რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოში რელიგიის სფეროში არსებულ ვითარებაზე. სააგენტოს წარმომადგენლებმა იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულ კრებას აღუთქვეს დახმარება ყველა იმ საკითხის მოგვარებაში, რომელიც რელიგიური გაერთიანებისთვის პრობლემას წარმოადგენს. შეხვედრის ორგანიზატორი, საქართველოში იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრების იურისტი მანუჩარ ციმინტია „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს იყო გაგრძელება მათი თანამშრომლობის.
„შეხვედრაზე ყურადღება მიექცა დევნის ზოგიერთ ფაქტს ანუ კრიმინალურ საქმეებს, რაც ჩადენილი იყო ჩვენი ორგანიზაციის ცალკეული მიმდევრების მიმართ ბოლო დროის განმავლობაში, რომლებსაც თავის დროზე სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია. სააგენტომ ამის შესახებ მიიღო სრული ინფორმაცია და განაცხადა, რომ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან გვიშუამდგომლებს, რომ მიექცევა სათანადო ყურადღება ამ დისკრიმინაციის ფაქტებს და მათ მართლზომიერ გამოძიებას. დაგვპირდნენ, რომ გამოძიებას გაუწევენ მუდმივ მონიტორინგს.
შეხვედრის შემდგომ ვიტოვებთ იმედს, რომ გამოინახება კანონიერი გზები ამ საქმეების ეფექტიანი გამოძიებისთვის, რათა მოხდეს შესაბამის პრევენცია მსგავსი სახის დანაშაულებებზე. მჯერა, რომ საქართველოს მთავრობის განაცხადი, პასუხი აგებინოს ყველას, ვინც კანონს დაარღვევს, იქნება საწინდარი მშვიდობიანი თანაცხოვრებისა ჩვენს ქვეყანაში.
გარდა ამისა ვისაუბრეთ ევროპის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხებზე.“ – განაცხადა მანუჩარ ციმინტიამ.
სოფიკო ნინიკაშვილი