დღეს, 25 ნოემბერს „კვირას“ პრესკლუბში გაიმართა დასავლეთ საქართველოს მუფთის ბეგლარ ქამაშიძის პრესკონფერენცია, სადაც ისაუბრა “ისლამური სახელმწიფოს” ქართველი მებრძოლების ვიდეომიმართვასა და ისლამისა და ტერორიზმის გამიჯვნის აუცილებლობაზე.
მან დაგმო ყოველგვარი ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც ისლამის ქვეშ ამოფარებული ტერორისტები მიმართავენ.
„პირველ რიგში უნდა გაიმიჯნოს ისლამი და ტერორიზმი ერთმანეთისგან. მუსლიმთა სამმართველო და ყველა მუსლიმი სასულიერო ლიდერი მუშაობს იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს საქართველში… დღეს რაც ხდება ჩვენს ირგვლივ არის ისლამოფობიისკენ მიმართული ქმედება. გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს სურთ რომ შეაძულონ ისლამი საზოგადოებას და ადამიანები ჩამოაშორონ ყურანს. ის ვიდეოები და მუქარა, რომელიც ვრცელდება ინტერნეტის საშუალებით, შესაძლოა რეალურ საფრთხეს შეიცავდეს, მაგრამ უნდა ვეცადოთ ყურადღების ცენტრში არ გადავიტანოთ, რადგან საზოგადოება დაშინებულია. ფიქრობენ თითქოს, მუსლიმები მართლა მკვლელები არიან.“- განაცხადა ბეგლარ ქამაშიძემ.
დასავლეთ საქართველოს მუფთმა ყურადღება გაამახვილა ქართულ მედიაში ისლამის გაშუქების საკითხზე. მან აღნიშნა, რომ მხოლოდ რთულ სიტუაციებში არ უნდა მოხდეს ამ საკითხებით დაინტერესება, არამედ მედიამ უნდა მისცეს საშუალება მუსლიმ თეორეტიკოსებს გააცნოს საზოგადოებას ტრადიციული ისლამი.
პრესკომფერენციას ესწრებოდა თეოლოგი თემურ გორგაძე, რომელმაც განაცხადა რომ მუსლიმი სასულიერო პირები უკვე წლებია ამ მუქარის ქვეშ ცხოვრობენ, მაგრამ ეს საზოგადოებისათვის არ გამხდარა ცნობილი, რათა მათთვის შიში არ ჩაენერგათ.
სოფიკო ნინიკაშვილი