შპს მარაბდა-კარწახის რკინიგზის დირექტორის ირაკლი წულაიას განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება მომავალი წლის ბოლოსთვის იგეგმება.

ბრიფინგზე წულაიამ უარყო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ამ პროექტის ფარგლებში არსებული დაბრკოლებების შესახებ. როგორც სააკაშვილმა გუშინ, სამუშაოების ადგილზე გაცნობისას, განაცხადა, „პროექტის განხორციელების პროცესში მთავრობა გაურკვეველ, ხელოვნურ დაბრკოლებებს ქმნის, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისით“.

„ეს რკინიგზა ვერ დამთავრდა ვერც წელს და, როგორც დღეს დავრწმუნდი, ვერ დასრულდება ვერც მომავალ წელს, სამწუხაროდ, ამას კიდევ 2 წელიწადი დასჭირდება“, აღნიშნა პრეზიდენტმა. საპასუხოდ, წულაიამ დღეს განაცხადა, რომ „2008-2012 წლებში სამუშაოების მხოლოდ 28% არის შესრულებული (მშენებლობა 2008 წელს დაიწყო), ხოლო 2013-2014 წლებში დარჩენილი სამუშაო 72% შესრულდება“.

ქართული მონაკვეთის მშენებლობისთვის აზერბაიჯანულმა მხარემ გამოყო $775 მილიონის ოდენობის 25-წლიანი საკრედიტო ხაზი, რომლის დაფარვა რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ დაიწყება.

წულაიას მონაცემებით, პირველი ეტაპზე გამოიყო $200 მილიონი 1%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით, რომელიც უკვე ათვისებულია, მეორე ეტაპზე კი 5%-იანი განაკვეთით $575 მილიონი, საიდანაც $175 მილიონი წელს დასახარჯი თანხაა.

წულაიამ ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება „ქართული მხარის მიერ წინა მთავრობის დროს მილიონობით ლარის გაფლანგვაზე“. თუმცა თანხა და სხვა დეტალები მან არ დააკონკრეტა და მხოლოდ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა გააკეთებს.

09.07.13

Please follow and like us: