ახალი წლის პერიოდში, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, ფასების ბუმი იწყება, ეს კი პირდაპირ აისახება ხოლმე ეროვნულ ვალუტაზე. ჩვენს ქვეყანას უკვე, სამწუხაროდ, აქვს გამოცდილება, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ. გასული წლის აგვისტო ჩვენთვის ეკონომიკურადაც ცხელი თვე იყო, რადგან ლარი ამ პერიოდში მკვეთრად გაუფასურდა, ამის შედეგები კი იწვნია, როგორც, კომპანიებმა, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებას, ისე ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, რომელთათვისაც გაუსაძლისი გახდა ბანკის სესხების დაფარვა და გაძვირებული პროდუქტის შეძენა. „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა, რამდენად მოსალოდნელია ისედაც გაუფასურებული ლარის კვლავ გაუფასურება ახალი წლის შემდეგ და რა ბერკეტების გამოყენება შეუძლია ეროვნულ ბანკს სიტუაციის დასარეგულირებლად. ამ კითხვით ჩვენ  ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში, მიხეილ დუნდუას მივმართეთ:

მიხეილ დუნდუაექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში მიხეილ დუნდუა: “ლარის შემდგომი გაუფასურება მოსალოდნლი არ არის. ლარი დღეის მდგომარეობით ისედაც მკვეთრად გაუფასურებულია. ლარის გამყარების პროცესი მომავალი წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება.

ეროვნული ვალუტის დევალვაცია საგარეო ფაქტორების ზემოქმედების გარდა ეროვნული ბანკის არასწორმა პოლიტიკამაც განაპირობა.

2015 წელს ეროვნულმა ბანკმა არ შეასრულა სავალუტო ფონდის მოთხოვნა სავალუტო რისკებისაგან დაუცველ მოსახლეობისათვის და სხვა მსგავსი მსესხებლებისათვის დოლარში სესხის გაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ასევე საცალო სამომხმარებლო სესხების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელთა მომსახურება სესხის ამღები მოსახლეობის ერთი მესამედისათვის მათი შემოსავლების ნახევარზე მეტს შეადგენს.

ჩვენ ყოვლდღიურად ვაწყდებით ისეთ საბანკო შეთავაზებებს, სადაც შემოსავლების დადასტურების გარეშე გასცემენ სამომხმარებლო სესხებს, როგორც ლარში, ისე დოლარში.

სამომხმარებლო სესხების ჭარბმა მოზღვავებამ გაზარდა მოთხოვნა დოლარზე. დოლარზე მოთხოვნის ზრდამ ლარის გაუფასურების ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდა. გაუფასურებულმა ლარმა წარმოების ხარჯები ლარში გააძვირა, – გაძვირდა ელექტროენერგია და საწარმოო ნედლეულის ღირებულება, გაძვირდა წარმოების დანახარჯები. ჩვენ მივიღეთ წარმოების დანახარჯების გაძვირებით წარმოქნილი ინფლაცია.

შესაბამისი მაკროპრუდენტული ზომების გამოყენებით ეროვნულმა ბანკმა უნდა შეზღუდოს დაკრედიტების ისეთი მიმართულებები, რომელიც ეკონომიკის ზრდის ნაცვლად ეროვნული ვალუტის გაუფასურებას განაპირობებს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების დაკრედიტების პროცესს.“

ეროვნული ბანკირა საკვირველია, მოსახლეობას აინტერესებს ეროვნული ბანკის პოზიცია და გეგმები ამ საკითხთან მიმართებით. ჩვენ, გვსურდა პასუხები მიგვეღო ისეთ კითხვებზე, როგორებიცაა, ეროვნული ბანკი ელოდება თუ არა ლარის გაუფასურებას ახალი წლის პერიოდში ფასების ზრდის გამო, თუ კი, როგორ იმოქმდებს ეს სამომხმარებლო პროდუქტზე; აპირებენ თუ არა რაიმე ბერკეტების გამოყენებას, რა უნდა გააკეთოს, ან არ უნდა გააკეთოს მოსახლეობამ არსებული ინფლაციის დროს, რათა მათი ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუარესდეს. მე რამდენიმე კვირა აქტიურად ვეკონტაქტებოდი ეროვნული ბანკის წარმომადგენელს, რომელსაც ჩემ მიერ გაგზავნილი კითხვები რესპონდენტისთვის უნდა მიეწოდებინა. სამწუხაროდ, ჩემ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღე, რაც განპირობებული იყო რესპოდენტის საზღვარგარეთ მივლინებითა და შემდეგ უკვე ჯანმრთელობის პრობლემებით. ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა დახმარების სახით შემომთავაზა მათ პირად საიტზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება და ამ ინფორმაციის საშუალებით კითხვებზე პასუხის გაცემა. თუმცა, მე უარი ვთქვი ამ შემოთავაზებაზე, რადგან, ჩემი აზრით, ეს უბრალოდ წყლის ნაყვა იქნებოდა. მათ მიერ შემოთავაზებული ინფორმაცია უბრალოდ არ პასუხობდა ჩემს მიერ დასმულ ყველა კითხვას.

დაბოლოს, ვიმედოვნებ, რომ ამ სტატიამ გარკვეულწილად მაინც დააკმაყოფილა საზოგადოების ინტერესი და, ასევე, იმედი მაქვს, მომავალში უფრო ნაყოფიერი იქნება ჩემი თანამშრომლობა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან.

მარიამ ტაკაშვილი

Please follow and like us: