საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და ფეხბურთით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს მენეჯერთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ურთიერთობათა კარი – „თაობის“ ორგანიზებით შედგა. შეხვედრისას საუბარი იყო არჩევნების წინა პერიოდზე, ფედერაციაში არსებულ სიტუაციასა და მომავალ გეგმებზე.
ლევან კობიაშვილი: „ფედერაციაში გადაუდებელი სტრუქტურული და სისტემური რეფორმებია გასატარებელი. ჩემი მისვლისას, მთავარ პრობლემად გაუმართავი სტრუქტურა და მიმართულების არქონა დამხვდა. სისტემა ორი ადამიანის მართვას ექვემდებარებოდა და აბსოლიტურად ცენტრალიზირებული იყო. არსებობდნენ ვიცეპრეზიდენტები, რომლებსაც არანაირი ფუნქცია არ გააჩნდათ და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, საკუთარ დაქვემდებარებაში არსებულ მიმართულებებშიც კი ვერ იღებდნენ. ახლო მომავალში ფედერაცია გეგმავს, მოახდინოს არსებული პრობლემის მოგვარება სისტემისა და სტრუქტურის ცვლილებით. გარდა ამისა, ჩვენი სურვილია, მოხდეს თანხების სწორი განაწილება, რათა ყველა კლუბი იყოს თანაბარ პირობებში. ჩვენ ასევე ვიმუშავებთ სპონსრების მოზიდვაზე, რაც ბიუჯეტის გაზრდას შეუწყობს ხელს, ამას ქართული ფეხბურთისადმი ნდობის დაბრუნების ხარჯზე მოვახდენთ. ჩვენ ვემზადებით 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. შესარჩევ გუნდში არ გვყავს გამორჩეული მეტოქე, მაგრამ ძალიან მაღალი დონის ნაკრებებთან მოგვიწევს თამაში. ჩვენს ეროვნულ ნაკრებს აქვს პოტენციალი, გუნდს ეტყობა მწვრთნელის ხელი და ფეხბურთელებმა კაგად იციან რა უნდა აკეთონ მოედანზე. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. ბევრი რამე ჩვენზე იქნება დამოკიდებული.“
დავით პიტიურიშვილი, საქართველოს მენეჯერთა ასოციაცია: „ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული ფორმატის შეხვედრა იყო. როგორც წესი, ასეთი სახის შეხვედრები სამოქალაქოდ აქტიურ ადამიანებსა და სხვადასხვა უწყებებს შორის არ ხდება. არადა თამამად უნდა ვთქვა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ამ ხასიათის ღონისძიებები. ჩვენ საქართველოს მასშტაბით ვატარებთ პროექტს – „სამოქალაქო აქტივობა და მენეჯერული უნარ–ჩვევები“. სწორედ აქ დაიბადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრის იდეა და ჩვენ გავუწიეთ ორგანიზება, რომ ეს დიალოგი შემდგარიყო. ვფიქრობ, შეხვედრამ კარგად ჩაიარა. ჩვენი მიზანი იყო, რომ დამსწრე საზოგადოება გაცნობოდა ბატონი ლევანის სამომავლო გეგმებს, მეორეს მხრივ თავად ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გზავნილი, რომ მომავალი თაობის აქტიურ ახალგაზრდებს აქვთ ინტერესი და აკვირდებიან ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს. არსებული გარემოდან გამომდინარე, ვფიქრობ, სფფ–ის მიერ მომავალში დაგეგმილ საგანმანათლებლო, თუ სხვა პროცესებში სწორედ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები. ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტია და ყველას გვყავს ახლობლები, ნათესავები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას სწორედ საფეხბურთო კარიერას უკავშირებენ. ამიტომ, აქ ჩვენი ყველას თანამონაწილეობა და გულშემატკივრობა აუცილებელიცაა.“