გუშინ, სინოდის სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სასულიერო პირებს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების ამჟამინდელი მდგომარეობა გააცნო და გამოვიდა ინიციატივით შეიქმნას სამთავრობო და საეკლესიო წარმომადგენლებისგან შემდგარი ორმხრივი კომისია, რომლიც იზრუნებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში ისტორიულად შემავალ ეპარქიებში არსებული ძეგლებზე ინფორმაციის შეგროვებასა და აღწერაზე.
საპატრიარქო თხოვნით მიმართავს მთავრობას იზრუნოს ორმხრივი კომისიის დროულ ამოქმედებაზე. ასევე მოუწოდებს კულტურის სამინისტროს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, სახელმწიფო არქივს, მეცნიერებათა აკადემიას, უნივერსიტეტებს, ინსტიტუტებსა და ცალკეულ მკვლევარებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ საქმეში.
„გამოსაცემად მომზადდა თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში არსებული ეკლესია-მონასტრების თითქმის სრული აღწერილობა. უნდა დაჩქარდეს საზღვარგარეთ, ისტორიულად არსებულ ჩვენს ეპარქიებში, ქართული კულტურის ძეგლებისა და ეკლესია-მონასტრების აღწერის პროცესიც.“- ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.
საპატრიარქოს იურისდიქციის კანონიკური საზღვრები განსზღვრულია საქართველოს ეკლესიის ადგილობრივი კრების მიერ 1917 წლის 25 მარტს. პატრიარქმა ბრძანა, რომ წმინდა სინოდის მიერ ეტაპობრივად მიმდინარეობს ისტორიულად არსებული ჩვენი კანონიკიური ეპარქიების გაცოცხლება ტიტულოვანი მღვდელმთავრების სახით.
სოფიკო ნინიკაშვილი