2016 აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ჩვენ ყველა ალბათ კარგად ვაცნობიერებთ, რომ იმას თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი ცივილიზებული მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობის გაღრმავება. თუ რა მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიძლება მოახდინოს გამარჯვებულმა კანდიდატმა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში; აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე არის თუ არა დამოკიდებული საქართველოს ნატოში ინტეგრაცია; რომელ კანდიდატს აქვს გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი; ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე The Tbilisi Times გერმანიაში მოღვაწე პოლიტოლოგს, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერ–თანამშრომელს – ბიძინა ლებანიძეს და ექსპერტს პოლიტიკის საკითხებში – სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
„რთული სათქმელია რა გარდატეხა შეიძლება მოახდინონ საქართველოსა და ამერიკის ურთერთობაზე წარდგენილმა კანდიდატებმა არჩევის შემთხვევაში. თქვენი შეკითვის დროს ძირითადად რესპუბლიკელი კანდიდატები ჩამოთვალეთ. (ჰილარი კლინტონი, ჯეფ ბუში (ჯორჯ ბუშის ძმა), ნიუ-ჯერსის გუბერნატორი – კრის კრისტი და სენატორები – მარკო რუბიო, რენდ პოლსი და ტედ კრუზი, კონგრესმენები – პოლ რაიანსი და ბენ კარსონი) მათი უმეტესობა დღეს კრიტიკულად არის განწყობილი პუტინის რუსეთის მიმართ და ობამას ადმინისტრაციის რბილ პოლიტიკასაც აკრიტიკებენ. თუმცა ვინ როგორ მოიქცევა გაპრეზიდენტების შემთხვევაში არავინ იცის. ზოგადად, 2008 წლის შემდეგ, აშშ–საქართველოს ურთიერთობები სტაბილური საშუალო ტემპებით ვითარდება. მანამდე, ჯ. ბუში უმცროსის დროს იყო მნიშვნელოვანი გარღვევა ურთიერთობებში, რაც რამდენიმე სუბიექტური ფაქტორით იყო გამოწვეული. მაშინ გადამწყვეტი ფაქტორი იყო 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ რომელიც დროში კარგად დაემთხვა ბუშის ადმინისტრაციის ნეოკონსერვატიულ იდეოლოგიას მსოფლიოში დემოკრატიის ძალისმიერი გზებით გავრცელების შესახებ. ამას დაერთო მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის უცხოელებთან ურთიერთობების შესანიშნავი უნარი, რამაც აშშ-საქართველოს ურთიერთობებს პერსონიფიცირებული ხასიათიც შემატა. ობამას მოსვლის შემდეგ კი მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა. პერსონალური და იდეოლოგიური ბმები აშშ–სა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის მოიშალა. ვერც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ვერც „ქართულმა ოცნებამ“ ობამას ადმინისტრაციასთან პიროვნული კავშირების გაბმა ვერ მოახერხეს. შესაბამისად, ურთიერთობები ერთგვარი სტაგნაციის ფაზაში შევიდა. შეიცვლება თუ არა დღევანდელი მდგომარეობა აშშ-ს არჩევნების შემდეგ, ბევრად იქნება დამოკიდებული როგორც თვით არჩევნების შედეგებზე, ისე საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე და მის „მარკეტინგულ“ ნიჭზე, რათა რაც შეიძლება პრიორიტეტულად წარმოაჩინოს საქართველოს მნიშვნელობა აშშ-ს ახალ ადამინისტრაციასთან ურთიერთობაში.
როგორც ამერიკელი ჟურნალისტი მარკ მალენი წერდა, ყველაზე ხელსაყრელი წარდგენილი კანდიდატებიდან შეიძლება ჰილარი კლინტონის გამარჯვება იყოს. „კლინტონი საქართველოში ნამყოფია და ქვეყანას და მის პრობლემებს კარგად იცნობს. მას ობამასგან განსხვავებით, ე.წ. ქორის რეპუტაცია აქვს, ანუ ის ყოველ სიტუაციაში მშვიდობას არ ამჯობინებს ომს, და როგორც თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა ამერიკაში, ისიც ღრმა ეჭვით უყურებს პუტინს.“ მარკ მალენი მოგეხსენებათ საქართველოში NDI-ს ხელმძღვანელობდა ერთი პერიოდი, NDI კი დემოკრატიულ პარტიასთან დაახლოებული ფონდია, შესაბამისად მისი სიმპათიები კლინტონის მიმართ, რომელიც დემოკრატების კანდიდატია, ლოგიკურია. ის, რომ კლინტონი საქარველოში ნამყოფია, ბევრს არაფერს ნიშნავს. ასე ტრამპიც ბევრჯერ არის აქ ნამყოფი. ასევე, რამდენად „ქორი“ იქნება კლინტონი როგორც პრეზიდენტი, ძნელი სათქმელია. ფაქტია რომ, სახელმწიფო მდივნად ყოფნის დროს, რაიმე არსებითი გარდატეხა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში არ შეუტანია. თუ მაინცადამაინც „ქორობის“ კრიტერიუმს ვანიჭებთ მნიშვნელობას, მაშინ აშშ-ს დღევანდელი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი კლინტონზე არანაკლები „ქორია“ და საქართველოსაც მშვენივრად იცნობს. ასევე ისიც გავიხსენოთ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ აშშ–ს მიერ საქართველოსთვის ერთ მილიარდიანი დახმარების ინიციატორი სწორედ ბაიდენი იყო. ამიტომ, თუ ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მართლაც გადაწყვეტს, რაზეც ბოლო დროს ბევრს საუბრობენ, შეიძლება იგი ერთ–ერთი ყველაზე მისაღები კანდიდატი იყოს საქართველოსთვის.
ხოლო რაც შეეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და აშშ-ს არჩევნების შედეგებს, საქართველოში ნატო–ში ინტეგრაცია მარტო აშშ–ზე არ არის სამწუხაროდ დამოკიდებული. 2008 წელს ე.წ. მაპ-ის მოცემის საკითხი ძირითადად გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკეს აშშ-ს სურვილის წინააღმდეგ. მას შემდეგ სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, ახალმა ადმინისტრაციამ შეიძლება უფრო გააქტიუროს საქართველოს საკითხი ნატო-ში, მაგრამ ნატოს სხვა ქვეყნებთან კონსენსუსის გარეშე კვლავ არაფერი გამოვა. საბოლოოდ ყველაფერი ვაჭრობის საგანია, ნატოს შიგნითაც და მის გარეთაც. ჯ. ბუში უმცროსის ადმინისტრაციამ 2008 წელს დახარჯა ზუსტად იმდენი დიპლომატიური რესურსი საქართველოზე, რამდენადაც მას ჩვენი ნატოში გაწევრიანება უღირდა და სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. ალბათ უფრო პრიორიტეტული, რომ ყოფილიყო მისთვის საქართველო, მეტი რესურსი დაიხარჯებოდა და შედეგიც უკეთესი იქნებოდა. ობამას ადმინისტრაციის დროს, საქართველომ კიდევ უფრო დაბლა ჩაინაცვლა პრიორიტეტების სიაში. შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ბუშის დროინდელ სტატუსს თუ დავიბრუნებთ, ეს უკვე ერთგვარ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს“.
„აშშ-ს ახალი პრეზიდენტი გახლავთ პერსონა რომლის მიმართაც სერიოზული დამოკიდებულება აქვს მთელ მსოფლიოს. ამერიკის პრეზიდენტის წარმატება ასოცირდება ცივილიზებული მსოფლიოს წარმატებასთან. მას შემდეგ რაც დასრულდება წინა საარჩევნო მღელვარება, ცხადია დამარცხებული კანდიდატი ნაკლები ინეტრესის სფეროში მოექცევა. რაც შეეხება გამარჯვებულ კანდიდატს, მანამდე მის მიმართ არსებული დამოკიდებულების მიუხედავად, ის გახდება პიროვნება რომლის განწყობასა და გადაწყვეტილებას გავლენა ექნება ჩვენი პლანეტის დიდ ნაწილზე. აზრი, რომ ჰილარი კლინტონი კარგად იცნობს საქართველოს და ის წარდგენილი კანდიდატებიდან ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელია, ზედაპირზე დევს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ქალბატონი კლინტონის საქმიანობას ადევნებდნენ თვალყურს, როდესაც ის აშშ–ს სახელმწიფო მდივანი იყო. იგი არაერთხელ სტუმრობდა საქართველოს და ზოგადად გამოირჩეოდა არნახული აქტივობით როგორც სახელმწიფო მდივანი. მას პრაქტიკულად არ დაუტოვებია რეგიონი, რომელსაც არ ესტუმრა. ასევე განსხვავებით ბევრი პოლიტიკოსისაგან ის სრულიად მკაფიო იყო საკუთარი შეფასებების გაჟღერებაში. ის არ ცდილობდა რაიმე ფრაზებით შეელამაზებინა კრიტიკული დამოკიდებულება ამა თუ იმ ფაქტის მიმართ. ჰილარი კლინტონი საკუთარი კეთილგანწყობით ხიბლავდა ნებისმიერ მის მასპინძელს. ის ყოველთვის თავად ინტერესდებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებით, ამიტომ მისი მხრიდან მათი საფუძვლიანი ცოდნა ბუნებრივიცაა. ამასთანავე უკრაინაში მიმდინარე პროცესების დროს, ის ყველაზე მწვავე განცხადებებით გამოიჩეოდა პუტინის მიმართ. რაც შეხება დონალტ ტრამპის კანდიდატურას, დონალტ ტრამპი საკმაოდ ექსცენტრიული ფიგურაა იმისათვის, რომ სოლიდური პოლიტიკური თანამდებობა დაიკავოს. იგი დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ პოპულარობით, რომელსაც ის როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი მოიხვეჭს. მას ადრეს ჰქონდა მსგავსი მცდელობა და კმაყოფილი იყო იმ ფაქტით, რომ მას იცნობებ და ახსოვთ. როგორც ჩანს შემდეგ ეს ყველაფერი დადებითად აისახება მის ბიზნესზე. ასე, რომ ეს უფრო ბიზნეს პროპაგადნაა, ვიდრე რეალური მცდელობა პრეზიდედენტობისა.
ტრადიციულად ამერიკის მოსახლეობა ორი ვადის შემდეგ ცდილობს შეცვალოს გამარჯვებული პარტია და მისი კონკურენტი იხილოს უმაღლეს თანამდებობებზე. მხოლოდ განსაკუთრებული წარმატების პირობებშია შესაძლებელი, რომ ორი ვადით ხელისუფლებაში მყოფი პარტია მესამედაც აირჩიონ. ახლა მათ ბევრი სასაყვედირო ხელისუფლების მიმართ არაფერი აქვთ. უბრალოდ ისინი ითვალისწინებენ იმ საფრხეს, რომელიც შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში თუ მათ ქვეყანას შეუცვლელი პოილიტიკური ძალა მართავს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 2016 წლის არჩევნებში მაინცდამაინც რესპუბლიკური პარტია უნდა იყოს გამარჯვებული. პრაგმატული ამერიკელი ამომრჩეველი აუცილებლად გაითვალისწინებს პირად თვისებებსა და დამსახურებებს იმ კანდიდატისა, რომელიც წარმოდგენილი იქნება ამა თუ იმ პარტიის მიერ. ახლა კი როგორც ვიცით მხოლოდ 2 პარტიაა წარმოდგენილი.
რაც შეეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, ვინც არ უნდა გახდეს აშშ–ს პრეზიდენტი, ნებისმიერ შემთხვევაში ნატოში ჩვენს გაწევრიანებაზე მთავარი სიტყვა ეკუთვნის სწორედ აშშ–ს. ამდენად, ჩემთვის უფრო სასურველია, რომ საქართველოს მცოდნე პიროვნება გახდეს აშშ–ს პირველი პირი ვინდრე ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ყური აქვს მოკრული ჩვენი არსებობის შესახებ და სიღრმეებში არასოდეს ჩაუხედავს. საქართველოში ერთი ხელისუფლება, რომ ყოფილიყო აქამდე არანაირი გაუგებრობა არ იქნებოდა ქართულ და ამერიკულ ხელისუფლებებს შორის. თუმცა 3 წელია უკვე რაც ორხელისუფლებიანობის ელემენტები გაჩნდა ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ზოგჯერ ევროპელებიც და ამერიკელებიც იბნევიან. მითუმეტეს, როდესაც მათთვის ინფორმაციის მიწოდების მთავარი წყარო „ნაციონალური მოძრაობაა.“ მას შემდეგ რაც რეალური ინტერესი გამოვლინდება საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის მიმართ, რასაკვირველია უკვე რეალურ ინფორმაციასაც მოიძიებენ და არ დარჩებიან წარსულში, ისვე როგორც ჩვენი ყოფილი ხელისუფლება“.
ესაუბრა ანო მუქათარიძე