ნატო საქართველოსთან მიმართებაში ახალ ვალდებულებებს აიღებს, – ასე უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას, გააჩნია თუ არა საქართველოს ყველა ინსტურმენტი ნატო-ში გასაწევრიანებლად და იქნება თუ არა ეს ასახული კომუნიკეში, რომელსაც ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს მიიღებენ.
“როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებებს ალიანსში გაწევრიანებისკენ, როგორც ეს აქამდე იყო. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ნატო-ს კარები კვლავ ღია რჩება. ჩვენ ეს დავადასტურეთ მონტენეგროს მიწვევით”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე განმარტებით, ალიანსი განაგრძობს საქართველოსთან მუშაობას.
“საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს ახორციელებს. მე ვიმყოფებოდი ქვეყანაში, მონაწილეობა მივიღე მომზადებისა და შეფასების ცენტრის გახსნაში. საქართველოსთან ერთად ერთობლივად ვმუშაობთ რიგ სფეროში. გარდა ამისა, ჩვენ ვაფართოვებთ პოლიტიკურ დიალოგს. ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მუშაობას.
ჩვენ გამოვაქვეყნებთ კომუნიკეს, ავიღებთ ახალ ვალდებულებებს და გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებებში”, – განმარტა ნატოს გენერალურმა მდივანმა.