ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, “ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებით საპრეტენზიო წერილის მიღება მოულოდნელი იყო. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
“გულწრფელად მინდა გითხრათ, მოულოდნელი იყო საპრეტენზიო წერილის მიღება “ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებით, რომ კომპანიაში ყაზახური მმართველობა შევიდეს, რადგან ჩვენ ორმხრივი მოლაპარაკების პროცესში ვიმყოფებით”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო არ არის წინააღმდეგი ყაზახური მხარის მენეჯმენტში დაბრუნების.
“გარკვეული პრობლემები იყო ფინანსთა სამინისტროებს შორის და ზუსტად ამ დეტალებზე არის მოლაპარაკებები. მე ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს დარეგულირდება და არბიტრაჟურ დავამდე არ მივა საქმე”, – განაცხადა კალაძემ.
კომპანია “ყაზტრანსგაზმა” ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს. აღნიშნული ინფორმაცია ყაზახურ მედიაში, კომპანია “ყაზტრანსგაზზე” დაყრდნობით გავრცელდა.