ხვალ, შექსპირის სახელობის გდანსკის თეატრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პოლონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან და საპატიო სტუმრებთან ერთად, ქართული კულტურის დღეების გახსნის ცერემონიას დაესწრება.
ქართული კულტურის კვირეული 9-16 ოქტომბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით პოლონეთში გაიმართება.
ერთი კვირის განმავლობაში, ქალაქ გდანსკში ჩასული დამთვალიერებელი ქართული კულტურის თითქმის ყველა დარგს გაეცნობა – თეატრი, კინო, ხალხური ცეკვა და მუსიკა, მხატვრობა და ფოტოხელოვნება ქართული კულტურის დღეების ფარგლებში იქნება წარმოდგენილი.
კვირეული რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლით – „ქალი ძაღლით“ (ანტონ ჩეხოვი) გაიხსნება, გდანსკის თეატრის სააქტო დარბაზში კი მოეწყობა გამოფენა – „ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი“. დამთვალიერებლებს ქართული ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობაც ექნებათ.
კულტურის კვირეულის ფარგლებში, ასევე გაიმართება ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის კონცერტები, წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ქართული სპექტაკლი, მოეწყობა სხვადასხვა ტიპის გამოფენა და კინოჩვენება, ვორკშოპები და მასტერკლასები ქართული პოლიფონიური სიმღერის შესახებ. ღონისძიებების პარალელურად გაიმართება ქართული სამზარეულოს დეგუსტაცია.