9-10 ნოემბერს, საქართველოს ქალთა საკითხებში იორდანიის ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი სალმა ნიმსი ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში “გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში”.
“ამგვარი მაღალი დონის კონფერენციის მოწყობა გენდერული თანასწორობის თემაზე ცხადყოფს საქართველოს მზადყოფნას გააღრმაოს დიალოგი და გაცვალოს გამოცდილება ევროპულ სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან ქალთა უფლებების წინსვლასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობით, იორდანიას სურს გააკეთოს მისი ჩართულობის დემონსტრირება გენდერული თანასწორობის საკითხში და განიხილოს მეზობელ ქვეყნებთან ქალთა წინააღმდეგ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის დაძლევის შესაძლებლობები. აღნიშნული კონფერენცია გვაძლევს გამოცდილების გაზიარებისა და ახალი კონტაქტების დამყარებას შესაძლებლობას, რაც დაგვეხმარება ქალთა უფლებამოსილების გაზრდის ხელშეწყობაში” , – აცხადებს სალმა ნიმსი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალთა საკითხებში იორდანიის ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხები დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებს გააჩნიათ სურვილი გააღრმაონ ურთიერთობა ევროკავშირთან.
“მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ქალები კვლავ განიცდიან სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას. იმ ტექნიკურმა და ფინანსურმა დახმარებამ, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები უწევენ ევროპულ სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებს გენდერული თანასწორობის საკითხებში, შეიძლება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ თემასთან დაკავშირებით ძალისხმევისა და ეფექტურობის გაზრდაში, განსაკუთრებით როდესაც ამ რეგიონის ქალები კვლავ დგანან სხვადასხვა გამოწვევების წინაშე. რომ არაფერი ვთქვათ იმ საფრთხეებზე თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროებში, რომლებსაც ქალები განიცდიან კონფლიქტურ რეგიონში, განსკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, სირიაში, ერაყსა და პალესტინაში”, – აღნიშნავს გენერალური მდივანი.
მაღალი დონის კონფერენცია თბილისში ა.წ. 10 ნოემბერს ჩატარდება. მასში 250-მდე სტუმარი და 20-მდე მაღალი დონის გამომსვლელი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება იმართება საქართველოს მთავრობის ინიციატივით ევროკავშირსა და გაეროსთან თანამშრომლობით.