13 ნოემბერს მართმადიდებლური ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ჩვენი ერის ისტორიის ეს ტრაგიკული, სისხლიანი დღე არის მსოფლიო ერთა შორის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთდროულად 100 000-მა ქართველმა თავი გასწირა მართმადიდებლობისათვის, მტკიცედ დაიცვა საკუთარი მრწამსი და არ შეურაცხყო, ფეხქვეშ არ გათელა სალოცავი სიწმინდეები.
1227 წელს ხვარაზმელებმა, ჯალალედდინის ბრძანებით მტკვრის ხიდის თავში იესო ქრისტესა და ღვთისმშობლის ხატები დაუყრიათ და ქრისტიანებს აიძულებდნენ ხატები ფეხით გაეთელათ. ვინც ამას არ შეასრულებდა, თავს კვეთდნენ. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მოწამეობრივი სიკვდილი არჩია. მემატიანეს ცნობით დაახლოებით 100 000 ადამიანი დაიღუპა. წითლად შეიღება მტკვარი მათი სისხლით.
„თბილისი თაიმსს“ დღესასწაულის არსზე დიდი დიღმის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზ ლუკა სუპატაშვილი ესაუბრა:
„ეს იყო დიდი სასწაული ჩვენი ერის ცხოვრებაში, როცა ვერაფრით ვერ გატეხეს ჩვენი წინაპარი, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანი და საცოდნელი დღეა, რომელიც შეგვაძლებინებს, რომ დავფიქრდეთ რისთვის ვცხოვრობთ და საბოლოო ჯამში რა არის ჩვენი მიზანი.
საქართველოს ისტორიაში ეს ერთ-ერთი ღირსეული დღეა, როდესაც ჩვენმა ერმა თავისი რწმენის, მსოფლმხედველობის, კულტურის გამო თავის გაწირვაც კი შეძლო. ეს დღე აჩვენებს, თუ რა ფასი აქვს ჩვენთვის რელიგიას, უფალს, იმ კულტურას, რასაც ქრისტიანობა ჰქვია. ვიღაცისთვის ეს არის ცხოვრების წესი, ვიღაცისთვის კულტურა, ვიღაცისთვის მსოფლმხედველობა, ვიღაცისთვის რელიგია ანუ ღმერთამდე მიმყვანელი გზა, რომელიც ჩვენ გვიღირს სიცოცხლის ფასად.
ჩვენ ვიცით 200 ათასი მხედრობით შემოესივნენ ხვარაზმელები მაშინ საქართველოს. თბილისი და მისი შემოგარენის მცხოვრებნი ეწამენ ქრისტიანობისთვის. შემდეგ კი ჯალალ ედ დინი 5 წლის მანძილზე არბევდა აღმოსავლეთ საქართველოს. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა უბედურება ჰქონდა ჩვენს ერს მაშინ, ალბათ არა თუ ასი ათასმა მოწამემ, არამედ გაცილებით მეტმა ადამიანმა დადო თავი ქრისტიანობისთვის.
პატრიარქმა ბევრი ტრადიცია, ბევრი სიკეთე აღუდგინა ერს და მათ შორისაა, ასი ათასი მოწამის ხსენების დღე, როდესაც ყოველწლიურად, უწმინდესი მიბრძანდება მეტეხის ხიდზე და აღავლენს სავედრებელ პარაკლისს, სადაც თავი დადეს ამ ადამიანებმა და სადაც ამობრწყინდნენ ისინი ისტორიისათვის. როგორც ილია მართალი ბრძანებს, თუ ჩვენს იტორიას დავივიწყებთ აუცებლად გადავშენდებით. და ჩვენც კიდევ და კიდევ უნდა გვახსოვდეს, რომ ასი ათასი მეოხი გვყავს ღმერთის წინაშე.
მე ყველას ვულოცავ ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რას ვულოცავთ ერთმანეთს, რა ტიპის, რა სახის დღესასწაულებს აღვნიშნავთ. მართლაც, მისალოცია ყველასათვის სულის ასეთი სიძლიერე, რომელიც ჩვენმა ერმა ოდესღაც გამოავლინა. ვუსურვებ თითოეულ ჩვენი სამშობლოს მკვიდრს, თუნდაც მსოფლიო მოქალაქეებს, რომ მსგავსი სულისკვეთება გამოევლინოთ პირად ცხოვრებაში. სულიკვეთება, რომელიც გულისხმობს ჭეშმარიტებას, სიყვარულს, ღმერთის ერთგულებასა და სამშობლოსათვის თავდადებას. ღმერთმა დაგლოცოთ!“
დღეს, ტრადიციულად, 17.00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მეტეხის ხიდზე აღავლენს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს.
სოფიკო ნინიკაშვილი