგან იზოლირებული გაცილებით გვიან, რასაც მოჰყვება ჩვენთან მისიონერების შემოსვლა. თავად, საქართველოს კათალიკოს პატრიარქიც ეთანხმება ამ ისტორიულ ჭეშმარიტებას და არაერთხელ უთქვამს, რომ არ არსებობს რომსა და საქართველოს გათიშვის ოფიციალური დოკუმენტი. მხოლოდ ბერძნულ-რუსული მისწრაფებების შედეგია დღეს დღეისობით საქართველოში გავრცელებული ანტიკათოლიკური განწყობა.

ლათინური წესის მისიონერები საქართველოში რუსუდანის დროს იწყებენ მოღვაწეობას. გიორგი ბრწყინვალის დროს სმირნის საეპისკოპოსო კათედრა თბილისში გადმოაქვს რომის პაპს. მე-16 საუკუნეში ხდება წყვეტა, საქართველოს მძიმე მდგომარეობის გამო. მე-17 საუკუნეში კი მისიონერები კვლავ ანახლებენ მოღვაწეობას და დღემდე კათოლიკე ეკლესია ჩვენს ქვეყანაში სახეზეა. კომუნისტების დროს ყველა ეკლესია დაიკეტა გარდა ამ ტაძრისა, ესაა წმიდა პეტრე-პავლეს კათოლიკური ტაძარი რომელიც თბილისში, ი. ჯავახიშვiლის ქუჩაზე მდებარეობს. დღეს დღეობით საქართველოში კათოლიკეების უმეტესი ნაწილი ცხოვრობს მესხეთში.

12059162_869292216501170_697317944_o

დღევანდელი მონაცემებით რამდენია თქვენი მრევლი?

– საქართველოს მასშტაბით  დაახლოებით 50 000 მორწმუნე გვყავს.

რა პრობლემების წინაშე დგას დღეს კათოლიკური ეკლესია?

– პრობლემები არის ბევრი. მოკლედ რამდენიმე პუნქტად ჩამოვთვლი:

   I. ოცდახუთიოდე წლის წინ მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაიკავა 6 კათოლიკური ტაძარი. სხვადასხვა რეგიონებში: ბათუმში, ძველ ეკლესიას რომ ვეძახით, ნეოგოთური სტილისა. ძალიან ლამაზი ეკლესიაა. ერთი შეხედვითაც  მიხვდები, რომ კათოლიურია. ქუთაისში, ცენტრში, სადაც ამჟამად სასულიერო სასწავლებელია, თეატრის უკან. გორში, რომელიც  გორის ციხესთან მდებარეობს. მესხეთში სამი: ადიგენის რაიონში, უდისა და ბუზმარეთის, და ახალციხის რაიონში სოფ. ივლიტას ეკლესიები. წართმევა სხვადასხვა ფორმით მოხდა. სამწუხაროდ ზოგიერთი ტაძარი გადაკეთდა და შიდა თუ გარე იერსახის ცვლილება განიცადა. ჩვენ ვცდილობთ დიალოგის გზით, როგორც ქრისტიანებს შეჰფერით, დავიბრუნოთ ისინი, მაგრამ ვერ ვახერხებთ. ოციოდე წლის წინ შეიქმნა ერთობლივი კომისიაც, მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიებიდან ოთხ-ოთხი წარმომადგენელით, მაგრამ ის ჩაიშალა.  როცა ეკლესიების  დაბრუნებაზე მიდგა საქმე მეორე მხარემ არ მოისურვა ამაზე საუბარი. ასე, რომ დღეს დღეობით ეს ეკლესიები წართმეულია,

    II. მეორე არის ის, რომ კათოლიკეები შევიწროებულნი ვართ, მაგ. ეკლესიების აშენების ნებას არ გვაძლევენ. დღეს ყველაზე აქტუალურია ქ. რუსთავში  მომხდარი ფაქტი. თითქმის უკვე 2 წელია რაც ტაძრის ასაშენებლად ყველა საჭირო დოკუმენტაცია მზადაა,  არადა სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება იმის გამო, რომ   ქალაქის მერი არ აწერს ხელს. ამ ქალაქში მესხეთიდან გადმოსული მრავალი კათოლიკური ოჯახი მკვიდრობს, მათთან შეხვედრა უტაძრობის პირობებში რთულდება, მიმდინარეობს მათი სისტემური გადაბირება: „ქართველი ხარ, არჩევანი არა გაქვს, მართლმადიდებელი უნდა იყო“. ამგვარ პროპაგანდას უფროსი თაობის ხალხი უძლებს, ახალგაზრდები კი ნაკლებად. კომუნისტური პერიოდის შემდეგ, საქართველოში პროზელიტიზმს განვიცდით სწორედ ჩვენ, ქართველი კათოლიკეები.

    III. ასევე, მიდის აგიტაცია კათოლიკეთა წინააღმდეგ. ეს ახალი არაა, წლების განმავლობაში ასე ხდება. იმის გამო, რომ მართლმადიდებლური ეკლესია არ აღიარებს არც კათოლიკურ,  არც სხვა ქრისტიანული ეკლესიების ნათლობას და თვლის, რომ თავადაა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია, ეწევიან აგიტაციას: თითქოს კათოლიკე მოხვდება ჯოჯოხეთში, ვერ გადარჩება. სკოლიდან იწყება  ეს პროცესი, მაგ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც რელიგიის მასწავლებელი აძალებს კათოლიკე ბავშვს პირჯვარი გადაიწეროს მართლმადიდებლურად. იყო შემთხვევა, როცა მესამე კლასის მოსწავლეს მასწავლებელი ამის გამო, ფიზიკურად შეეხო.  ეს ცნობილი ფაქტია. მაშინ სახალხო დამცველიც კი ჩაერია და სიტუაცია განიმუხტა. სასწავლებლებშიც, ახალციხის უნივერსიტეტში ყოფილა შემთხვევები, როცა ზოგიერთი პროფესორი აუდიტორიაში მყოფ კათოლიკე სტუდენტს ამცირებს, რატომ ხარ კათოლიკეგადმოინათლე! კარგ ნიშანს არ უწერენ, რადგან კათოლიკეა.

ამით ძირითადად ახალგაზრდები ზარალდებიან. მაგ. კათოლიკე გოგოს თუ შეუყვარდა მართლმადიდებელი ბიჭი და თუ ჯვრისწერა ტარდება მართლმადიდებლურ ეკლესიაში, როდესაც მართლმადიდებელი მღვდელი გაიგებს ამას, ის ჯერ გადანათლავს ანუ მეორედ მონათლავს კათოლიკე გოგონას და შემდეგ დასწერს ჯვარს. ჩვენთვის ეს მიუღებელია. რადგანაც ჯერ ერთი ნათლობა ცხოვრებაში ერთხელაა, გადანათვლა დიდი ცოდვაა და, მეორეც, მე რა უფლება მაქვს დავაძალო ვინმეს გინდა თუ არა ჩემი რწმენის გახდეს?

   IV. ზოგჯერ არის პრობლემები სამსახურშიც, როცა აიძულებენ გახდნენ მართლმადიდებლები თუ უნდათ წარმატება ჰქონდეთ  და არ  დაკარგონ  სამსახური.

   V. იყო ადრე ასეთი შემთხვევაც, რომ გვინდოდა გაზეთში გამოგვექვეყნებინა რაღაც, ჩვენი აზრი დაგვეფიქსირებინა, მაგრამ არ მოგვეცა შესაძლებლობა. ტელევიზიამდე მისვლაც რთულია ჩვენთვის, იშვიათი გამონაკლისის გარდა.

12060062_869292489834476_1031861605_o

მამა ზურაბ, სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– ვცდილობთ ყველასთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა, მაგრამ როცა მეორე მხრიდან მოდის ცივი უარი, როცა არ სურთ, ძნელია. უკვე ას წელზე მეტია, მსოფლიო მასშტაბით, წელიწადში ერთხელ, 18-დან 25 იანვრამდე, ერთკვირეული ლოცვა ტარდება ქრისტიანთა ერთობისათვის, სადაც ვეპატიჟებით ყველა ქრისტიანულ აღმსარებლობას, მაგრამ მართლმადიდებლები არ ესწრებიან ამ მსახურებას. მათგან, როგორც ზემოთ ვთქვი, მოდის ცივი უარი. ისინი ამბობენ, რომ რადგან ჩვენ არ ვართ ერთი ეკლესია,  არ შეგვიძია „მამაო ჩვენოს“ ერთად ლოცვა. ჩვენ ვამბობთ,  სწორედ ამიტომ მოდით  ვილოცოთ, რათა აღმოვაჩინოთ რა გვაქვს საერთო. არადა ყველაზე ახლოს მართლმადიდებლები და კათოლიკენი ვართ ერთმანეთთან რწმენისა და ეკლესიის საერთო ხედვით. მე, როგორც ქართველ კათოლიკე მღვდელს, რომელიც აქ გავიზარდე გული მტკივა, რომ ჩანს თითქოს ქრისტიანობა ჩვენ გვყოფს, არადა ქრისტე მოვიდა რათა გაყოფილი ხალხი გაგვაერთიანოს. გვსურს ერთად დავსხდეთ, დავილაპარაკოთ. ალბათ მოვა ამის დროც. რაკი იესომ ილოცა ერთობისათვის, ჩვენც გვსურს ვთხოვოთ უფალს ეს მადლი.

სხვა რელიგიურ მიმდინარეობებთან ერთად რაიმე ღონისძიებებს ხომ არ ატარებთ?

– ტარდება ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციები. მართლმადიდებლებზე სულ ცუდის თქმაც არ მინდა. ბიოეთიკაში გვაქვს თანამშრომლობის დიდი მიღწევებიამ სფეროში ერთმანეთს ვეთანხმებით, რომ დაუშვებელია ინვიტრო განაყოფიერება, აბორტები, სუროგატული დედობა და ა.შ.

გვაქვს კათოლიკური სასწავლებელი, სულხანსაბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი. ამ წლის აგვისტოში მოვაწყვეთ სტუდენტებისა და ახალგაზრდებისათვის ერთკვირიანი ბიბლიური საზაფხულო სკოლა და აქ იყვნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ახალგაზრდები.

ჩვენი ეპისკოპოსი რეგულარულად ხვდება სხვა აღმსარებლობების ლიდერებს. ვართ სახალხო დამცველთან არსებული რელიგიურ უმცირესობათა საბჭოს წევრი.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს, როგორ იყენებთ და ანაწილებთ?

– იმის გამო, რომ სახელმწიფომ ჩვენი ეკლესიაც აღიარა იმათ სიაში, ვინც კომუნისტურ პერიოდში დაზარალდა, და ამგვარად ისურვა სიმბოლურად ზარალის ანაზღაურება, გადავწყვიტეთ მიგვეღო ეს თანხა იმ კათოლიკეთა ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, ვინც იტანჯა იმ დროს.

მიღებული თანხის უმეტესი ნაწილი, ეპისკოპოსის გადაწყვეტილებით, გადაირიცხა “საქართველოს კარიტასში”, ეს არის კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაცია, როგორც მართმადიდებლური კათარზისი. ეს თანხა ძირითადად ღარიბებისთვისაა განკუთვნილი. ასევე ხმარდება ბავშვთა ახალგაზრდულ ცენტრებს. ნაწილი სამრევლოებში ეკლესიების სხვადასხვა საჭიროებისთვის მღვდლებს გადაუნაწილდა. ახალგაზრდული შეხვედრებისთვის საჭირო ტექნიკის შესაძენადაც ვიყენებთ.

მამა ზურაბ, სანამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებდით დაფინანსებას რის ხარჯზე ეწეოდით ამ საქმიანობას? რის ხარჯზე ატარებდით ამ ღონისძიებებს, პროექტებს?

– როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჩვენთვის ეს თანხა არაადაფინანსება“, არამედკომპენსაცია“. ეკლესიის საქმიანობათა უმეტესობა დაფინანსებულია სხვა კათოლიკე ეკლესიების თანადგომით. ჩვენ, მღვდლებსაც არა გვაქვს ხელფასი, მაგრამ ვცხოვრობთ შემოწირულობებით და იმით, რითაც ეპისკოპოსი გვეხმარება საჭიროების შემთხვევაში.

როგორი ურთიერთობა გაქვთ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  სააგენტოსთან? როგორ შეაფასებდით მათ საქმიანობას?

– როგორც  ვიცი, სააგენტოს მიზანია დააკავშიროს სახელმწიფო და აქ არსებული რელიგიები. ჩვენ ვთხოვეთ დახმარება, ქ. რუსთავში ეკლესიის აშენებასთან  დაკავშირებით, მაგრამ ჯერჯერობით მათი დადებითი პოზიცია ტაძრის აშენებასთან დაკავშირებით უშედეგოა.

დადებითია ის, რომ არის მცდელობა ყველა რელიგიის წარმომადგენელს მოგვეცეს შესაძლებლობა დავსხდეთ და ვისაუბროთ პრობლემებზე.  თუკი სააგენტო ამ ფუნქციას იტვირთებს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.

12076234_869292383167820_1167194508_o

სახელმწიფო იჩენს თუ არა ყურადღებას თქვენი ეკლესიის მიმართ?

– არის შემთხვევები ჩვენ დღესასწაულებზე (მაგალითად, შობის ღამეს),  მთავრობის წარმომადგენლები მოდიან  და ესწრებიან მსახურებას. ეს უნდა იყოს განწყობა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იქნება საგრძნობი და გამოვლინდება უფრო კონკრეტული ნაბიჯებით.

თქვენი აზრით, ქართულ საზოგადოებაში რამდენად არის ტოლერანტიზმი და რელიგიური თავისუფლება? და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აღმოიფხვრას პრობლემები?

– ბოლომდე ტოლერანტობა არ არის, რადგან არსებობს ის პრობლემები, რომელიც ჩამოვთვალე. ისტორიას თუ გადავხედავთ, კათოლიკეებმა ბევრი სასიკეთო გააკეთეს საქართველოსთვის, თუნდაც ავიღოთ: სულხანსაბა ორბელიანი, ასევე  მიხეილ თამარაშვილიივანე გვარამაძე (ვინმე მესხი)მიხეილ თარხნიშვილი, ესენი ყველანი კათოლიკე მღვდლები იყვნენ. მრავლად იყვნენ სხვა საერონიც, მაგ. ძმები ზუბალაშვილები, ფალიაშვილი, ოცხელი და სხვა მეცნიერებისა თუ კულტურის მოღვაწენი, რომელთაც დიდი წვლილი შეჰქონდათ საქართველოს ცხოვრებაში. მე, სხვა დღევანდელ ქართველ კათოლიკეებთან ერთად მეამაყება, რომ ვაგრძელებ მათ დაწყებულ საქმეს, რადგან ღვთიური სიყვარული გვიბიძგებს შევიყვაროთ ჩვენი სამშობლო.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? რისი გაკეთება გსურთ თქვენი ეკლესიის და მრევლის სასიკეთოდ?

– ის, რაც ყოველდღიურია ხალხს ვასწავლით სიყვარულს. გიყვარდეს მოყვასი, ვითარცა საკუთარი თავი, ამბობს უფალი,  განურჩევლად ერისა, რწმენისა, ასაკის. ეს არის ჩვენი მიზანი. რადგან გვსურს, რომ ყოველ მორწმუნეს გააზრებული ჰქონდეს თავისი რწმენა და პასუხისმგებელი იყოს მასზე.

ესაუბრა

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Please follow and like us: