არ შემიძლია არ გამოვახტო აღტაცება უკვე შექმნილი პროტოტიპებით, რომლებიც დღეს ვიხილე, სადაც ჩვენი ახალგაზრდები, ბავშვები, პირდაპირ შეიძლება ითქვას, სასწაულებს აკეთებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკიკაშვილმა პირველი ტექნოპარკის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს, ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მის ხელმძღვანელ ირაკლი ქაშიბაძეს პროექტის განხორციელებაში მაქსიმალური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ეს არის მართლაცდა რევოლუციური პროექტი. ეს არის 5-მილიონიანი პროექტი, რომელიც ერთ წელიწადში დაიწყო და დამთავრდა. ეს არის პირდაპირი ინვესტიცია საქარველოს მომავალში. ეს არის სივრცე, სადაც სრულდება თანამშრომლობა სამ ძირითად მიმართულებას შორის: კერძოდ, აკადემიას, ანუ სამეცნიერო მიმართულებას, ეკონომიკას, ანუ ქვეყნის სამეწარმეო წრეებსა და მთავრობას, ანუ შესაბამის სამთავრობო უწყებებს შორის. ეს არის პირველი მოდელი საქართველოში, სადაც ამ ტიპის თანამშრომლობა ამ სამ მიმართულებას შორის შედგა. მე არ შემიძლია დავმალო ჩემი შთაბეჭდილება, როდესაც ვნახე, თუ რამხელა პოტენციალია ჩვენს ახალგაზრდებში ინოვაციური მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა შეუძლებელია ინოვაციაზე, კვლევასა და განვითარებაზე დაფუძნებული დარგების განვითარების გარეშე, ამიტომ ეს სივრცე, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იქნება სწორედ ის სივრცე, სადაც მოხდება დაფუძნება და პირველი ეტაპის გავლა იმ კომპანიების მხრიდან, რომლებსაც ამ მიმართულებით განსაკუთრებული პოტენციალი გააჩნია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.