საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ, ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი სამუშაო სადილზე განაგრძეს.
როგორც “თბილისი თაიმსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი მთაწმინდაზე ფუნიკულიორის ტრამვაით ავიდნენ. პრემიერ-მინისტრმა საქართველოში პირველი ვიზიტით მყოფ ფედერიკა მოგერინის თბილისის ხედები დაათვალიერებინა. ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა თბილისის სილამაზესა და მის კოლორიტულობას.
სამუშაო სადილს საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრნენ.