დღეს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ (მე-11 პავილიონი) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე „თბილისის წიგნის დღეები 2015“-ის გახსნას დაესწრება.
წელს „თბილისის წიგნის დღეები“ („Tbilisi Book Days“) ორი კომპონენტისგან შედგება: წიგნის ხელოვნების ფესტივალი და წიგნის ბაზრობა.
წიგნის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ქართველი და უცხოელი ილუსტრატორების, წიგნის დიზაინერებისა და გამომცემლობების გამოფენები, ჩატარდება ლექციები და შეხვედრები. განსაკუთრებით ვრცელია საგამოფენო პროგრამა – 17 გამოფენიდან 3 მოიცავს ქართველ ილუსტრატორთა და წიგნის დიზაინერთა გამოფენებს, ხოლო 14 ექსპოზიცია ეთმობა საერთაშორისო შემოქმედებით გაერთიანებებსა და ცნობილ მხატვარ–ილუსტრატორთა ნამუშევრებს.
„თბილისის წიგნის დღეების“ მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება წიგნის ბაზრობაა, რომელიც საქართველოს ყველა გამომცემელს აერთიანებს. გამომცემლობები ფესტივალის სტუმრებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს, ფასდაკლების აქციებსა და სხვა სიხალეებს შესთავაზებენ.
ფესტივალის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო–საგანმანათლებლო პროგრამები – 4 დღის განმავლობაში მოზარდებისთვის მოეწყობა ხატვისა და ხელოვნების გასართობი გაკვეთილები, ასევე ინტერდისციპლინური აქტივობები პატარებისთვის.
„თბილისის წიგნის დღეების“ ფარგლებში თბილისს ესტუმრებიან მსოფლიოს პრესტიჟული კონკურსების გამარჯვებული დიზაინერ–ილუსტრატორები, გამომცემლები და აშშ–სა და ევროპის უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები და ექსპერტები, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში ლექციებსა და ვორქშოფებს გამართავენ.
„თბილისის წიგნის დღეები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, თბილისის გოეთეს ინსტიტუტის, წიგნის ხელოვნების ცენტრისა და „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით იმართება. ფესტივალის მთავარი ფინანსური მხარდამჭერია გერამანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.