შაბათს, 29 ივნისს, 11:30 სთ–ზე, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი და ინტელექტუალური კლუბი ,,წიგნის მეგობრები” წიგნის კითხვისადმი მიძღვნილ მორიგ ღონისძიებას გამართავს.
12:00სთ–ზე ღონისძიებაზე მობრძანდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, აცხადებენ დავითიანნში.
შაბათი დღე მიეძღვნება გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებას. მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან გალაკტიონ ტაბიძის ძმისშვილი ნოდარ ტაბიძე და მხატვარი და მწერალი რეზო ემილიანე ადამია.
დავითიანნის ინფორმაციით, თავდაპირველად, ჩატარდება ლიტერატურული კონკურსი ახალგაზრდებს შორის. კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება.
ამის შემდეგ გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომელთაც მაღაზიათა ქსელი ,,ბიბლუსი” საჩუქრად გადასცემს წიგნებს. კონკურსის დასრულებისთანავე, უწმინდესისა და სტუმრების მოსვლის შემდეგ, დაიწყება გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების საჯარო კითხვა.
წიგნის დღის ღონისძიებებს საინფორმაციო მხარდაჭერას გაუწევს საზოგადოებრივი რადიო, FM 102.4, რომელიც გამარჯვებულს საშუალებას მისცემს ჩაწეროს გალაკტიონის ერთ–ერთი ლექსი, ხოლო აუდიო ჩანაწერი იტრიალებს რადიოს ეთერში.
აგრეთვე პროექტის ფარგლებში Leko Photography უზრუნველყოფს ღონისძიების პროფესიონალურ ფოტო-გადაღებებს.
28.06.13