საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2015 წლის 29-30 ნოემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანთან საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის საკითხებში ფილიპ ჰამონდთან, დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრთან დევიდ ლიდინგტონთან, სახელმწიფო მინისტრთან ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში ფრენსის მოდისთან, ასევე დიდი ბრიტანეთის პარლამენტში. განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 30 ნოემბერს ლონდონში გაიმართება საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის – „უორდროპის დიალოგი“, მეორე პლენარული შეხვედრა, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობისა და თავდაცვის საკითხებს მიეძღვნება. საქართველოს მხრიდან სტრატეგიულ დიალოგს მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან კი ევროპულ საქმეთა მინისტრი დევიდ ლიდინგტონი გაუძღვებიან. „უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია ბრიტანეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.