დღეს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულებებს გააფორმებს. ხელმოწერის ცერემონია იუსტიციის სამინისტროში გაიმართება. საგრანტო პროექტებით დასავლეთ საქართველოს რეგიონებში დაფინანსდება ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივები; ასევე, არასრულწლოვანთა დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე მიმართული აქტივობები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციებია: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი; ფონდი „აფხაზინტერკონტი“; საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“; მიგრაციის ცენტრი; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი − GCRT.
საგრანტო პროექტებით გათვალისწინებულია დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ყოფილი პატიმრების ბიზნესიდეების დაფინანსება, საერთო ჯამში − 70 000 ლარის ოდენობით, 65 ყოფილი პატიმრისთვის ტატუს მოშორების სერვისის შეთავაზება და არასრულწლოვანთა დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის ჩატარება. ხუთივე საგრანტო პროექტს იუსტიციის სამინისტრო 130 ათასი ლარით დააფინანსებს.
საგრანტო კონკურსს ადმინისტრირებას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ გაუწევს, რომელიც „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ახორციელებს. პროგრამის მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობაა, რაც ამცირებს მათ მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს და საზოგადოებას უფრო უსაფრთხოსა და დაცულს ხდის.