ტელეკომპანია მაესტროზე გადაცემა “მაესტროს ფაქტორი” კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ლექტორი გიორგი მიქანაძე “რუსთავი 2” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდა სადაც იგი აღნიშნავს, რომ დღეს საზოგადოება დაშინებულია და თამამად ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს.
“საზოგადოებაში მეტი გულწრფელობის მომენტი უნდა იყოს. ცოტა ხმაურიანი განცხადება შეიძლება გამომივიდეს, მაგრამ არ შეიძლება სიტყვის თავისუფლების მანტიის იმიჯით ადამიანებს შეეზღუდოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. დარწმუნებული ვარ, დღეს ბევრ ჟურნალისტს და ადამიანს გააჩნია პროტესტი, მიმდინარე პროცესების გამო, მაგრამ ფრთხილობენ ამის გამოთქმას, რომ არ გამოვიდნენ თითქოს სიტყვის თავისუფლების შემზღუდველები. ყველა მოქალაქემ თამამად უნდა თქვას და დააფიქსიროს ის, რასაც ობიექტურად ფიქრობს. უნდა გავბედოთ და დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრებები, მიუხედავად გარომეობებისა, თუ რას დააყენებს რუსთავი 2 მენეჯმენტი, ან ჟურნალისტები. დღეს სითამამე ვერ არის თავად ჟურნალისტებშიც. ამაზე არავინ საუბრობს.
მინდა ყველა ჟურნალისტს ვკითხო, რამდენად ობიექტურია, რომ ამბობენ ერთადერთი თავისუფალი სიტყვის კერა იხურება? ეს შეურაცხმყოფელი არ არის თქვენთვის? ამაზე პროტესტს რატომ არ გამოთქვამთ, რომ ასეთი ფორმულირება მთელი ქვეყნის ჟურნალისტურ კორპუსს არტყამს და ქვეყანას აზარალებს? „რუსთავი 2 გახდება იმედი 2“ – ეს ფრაზა მოგწონთ? არ შეიძლება ასე მოცელო ყველა, პროფესიულად და მორალურად მოკლა, სხვა სფეროში მომუშავე სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები. ამაზე პროტესტი თავად რუსთავი 2-ის შიგნით ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ და ეს პროტესტი ღიად და თამამად დააფიქსირონ, რომ ეს განცხადებები არ არის სწორი.” – განაცხადა გიორგი მიქანაძემ.
The Tbilisi Times