ისლამი არ არის მოძალადე რელიგია, ისლამი გმობს ყოველგვარ ტერორიზმს და ძალადობას, ვგმობთ ტერაქტებს და არც ერთ მორწმუნეს არ სიამოვნებს, როცა ასეთ დანაშაულს ისლამის სახელით ჩადიან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებს.
მუფთმა კომენტარი გააკეთა ასევე თვითმხილველების მონათხრობზე, რომლებმაც განაცხადეს, რომ შეიარაღებული ადამიანები თეატრში შეჭრისას “ალლაჰუ აქბარ” იძახდნენ:
“ალლაჰუ აქბარ” არაბული სიტყვაა და ნიშნავს “ღმერთი მაღალია”. ტერორისტები ამოფარებულები არიან ისლამის რელიგიას და ისლამს განადგურებისთვის და ცუდი მაგალითებისთვის იყენებენ. ისლამი ყოველთვის გმობს ძალადობას. არა მარტო მუსლიმები, ქრისტიანებიც არიან, რომლებიც კლავენ ბავშვებს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანულმა რელიგიამ, ბიბლიამ უქადაგა მათ ეს. არიან ადამიანები, რომლებიც რადიკალები არიან და კლავენ ბავშვებსაც და ქალებსაც”, – აღნიშნა ბეგლარ ქამაშიძემ.
მისივე განმარტებით, ღვთიური წიგნები კრძალავენ კაცთაკვლას და ყურანშიც მკვეთრად წერია, რომ ისლამში ძალადობა აკრძალულია.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, პარიზში, გუშინ განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 128 ადმაიანი დაიღუპა.