საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მონაწილეობს მე-10 საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციაში – “საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები – ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ”, რომელიც  11-12 ივლისს ქ. ბათუმში იმართება.

ევროკავშირისა და მისი აღმოსავლეთ ევროპული სამეზობლოს წარმომადგენლები განიხილავენ ევროინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელებას, ვილნიუსის სამიტის მოსამზადებელ პროცესსა და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის‘‘ ფარგლებში მიღწეულ პროგრესს.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, მალე სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება იმისთვის, რათა საქართველომ გააფორმოს ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, ასევე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება სწორედ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება ევროპასთან, ვინაიდან ეს მოგვცემს საშუალებას, საქართველოს პატარა ბაზარი ერთ დღეს გახდეს ევროპული დიდი ბაზრის ნაწილი,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე,  ბულგარეთის, ესტონეთის და სლოვაკეთის საგარეო მინისტრები, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ევროკავშირისა და ლიტვის რესპუბლიკის მხარდაჭერით 12 ივლისს ოფიციალურად იხსნება და მასში მონაწილეობენ საქართველოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის თანამდებობის პირები, პარლამენტარები, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ოთხ თემატურ სესიაზე განხილული იქნება: დემოკრატია და კანონის უზენაესობა – როგორც ევროპული ოჯახის წევრობის აუცილებელი ფაქტორი, უსაფრთხოება და სტაბილურობა აღმოსავლეთ ევროპაში, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივები და გამოწვევები და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის პერსპექტივები და გამოწვევები.

11.07.13

Please follow and like us: