უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან დიალოგი გრძელდება. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური განაგრძობს ბიზნეს სექტორთან შეხვედრებს. 29 სექტემბერს სს “ქართული ლუდის კომპანიაში“ გასვლითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა არააქციზური პროდუქციის ელექტრონულ მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები გახდა. როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა მწარმოებელ კომპანიათა თხოვნა და სეზონურობასთან დაკავშირებით მარკირების დაწყების თარიღი 1 ნოემბრამდე გადაავადა.
საწარმოს წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრს და მედიას აჩვენეს ქარხანაში დამონტაჟებული მარკირებისთვის საჭირო აპარატურა და პროცესი, თუ როგორ მოხდება პროდუქციის მარკირება.
ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მთავრობის ამოცანაა: აღნიშნულ სფეროში მოწესრიგდეს აღრიცხვა, ბიზნეს არ შეექმნას დამატებითი ბარიერები და მარკირების გამო არ გაძვირდეს პროდუქცია.