საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ობიექტებში არსებული მდგომარეობის განხილვის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი ესწრებოდნენ.
მთავრობის წევრებს ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებსა და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში სააგენტოს უფროსმა, ზაზა დოლიძემ წარუდგინა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება 2013 წლიდან დაიწყო. 2014 -2015 წლებში აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებით პრიორიტეტული გახდა. საჯარო და კერძო სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. მოწმდება სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის უვნებლობა, პროდუქციის ვადიანობა და ეტიკეტირება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, სამწუხაროდ 2013 წლამდე სასწავლო დაწესებულებების კვების ობიექტების კონტროლი არ ხორციელდებოდა, შესაბამისად, არ არსებობდა ინფორმაცია იქ არსებული მდგომარეობის შესახებ. ბოლო ორი წლის მანძილზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ბაღებისა და სკოლების კვების ობიექტების კონტროლი აქტიურად ხორციელდება.
,,2015 წლის ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს სრული სურათი იმისა, თუ რა მდგომარეობაა სასწავლო დაწესებულებების კვების ობიექტებში. ქვეყნის მასშტაბით ყველა საბავშვო ბაღი უკვე შემოწმდა და სკოლების 80 %-ზე მეტი წლის ბოლომდე შემოწმდება. შემუშავდა რეკომენდაციები, რომლის შემუშავების პროცესშიც ყველა შესაბამისი უწყება – ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თბილისი მერია და რეგიონის თვითმმართველობები არის ჩართული. შემუშავებული რეკომენდაციები გულისხმობს ჰიგიენური ნორმების დაცვას, კვების სწორი რაციონის შექმნას და ა.შ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბევრმა დაწესებულებამ შარშანდელთან შედერებით, კვების ობიექტებში გააუმჯობესა პირობები, რაც ნამდვილად მისასალმებელია. რათქმაუნდა ჩვენ გვაქვს კიდევ ბევრი სამუშაო და დიდი გზა გასავლელი, მაგრამ პროგრესი ნამდვულად უკვე სახეზეა“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
2015 წელს საბავშვო ბაღებში 910 ინსპექტირება განხორციელდა (2014 წელს – 467). მიმდინარე წელს სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა სკოლის ბუფეტების შემოწმებაც. 2015 წლის 11 თვის მონაცემებით, სკოლების კვების ობიექტებში 361 ინსპექტირება განხორციელდა. ინსპექტირების პროცესში გარკვეულ ობიექტებზე გამოვლინდა შეუსაბამობები და ბიზნესოპერატორებს მათ გამოსასწორებლად რეკომენდაციები მიეცათ. გასულ წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა სკოლების კვების ბლოკებში 408 ინსპექტირება განახორციელეს და გამოვლენილი დარღვევების გამო 4 სკოლის ბუფეტი დახურეს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა სასწავლო დაწესებულებებში არსებული პრობლემების აღმოფხვრის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებასა და ვითარების გაუმჯობესების მექანიზმებზე იმსჯელეს.
როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ აღნიშნა, შეხვედრაზე სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტებში ბავშვთა დაბალანსებული და ჯანსაღი საკვებთ უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს.
,,აღსანიშნავია, რომ ჩვენ უკვე დავასრულეთ რეკომანდაციების დოკუმენტზე მუშაობა და უკვე გავწერეთ კონკრეტული გეგმა ამ რეკომენდაციების დანერგვის და განხორციელების შესახებ. რეკომენდაციები მოიცავს პირველ რიგში საინფორმაციო ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მოხდება სასწავლო დაწესებულების თანამსრომლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება ბავშვთა ჯანსაღი კვების პრინციპებთან დაკავშირებით. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა პროდუქტების დიფერენცირება, განსაზღვრა, თუ რომელი პროდუქტების მიღებაა აუცილებელი და მიზანშეწონილი ბავშვებისთვის და რომელი პროდუქტები საერთოდ ამოსაღებია კვების რაციონიდან. მნიშვნელოვანია სასწავლო დაწესებულებების სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფა, ასევე ქვეყნის მასშტაბით არსებულ სკოლებში ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა, სუსტი წერტილების მოძებნა და აღმოფხვრა, რათა ეფექტიანად ამუშავდეს ეს პროგრამა“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ აღნიშნა 2013 წლმადე არ ხორციელდებოდა სასწავლო დაწებულებების კვების ბლოკებში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი. დღეს სოფლის მეურნეობის, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების ჩართულობით, სასკოლო დაწესებულებების შესახებ მონაცემები არსებობს. ,,ბოლო სამი წლის განმავლობაში წინსვლა შეინიშნება, თუმცა მიზანშეწონილია ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს. დღევანდელ შეხვედრაზე შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც მოხდება პასუხისმგებლობის გამიჯვნა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება“, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მნიშვნელოვნია ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობა. ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების შემოწმების პროცესი, რათა ჰიგიენასთან და კვების ბლოკებთან დაკავშირებით ყველა საკითხები იყოს მოწესრიგებული“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით:
- საბავშვო ბაღებში, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, აღარ გამოიყენება ალუმინისგან დამზადებული ინვენტარი, რომელიც მიჩნეულია მეორე კლასიფიკაციის საშიშროების ელემენტად და დაუშვებელია ბავშთა კვების მოსამზადებლად.
- საბავშვო ბაღების უმეტესობამ მოაწესრიგა ინფრასტრუქტურა და სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.
- თითქმის ყველა საბავშვო ბაღის სამზარეულოში მოწესრიგდა წყალგაყვანილობა (ცხელი წყალი).
- საბავშვო ბაღებში მოწესრიგდა ჰიგიენური მდგომარეობა, მათ შორის, პერსონალის ჰიგიენა, სურსათის ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, რეცხვა-დეზინფიცირება.
- სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების პერსონალისთვის პერიოდულად ატარებს ტრენინგებს თემაზე „5 გასაღების პრინციპი“, რომელიც სამზარეულოს პერსონალის ჰიგიენის აუცილებელ ნორმებს შეეხება.
- საბავშო ბაღებში სურსათით მომარაგებასთან დაკავშირებით ტენდერების გამოცხადების დროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ტექნიკური სპეციფიკა თანხმდება და ცხოველური წარმოშობის სურსათის მომარაგების პირობები მკაცრად არის რეგლამენტირებული.