23 დეკემბერს, 18:00 საათზე, ევროპის სახლში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურის სფეროში დასაქმებული 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს – „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ “. ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდულმა კავშირმა (YTA UNION), ევროპის სახლთან თანამშრომლობით, განახორციელა პროექტი , რომლის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2015 წლის აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა 11 ინტერდისციპლინური შეხვედრა (მათ შორის მრგვალი მაგიდები და ფოკუსური ჯგუფები), აქედან 5 თბილისში (ევროპის სახლში), 6 კი რეგიონში (თელავი, ქუთაისი, ახალციხეი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი). შეხვედრებისა და დისკუსიების შედეგად შემუშავდა იუნესკოს კონვენციის – „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ განსახორციელებლად საჭირო რეკომენდაციები და მონაცემთა ბაზა. რეკომენდაციების პაკეტი მნიშვნელოვანია ასოცირების შეთანხმების კულტურის სეგმენტის გაცნობიერება-განხორციელებისთვის და ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესს.