სახალხო დამცველმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, საპატრიარქოსა და საქართველოში მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფ არასრულწლოვანთა პანსიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარადგინა.
ანგარიში 2015 წლის 23 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფისა და სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ.
მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში მონიტორინგი პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში განხორციელდა.
ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა შემოწმდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, ჯავახეთის, ნინოწმინდის, წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს სოფელ ფერიის, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდის პანსიონში, ქართველ მუსლიმთა კავშირის სოფელ ფერიის გოგონათა პანსიონში, ქართველ მუსლიმთა კავშირის სოფელ ფერიის ვაჟების პანსიონში, ქართველ მუსლიმთა კავშირის ქობულეთის პანსიონსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, ბედიანის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრში.
სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში ეს იყო აღნიშნულ პანსიონებში ბავშვის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შემოწმების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და ამ გამოწვევების გადაჭრისკენ მიმართული რეკომენდაციების შემუშავების პირველი მცდელობა. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა ერთი მხრივ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და საქართველოში მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფ პანსიონებში ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტების შესრულების და მეორე მხრივ, ამ სტანდარტების შესრულების ხელშეწყობის კუთხით სახელმწიფოს ძალისხმევის შეფასება.
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზრუნვის მიწოდების ხარისხი განსხვავებულია ზემოთ აღნიშნული დაწესებულებების მიხედვით და არ არის დარეგულირებული ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სისტემით, რადგან პანსიონების ბენეფიციარები არ იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ – სოციალური სამსახური ზრუნვის პროცესში ჩართული არ არის. როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი, ეს ართულებს ბავშვის ისეთი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას, როგორიც არის ჯანმრთელობის დაცვის უფლება, განათლების უფლება, ძალადობისგან დაცვა და ა.შ.
“ის ფაქტი, რომ ამ პანსიონების ბენეფიციარებზე არ ხორციელდება სახელმწიფო ზრუნვა პრობლემებს ქმნის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვისაც. სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია მათთვის სტატუსის განსაზღვრა და შესაბამისი სამედიცინო სერვისის განხორციელება. ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობის გარეშე პრობლემურია არასრულწლოვნების პირადი დოკუმენტაციის მოწესრიგების საკითხი და მათი საგანმანათლებლო საჭიროებების განსაზღვრა. ამრიგად, რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებული პანსიონების ბენეფიციარებისთვის მიწოდებული სერვისი საჭიროებს ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას და პანსიონების ბენეფიციართა აღზრდას ოჯახური გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში. ამ მიზნით სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები შეიძლება არადამაკმაყოფილებლად შეფასდეს. დეინსტიტუციონალიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის გათვალისწინებით მომსახურების მიმწოდებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში აღნიშნულ პანსიონში ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტების შესრულების მიზნით სახელმწიფომ უნდა მომართოს ყველა საჭირო რესურსი, შექმნას შესაბამისი მექანიზმი ამ სტანდარტების შემდგომი შესრულების ზედამხედველობის განსახორციელებლად, უზრუნველყოს მომსახურების პროცესში ჩართულ პირთა სწავლება და მათი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვის კეთილდღეობასა და ჰარმონიულ განვითარებაზე ზრუნვის პროცესში. ასევე აწარმოოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან და გააძლიეროს თანამშრომრომლობა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების ეფექტური დანერგვის მიზნით”, – ნათქვამია ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ წინამდებარე ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულება სახელმწიფოს თანმიმდევრულ პოლიტიკაზეა დამოკიდებული.
როგორც სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, ეს არის პირველი მცდელობა, როდესაც სახალხო დამცველის აპარატმა განახორციელა მონიტორინგი ამ დაწესებულებებში.
“სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობის გამო ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტებთან შეუსაბამობა დადგინდა, ანუ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად ვითარდება ამ დაწესებულებებში ადამიანის მდგომარეობა. საპატრიარქოს და მუსულმურ თემთან დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებში არის სიტუაცია, სადაც უამრავი ბავშვი არის ერთად. ცალ-ცალკე ვითარდება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ბავშვთა სახლები. ეს არის მთავარი აღმოჩენა, რომ უნდა იყოს ერთგვაროვანი სახელმწიფო ზრუნვა ყველა ბავშვზე მიუხედავად იმისა, თუ სად იქნება ეს ბავშვი. სწორედ ეს კონტროლის სისტემის არარსებობის პრობლემაა, რაც ხელს უშლის უფლებების რეალიზაციას, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის უფლების მხრივ, განათლების მიღების მხრივ, დოკუმენტების მიღების მხრივ გარკვეული სახლები ლიცენზიების გარეშეც მუშაობენ. ასევე პრობლემაა ინფრასტრუქტურული და აღმზრდელობის კვალიფიკაციის დონე შშმ პირების უფლებები, რადგან არანაირი ცოდნა არ აქვს აღმზრდელს როგორ მოეპყროს მას. ძალადობის რამდენიმე შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი. ამ სახლებში არსებობს ბავშვის ზრუნვის სტანდარტები ისეთი, როგორიც თავად სურთ”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.