საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ყოფილი ფედერაციული კანცლერის, ჰელმუტ შმიდტის გარდაცვალების გამო ანგელა მერკელს უსამძიმრებს.
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე გერმანიის კანცლერს სამძიმრის წერილს უგზავნის, რომელშიც განმარტავს, რომ ჰელმუტ შმიდტმა უდიდესი წვლილი შეიტანა ევროპის პოლიტიკურ გაერთიანებაში.
“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ გერმანიის ყოფილი ფედერალური კანცლერის, ბატონი ჰელმუტ შმიდტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობის სახელით, გისამძიმრებთ პირადად თქვენ, ბატონი შმიდტის ოჯახსა და გერმანელ ხალხს.
ჰელმუტ შმიდტი იყო ბრწყინვალე სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, რომლის პინციპულობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა გერმანიის უახლეს ისტორიაში და უდიდესი წვლილი შეიტანა ევროპის პოლიტიკურ გაერთიანებაში.
დარწმუნებული ვარ, რომ კანცლერი შმიდტი სამუდამოდ დარჩება მთელს მსოფლიოში პოლიტიკოსების, სახელმწიფო მოღვაწეებისა და მოაზროვნეების მოგონებებში. მისი ხედვა იქნება შთაგონების წყარო კიდევ არაერთი თაობისთვის, მათთვის, ვინც საქმით ემსახურება ევროპაში ჰუმანიზმის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის იდეებს.
კიდევ ერთხელ, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისადმი გაგზავნილ სამძიმრის წერილში.