პირველ დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევნები ჩატარდა და ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელად ნინო ჭალაგანიძე დაინიშნა.
მარიამ გერსამია, რომელიც ამ მიმართულების ხელმძღვანელი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო, თავის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე დღით ადრეც ავრცელებდა და ამბობდა, რომ ამის მიზეზი მისი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსები იყო. როგორც თავად აღნიშნავს, უნივერსიტეტის გარკვეულ წრეებში მას თავისი პოლიტიკური თუ სხვა სახის შინაარსის სტატუსების გამო დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტიკისა და მასობირივი კომუნიკაციის მიმართულების ყოფილ ხელმძღვანელს ფაკულტეტის დეკანთან – თამარ დოლბაიასთან, არცთუ ისე კარგი ურთერთობა ჰქონდა და როგორც წყაროები ამბობენ, ეს ძირითადად სხვადასხვა პოზიციაში უთანხმოებით გამოიხატება. მაგალითად, მარიამ გერსამიას მოთხოვნა ჟურნალისტებისათვის მეტი პრაქტიკული კურსის დამატება იყო და არა იმ მიმართულებით წასვლა, რომელიც ბოლო წელს რექტორის ხელმძღვანელობით გადაწყდა. კერძოდ, 2014 წლიდან უნივერსიტეტი სამეცნიერო ტენდენციას შეუერთდა და ყველა მიმართულებაზე თეორიული სწავლების გაზრდის დირექტივა გაიცა.
,,საქმე ისაა, რომ თეორიაზე აუცილებელი ჩვენთვის, ჟურნალისტებისათვის – პრაქტიკაა. რისი სიმცირეც ყოველთვის შეინიშნებოდა, მე ვფლობ ინფორმაციას, რომ ამის გამოსასწორებლად ქალბატონი მარიამი ბევრს აკეთებდა. ზოგადად, გაუგებრად მიმაჩნია – როგორ, რა ფორმით გადააყენეს იგი და რატომ მოხდა ეს პროცესები ჩვენგან დამოუკიდებლად“ – აღნიშნავს ამავე მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი – ქეთი გოგუაძე.
უკვე გამოქვეყნდა ოქმი, რომლის მიხედვითაც, გუშინ ჩატარებულ არჩევნებს ამომარჩეველთა საბჭოს ყველა წევრი არ დასწრებია. საბჭო 17 წევრისგან შედგება, თუმცა მათგან მხოლოდ 12 ლექტორი მოვიდა. ნინო ჭალაგანიძის კანდიდატურას 11-მა მათგანმა დაუჭირა მხარი, მხოლოდ ირმა ბიჭიკაშვილმა შეიკავა თავი. წარდგენილ კანდიდატებს შორის იყვნენ მიმართულების სხვა ლექტორებიც, მათ შორის, თამაზ ჯოლოგუა და მარი წერეთელი, თუმცა მათ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. მომდევნო სხდომა 3 დეკემბერს არის ჩანიშნული, რომელზეც საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მუშაობის პროცესის დაგეგმვა განიხილება.
მარიამ გერსამიას თანამდებობიდან გადაყენების ფაქტს ლექტორების ნაწილი აპროტესტებს და უნივერსიტეტიდან წასვლას აპირებს. რამდენიმე მათგანმა უკვე გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, სტუდენტები კი ამ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და ლექტორებსა და ადმინისტრაციას მათი უფლებების დარღვევისკენ მიუთითებენ.
,,ბოდიშს ვუხდი ჩემს სტუდენტებს, რომ დღევანდელი დღის შემდეგ აღარ შევალ მათთან ლექციებზე“ – აღნიშნავს ჟურნალისტიკის მიმართულების ერთ-ერთი ლექტორი, დალი სინჯარაძე.
ლექციებზე შემდეგი სემესტრიდან შესვლაზე უარს აცხადებს მოწვეული პრაქტიკოსი ჟურნალისტი, დავით კაკულია. ,,მარიკა გადააყენეს საბჭოეთის გადმონაშთებმა, ძალიან გაბრაზებული ვარ.“ – აცხადებს იგი სტუდენტებისთვის მიწერილ განცხადებაში.
მარიამ გერსამია ლექტორების უნივერსიტეტიდან შესაძლო წასვლის შესახებ განცხადება აქვეყნებს:
,,ვთხოვ, მოწვეულ პედაგოგებს (რომლებმაც გუშინდელი გადაწყვეტილების გამო უარი თქვეს ლექციებზე შესვლაზე), სემესტრის ბოლომდე არ გაწყვიტონ ხელშეკრულება თსუ-სთან. მხოლოდ სტუდენტების ინტერესების გამო! მიმართულების ხელმძღვანელი აღარ ვარ და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამას, ჩემგან დამოუკიდებლად, კიდევ 8 ხელმძღვანელი „დაუნიშნეს“. არ ვიცი, რამდენ ნაწილად უნდა გაიგლიჯოს ეს პროგრამა, ან საბოლოოდ ვინ უნდა დარჩეს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებით, დღეიდან მე ამ საბაკალავრო პროგრამის მართვას აღარ ვაგრძელებ.“
,,ამ პროცესში ყველაზე მეტად ჩვენ ვზარალდებით. გამოდის, რომ მიმართულების ყველაზე მოთხოვნადი და პროფესიონალი ლექტორები გვტოვებენ და ვრჩებით სრულ გაუკრვევლობაში, ამიტომაც ვგეგმავთ, რომ დეკანს ვესაუბროთ და სიტუაციაში ნორმალურად გავერკვეთ. ვფიქრობ, რომ აუცილებელია, სტუდნეტებს აგვიხსნან, თუ რატომ გადაწყდა არჩევნების ასე უცებ ჩატარება, თან ჩვენი ინფორმირებულობის გარეშე. ჩვენ მოვითხოვთ გამჭვირვალობასა და ინფორმირებულობას“ – აცხადებს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი – თათია ღვინაშვილი.
თსუ-ში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. რექტორი – ვლადიმერ პაპავა, მომხდარის შესახებ ჯერ კიდევ არ აკეთებს კომენტარს.
ამ დრომდე გაურკვეველია, თუ როგორ განვითარდება პროცესები, თუმცა ლექტორებისს ნაწილი ლექციების ჩატარებაზე უარს ამბობს და სტუდენტები ჯერ კიდევ გაურკვევლობაში რჩებიან.
ნატალია ჯალაღონია