21 დეკემბერს, 19:30 საათზე, კონსერვატორიაში XVIII საერთაშორისო ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ფარგლებში გაიმართება ცნობილი პიანისტის ალექსანდრე კორსანტიას საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. კონცერტზე შესრულდება ბეთჰოვენის, რაველისა და ჰაიდნის ნაწარმოებები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 14-29 დეკემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ იმართება. ფესტივალი საფორტეპიანო, კამერულ და საორღანო მუსიკის კონცერტებთან ერთად ჯაზის საღამოსაც აერთიანებს.
ფესტივალის ფარგლებში თბილისს ცნობილი მუსიკოსები ესტუმრებიან – მევიოლინე ნიკიტა ბორისოგლებსკი, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავთან, პიანისტ ბორის ბერეზოვსკისთან ერთად დაუკრავს, პიანისტები – ალექსანდრე კორსანტია, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი – თამარ ბერაია და ლონდონში მცხოვრები ლუკა ოქროსცვარიძე (ლუკა ოქროს), თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, სოლისტები ბენჟამენ მარკიზ გილმორი (ვიოლინო) და იოზეფ პულია (ვიოლინო), დირიჟორი – ლევ მარკიზი. მსმენელის წინაშე წარდგება ორღანისტი გაბრიელ (გარი) კონიაევი, რომელმაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორღანო კლასი ეთერ მგალობლიშვილთან დაამთავრა. ფესტივალს გახსნის ბრედ მელდაუსა და ჯოშუა რედმანის დრამერი ჯეფ ბალარდი ამერიკულ ჯაზ-ტრიოსთან ერთად.
წლევანდელი ფესტივალის სიახლეა რუბრიკა „დებიუტი“, რომლის ფარგლებშიც მსმენელის წინაშე ლონდონში მცხოვრები 24 წლის ქართველი პიანისტი ლუკა ოქროსცვარიძე (ლუკა ოქროს) წარდგება. ეს კონცერტი თბილისში მისთვის სადებიუტო იქნება.
ფესტივალის განმავლობაში დიდი დარბაზის ფოიეში მხატვარ იურა ბერიშვილის ნახატების გამოფენა იქნება წარმოდგენილი.
„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ 1997 წელს მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით დაარსდა. ფესტივალი ყოველწლიურად დეკემბრის მეორე ნახევარში იმართება და ორ კვირას გრძელდება.