,,С ჰეპატიტის დიაგნოზი რამდენიმე წლის წინ დამისვეს. თავდაცვის მიზნით, ყოველთვის ძვირადღირებულ სალონში ვიკეთებდი პედიკურ-მანიკურს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სანიტარული ზომები არც იქ იყო დაცული. უკვე მეოთხე წელია, რაც C ჰეპატიტის ვირუსს ქრონიკული ფორმით ვატარებ. ჯერ არ ჩავრთულვარ ელიმინაციის პროგრამაში, რადგან ნაწილობრივ უნდობლობას ვგრძნობ, ათასნაირი საშუალება ვცადე მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და არაფერი გამოვიდა. მაინც ვცდი ბედს და მეორე ეტაპზე შევურთდები მკურნალობის პროგრამას,“ – აღნიშნავს ქალბატონი, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.
C ჰეპატიტი ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადებაა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების (ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი) განვითარების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. ვირუსი გადაეცემა პარენტარული გზით ანუ სისხლითა და სისხლის პროდუქტებით, ზოგჯერ სქესობრივი გზითაც. პრობლემა იმით უფრო რთულდება, რომ ამ ვირუსით დაინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადება დიდი ხნის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შესაბამისად, C ჰეპატიტით დაავადებულთა შესახებ არსებული ოფიციალური სტატისტიკა ზუსტად ვერ ასახავს ამ ადამიანების რეალურ რაოდენობას და მათი რიცხვი ბევრად უფრო დიდია, თუმცა, ამის მიზეზად შეიძლება ამ ადამიანების შესახებ არსებული სტერეოტიპები დასახელდეს, რის გამოც ისინი ხშირ შემთხვევაში დიაგნოზს მალავენ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის 6-7%-ს ვირუსული C ჰეპატიტი აქვს. საქართველოში უახლესი სტატისტიკა ამ ნიშნით დაავადებული ადამიანებისს რაოდენობის შესახებ არ არსებობს. С ჰეპატიტის პრევალენტობის შესასწავლად, ,,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა“ და ,,აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაწილეობით“, 2015 წელს ზაფხულში ახალი პოპულაციური კვლევა ჩატარდა. შედეგები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
2002 წლის კვლევის მონაცემებით, თბილისში C ჰეპატიტის პრევალენტობა მოზრდილ მოსახლეობაში 6,7% შეადგენს და საქართველო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მაღალი პრევალენტობის ქვეყნებს მიეკუთვნება. მიმდინარე პროგრამის ფარგლებში დარეგისტრირებული შემთხვევების მიხედვით, დაავადების გავრცელება მამაკაცებში ჭარბობს.
2015 წლის 21 აპრილს, საქართველოს მთავრობასა და კომპანია “გილეად-ს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. მსგავსი პროექტი უპრეცედენტოა და მისი მიზანია ,,C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში“ და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება. ასევე, ახალი შემთხვევების პრევენცია.
პირველ ეტაპზე, ვალდებულების შესაბამისად, სახელმწიფოს 5 000 პაციენტისთვის უნდა ემკურნალა. სამოქმედო გეგმის შესაბამისად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ეტაპი დაიწყო ეტაპობრივად: თავიდან სერვისის მიწოდება ხორციელდებოდა სამ კლინიკაში, შემდგომ დაემატა ერთი კლინიკა, სასჯელაღსრულება და ა. შ.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსის ეკატერინე ადამიას განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ეტაპის ღონისძიებები ღვიძლის დაზიანების მაღალი ხარისხის მქონე ბენეფიციართა მომსახურებას ითვალისწინებს. პროგნოზული გათვლებით საქართველოში ასეთი 5000 პაციენტია. ამ რაოდენობის მიღწევის მიუხედავად პროგრამა წყვეტის გარეშე გაგრძელდება და კრიტერიუმები ეტაპობრივად გაფართოვდება. მომდევნო ეტაპზე 20 000 ბენეფიციარის მკურნალობაა დაგეგმილი.
ეკატერინე ადამიას განმარტებით, ელიმინაციის მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება. ამავე უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, С ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში ოკუპირებული რეგიონებიდან 21 პაციენტია რეგისტრირებული, მათ შორის 13 მკურნალობის კომპონენტშია ჩართული.
პროგრამის ბიუჯეტი დიაგნოსტიკური ღონისძიებების უზრუნველყოფაზეა განაწილებული, ასევე, ,,ინტერფერონისა“ და ,,რიბავირინის“ შესყიდვასა და ლოჯისტიკურ ღონისძიებებზე (მედიკამენტის განბაჟება, ტრანსპორტირება, ბადრაგირება და სხვა). 2016 წლისთვის დაგეგმილი სავარაუდო ბიუჯეტი 22 000 000 ლარს შეადგენს.
ამ ყველაფრის პარალელურად მეორე პრობლემა ჩნდება, რომელიც ამ ადამიანების სტიგმატიზებას ეხება. სახელმწიფო თავის მხრივ იღებს პასუხისმგებლობას, რომელიც სხვადასხვა სატელევიზიო ვიდეორგოლის გადაღებაში, ცხელის ხაზის შექმნასა თუ სამკურნალო პროგრამაში ჩართვით გამოიხატება, მაგრამ ბენეფიციართა ნაწილი დაუსაქმებლობლობას ჩივის და ამის მიზეზად დაავადების ნიშნით დისკრიმინაციას ასახელებს.
ვლასი ორბელაძე უკვე რამდენიმე წელია რაც C ჰეპატიტის ვირუსს ატარებს. საქართველოში მუშაობის დაწყება არ უცდია, თუმცა, ჩემთა საუბრისას ამბობს, რომ მის გარშემო ბევრი ადამიანია, რომელიც სწორედ იმიტომ ვერ მუშაობს, რომ დაავადებულია.
,,ვიცი, რომ ზოგიერთ სამსახურში, რომელიც სისხლთანაა კავშირში, არ შეიძლება ჩვენი დასაქმება და ეს მესმის. თუმცა არაადეკვატური დისკრიმინაციის შესახებ არაერთი ადამიანისგან მსმენია და ეს პრობლემა როგორმე უნდა მოგვარდეს.“ – აღნიშნავს იგი.
ჯანდაცვის სამინისტროში დაავადების ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
С ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მცდარი სტერეოტიპების მხვერპლი ხდება. ეს კი, თავისთავად, იმის საფრთხეს ქმნის, რომ ამ ადამიანებმა საკუთარი დიაგნოზი დამალონ და დაავადების გამჟღავნების შიშით, მკურნალობაც არ ჩაიტარონ. ამ უპრეცედენტო მკურნალობის პროგრამის პარალელურად, თავად საზოგადოების ცნობიერება უნდა ამაღლდეს და არსებული სტერეოტიპები ერთხელ და სამუდამოდ დაინგრეს.
ცხადია, რომ ეს პროგრამები ბენეფიციარების მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას უწყობს ხელს და 21-ე საუკუნის ადამიანები, დაავადებების გამო, საკუთარ თავს არარეალიზებულებად მიიჩნევენ.
მოამზადა
ნატალია ჯალაღონიამ