რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე ახალი იერიშები მიიტანა. როგორც BBC-ი სირიელ აქტივისტებზე დაყრდნობით იტყობინება, რუსულმა ავიაციამ პროვინცია ჰამა და იდლიბი, ასევე ალეპო დაბომბა.
ავიაიერიშების პარალელურად, სირიის არმიამ სახმელეთო ოპერაცია ჩაატარა.
როგორც ადამიანის უფლებების სირიის სადამკვირვებლო საბჭოს დირექტორმა რამი აბდელ რაჰმანმა განაცხადა, პირველად 30 სექტემბრის შემდეგ, რუსული ავიაციის იერიშების პარალელურად სახმელეთო ბრძოლები გაიმართა.
რუსეთმა სირიაში ავიადარტყმების მიტანა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თხოვნით დაიწყო. მოსკოვში აცხადებენ, რომ მათი მთავარი სამიზნე – “ისლამური სახელმწიფოა”, თუმცა დასავლეთში ეჭვობენ, რომ სინამდვილეში რუსეთი ასადის ოპონენტების პოზიციებს ბომბავს.
სირიაში არსებული ვითარების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებს ამერიკელ სამხედროებთან გამართავს.
ეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მიმართვის საფუძველზე, რუსეთის სამხედრო ავიაციამ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციების განხორციელება დაიწყო.