პოეტი დაილ ყარაულაშვილი თავისუფალი ადამიანია და საინტერესო… მისი შემოქმედებაც თავისუფლების ღაღადია და სწრაფვა სიმაღლისკენ, საიდანაც ადამიანი სულიერებას იღებს და სწავლობს – როგორ იყოს თავის უფალი…
ქალბატონო დალი, რა ხდება ადამიანში მაშინ, როდესაც პოეზიის შექმნას იწყებს?
– ვერ ვისაუბრებ, სხვა ადამიანების განცდებზე, ჩემში კი, პოეზიის შექმნის პროცესში, ახალი სიცოცხლე იბადება, იცით, ლექსის წერა ბავშვის დაბადებას ჰგავს. მშობიარე ქალის ტკივილებს დიდი ბედნიერება ახლავს, ეს ბედნიერება მისი პირმშოა. ლექსი ჩემთვის, ჩემი პირმშოა, რომელსაც მე არ ვქმნი, იგი ჩემს ამოსუნთქვას მოჰყვება. ხან მგონია, რომ მე, გამტარის მოვალეობას ვასრულებ და მერე შედეგი, იმდენად დიდ ბედნიერებას მანიჭებს, რომ მიჭირს სიტყვებით ამის აღწერა. განა შეიძლება განმარტო რატომ გიყვარს დედა? ან რატომ გიყვარს შვილი? ნამდვილი პოეტისთვის ძნელია, ისაუბროს იმ ემოციებზე, რასაც ის, ლექსის წერის დროს განიცდის. ერთს კი ნამდვილად ვიტყვი, პოეზიის შექმნა, არც ტანჯვაა და არც წვალება, რასაც ზოგიერთები თავგამოდებით ამტკიცებენ, პირიქით, ეს, უსაზღვრო სიამოვნებაა. ეს, მოწყურებულისთვის წყალია, ატკიებული თავის წამალია, აფორიაქებული სულის სიმშვიდეა და ყველაზე დიდი, ეს კავშირია ზეცასთან.
არ გეშინოდათ, როდესაც ამ გზას დაადექით… თქვენი წინამორბედნი სამკაოდ დიდები არიანი პოეზიაში, თუნდაც ქალი პოეტები…
– მერე ვინ თქვა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ავდექი და ამ გზას დავადექი?! მე ვინ შემეკითხა ნუგზარ? გარწმუნებთ, რომ არაფერს ვიგონებ, წერა კითხვა საერთოდ არ ვიცოდი, როცა ლექსად გამოვთქვამდი ჩემი ბავშვობის განცდებს. მოყოლილ ზღაპრებს, გაბრაზებას, სიხარულს, თავიდან ამას ყურადრებას არავინ აქცევდა, შემდეგ კი დედა, ჩემს გამოთქმულ ლექსებს იწერდა. საერთოდ ჩვენი ოჯახი პურმარილითა და წვეულებებით იყო სახელგანთქმული და მახსოვს, ყოველ შაბათ-კვირას გამართულ წვეულებებზე, სკამზე დამაყენებდნენ, სტუმრებს ჩემს შეთხზულ ლექსებს ვუყვებოდი და საკმაოდ გვარიანად მაჯილდოვებდნენ კიდეც. შემდეგ წერა კითხვა, რომ ვისწავლე, დედას ჩემი მდივნის მოვალეობა ჩამოვართვი და ჩემში საიდანღაც მოვარდნილ ფრაზებს, მე თვითონ ვწერდი. ზოგჯერ არც ვწერდი, ასე ბევრი ლექსი დამეკარგა. ეს გზა, მე არ ამირჩევია, მინდა თუ არ მინდა ჩემდაუნებურად მიწევს ამ გზაზე სიარული. არ მინდა ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს და თავად გზამ ამირჩია მე. რაც შეეხება შიშს, არ მესმის რისი უნდა მეშინოდეს? მე ხომ არავის ვეჯიბრები? არც არავის ვედრები?! ყველა დამიანი ინდივიდუალურია, თუ ნამდვილი ხარ, სიტყვაც მართალი გაქვს, ალბათ ხვდებით რას ვგულისხმობ, და არაფრისაც არ გეშინია. იცით რატომ? იმიტომ, რომ ის სხვაც, თუნდაც ჩემი წინამორბედი, თუ ისიც ნამდვილია, პირიქით ეს სასიხარულოა და ჩვენ, ნამდვილებს, გვიხარია ერთურთის არსებობა. ჩვენ ვწერთ იმას, რასაც ნამდვილად განვიცდით და ნამდვილად გვტკივა, რაც, არამც და არამც არ არის სიყალბე და რაც სუფთა და ჭეშმარიტია არ შეიძლება თავისი განკუთვნილი ადგილი არ დაიკავოს, სულერთია ეს პოეზია იქნება პროზა, მეცნიერება თუ უბრალოდ საქმე, რომელიც გულიდან კეთდება. ასე რომ არაფრიასაც არ მეშინია, როგორ შეიძლება გეშინოდეს, თუ უფლის რწმენა გაქვს?! თუ იცი რომ ღმერთი აქ არის, შენს გვერდით, თუ მასზე ხარ მიყრდნობილი განა ის გამოგეცლება?! არ მეშინია!!!
იყო დედა, იყო ქალი, იყო პოეტი… ამ პასუხისმგებლობებს როგორ უძლებთ?
– დედობა ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა, ასევე დიდი პასუხისმგებლობაა, გერქვას პოეტი, მაგრამ ეს ორი, ერთმანეთს ხელს სრულებით არ უშლის, ყოველ შემთხვევაში მე არ მიჭირს. დედობა, შვილების სრულფასოვნად აღზრდაა, იყო დედა ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ გერქვას ეს სახელი, ეს, ზეციდან დაკისრებული მოვალეობაა, ეს დიდი სიყვარულია, დიდი გაძლებაა, დიდი თმენაა, დიდი მორჩილებაა, დედა პოეტი, ეს ორმაგი დატვირთვაა, ვინაიდან დედა პოეტს, ორმაგად მოეთხოვება პასუხი უფლისა და ქვეყნის წინაშე. ამ შემთხვევაში პოეტობა მე მეხმარება, მეხმარება პრობლემების გადალახვაში. ვიწრთობი, გესმით, ვიწრთობი. მე შვილებს ვზრდი, ლექსი კი მე მზრდის. ე.ი. მე ვიზრდები პოეზიით და მერე ყვალაფერს, გადავცემ ჩემს შვილებს. მეც და ჩემი შვილებიც ერთად ვიზრდებით. არ ვიცი როგორ გამომდის, მაგრამ ვცდილობ ვიყო საუკეთესო დედა. შვილებს? სპარტანულად ვზრდი, ასევე სპარტანულად ვიზრდები მეც.
რა არის ქალი პოეტი, რას უნდა იძლეოდეს მისი სახელი, ცხოვრება და შემოქმედება ზოგადად და კონკრეტულად ქვეყნისთვის?
– ქალი პოეტი? რთული ფენომენია, თუ ის ჭეშმარიტად პოეტია და არა უბრალოდ პოეტობის მოტრფიალე. ქალი პოეტი, ჯარისკაცია სამშობლოსთვის თავდადებული, რომელიც “უშიშარია ვითარცა უხორცო”, მას დიდი სიყვარული შეუძლია, სადაც იშვიათად უმართლებს, ვინაიდან რასაც გასცემს იმის მსგავსაც კი ვერ იღებს პასუხად, მას მაინც უდიდესი პატიება შეუძლია და თანახმაა იცხოვროს მცირედით, მაგრამ მისი სიყვარული, მისი სამართლიანობა, მისი სიძლიერე, თრგუნავს და ღლის მეორე ნახევარს, სახელად მამაკაცს, ამიტომ ხშირ შემთხვევაში პოეტი ქალი, მარტო რჩება. პოეტი ქალის სახელი უნდა იძლეოდეს მაგალითს ოჯახში, ქვეყნისთვის უნდა იყოს სიწმინდის, ქართველი დედისა და ქალის ნიმუში. არსებობს ფრაზები, დედა-ბოძი, დედა-კაცი, დედა სამშობლო… პოეტი ქალი უნდა იყოს დედა-შემომძახებელი, მისი სიტყვა სიყვარულით, ოპტიმიზმით და სიკეთით უნდა იყოს სავსე. ქართველი, ქალი პოეტის სიტყვა, მანდილი უნდა იყოს, ძმებს შორის დაზავების. პოეტი ქალი, უნდა იყოს ქვეყანაში მშვიდობის სიმბოლო. მთელი თავისი შემოქმედებით უნდა ემსახურებოდეს მომავალი თაობის სწორედ აღზრდას, მასში რწმენის გაღვივებას და სიკეთეს. პოეტ ქალს, მიზანმიმართულად აკისრია აღმზრდელი დედის როლი, პოეზია, მისი ყველაზე დიდი იარაღია, რომელიც ხან წკეპლის მოვალებას ასრულებს, ხან სიყვარულის და შეგონების და ხან გამწარებული დედის შემოძახილიც უნდა იყოს, გზაარეული ვაცი ფარისკენ რომ შემოაბრუნოს. პოეტი ქალი, შინ და გარეთ მებრძოლი ამორძალია!
თქვენი ლექსი, რა თქმა უნდა, თქვენი ხედვით, რომლითაც ქალებს, დედებს და პოეტებს უნდა ახსოვდეთ… რომელია და რა შინაარსი დევს?
– მე ბევრი ლექსი მაქვს, რომელიც შეიძლება ქალებისა და დედების შემოძახილად ჩავთვალოთ, “ამორძალი”, 1982 წელს დაწერილი ლექსი: “ქალი”, “ჩვენ მარტოსული ქალბატონები”, “ნუთუ დამუნჯდა, რად დადუმდა ჩვენი თაობა?! “ასევე პატრიოტულ თემაზე შექმნილი, “მარტო ლექსებით ვერ ვითამარებ”, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ორი ლექსია, “ფრთები მეც მინდა” და “დე სიკვდილითაც არვის არ ვგავდე” , თუმცა ყველა ლექსი ძალიან მიყვარს. მაგალითად “ფრთები მეც მინდა” , სულიერი სიმაღლეებისაკენ ლტოლვის ნიმუშია.
„ვერ შევიყვარე ოქრო-ვერცხლი და
სულ ანგელოზებს ვუხმობდი ციდან,
უფალო ღმერთო! ფრთები მეც მინდა,
ჩემი გაჩენის პირველი დღიდან.
ვერ შევიყვარე მიწა წყეული,
თავის ხიბლით და თავის სიტკბოთი,
დავძრწოდი მარტო, მუდამ ეული
და გათოშილ სულს ზეცით ვითბობდი.
ჩამოვუღიგე სული მოკვდავებს,
და ნაფლეთ-ნაფლეთ დავუნაწილე,
ახლა უსულოს ვეღარ მომკლავენ,
ახლა უსულოს რა შემაშინებს?!“
ეს, ნაწყვეტია ჩემი საყვარელი ლექსიდან: “ფრთები მეც მინდა”. როდესაც ვამბობ: “ფრთები მეც მინდა” ვგულისხმობ სულიერ სიმაღლეს, სადაც მატერიალური პრობლემა არაფერს აღარ წარმოადგენს, უფალს ვთხოვ იმ მაღალ მდგომარეობას, სადაც ადამიანი არ ნერვიულობს რაღაც სისულელეებზე, აკი უფალი თავად გვირჩევს: “მცირედ მორწმუნენო! ნუ ფიქრობთ იმაზე თუ არ ჭამოთ ან რა სვათ, ვინაიდან თქვენმა მამამ უკეთ იცის თუ თქვენ რა გჭირიათ” ესე იგი, თუ ჩვენ სულიერად ავმაღლდებით, იგი გვპირდება ყველაფრის მოგვარებას, განა მე, დალი ყარაულაშვილი, ღმერთზე უკეთესად მოვაგვარებ რამეს? ფრთებში, სწორედ იმ სულიერ სიმტკიცეს ვგულისხმობ, რაც ყველა პრობლემის მოგვარებაში დამეხმარება.
ასე რომ ვთქვათ, ვინაა დალი ყარაულაშვილი.
– ვინ ვარ მე, დალი ყარაულაშვილი? ამ საკითხზე ბევრი მიფიქრია, ამ თემაზე ჩემი ორი ლექსი საუბრობს. ”იქ იმ ბიჭებთან, იმ ბავშვობაში” და “დე სიკვდილითაც არვის არ ვგავდე”. ეს ორი ლექსი, ჩემი ავტობიოგრაფიაა და საერთოდ, ლექსები თვითონ საუბრობენ ავტორის ბუნებაზე. საკუთარ თავზე მიჭირს საუბარი, ჩემს შესახებ დაე სხვებმა ისაუბრონ.
ყველაზე რთული პერიოდი რომელია თქვენთვის და ყველაზე დიდი სირთულე რა არის თქვენთვის?
– ბედნიერი ბავშვობა მქონდა. დავიბადე 1964 წლის 28 იანვარს. 1986 წლიდან დაიწყო ჩემი ცხოვრების რთული პერიოდი და დღემდე `უხმლო-უფაროდ ვებრძვი სატანას~. თითქმის 30 წელია კლდის ქარაფებზე მიწევს სიარული. წუწუნი არ მიყვარს, პირიქით, ჩემს სირთულეებს დავცინი. ვიცი რომ 30 წელი, ჩვენთვის, მოკვდავთათვის არის ხანგძლივი დრო, მაგრამ უფლისთვის ალბათ წამია, სწორედ ამ წამებში ვიწრთობოდი და რომ არა ის სირთულეები, რომელთა გადალახვაც გამოცდილებამ მასწავლა და მომიწია, ალბათ კაპიკი იქნებოდა ჩემი ფასი. ვთვლი, რომ ყოველი სირთულის გადალახვის ჟამს, თითო გამოცდას ვაბარებ, უკვე სპორტული ინტერესი გამიჩნდა, სირთულეების გადალახვისა და ვცდილობ, მაღალი ქულა დავიმსახურო იმ დიდი ძალისა და უდიდესი სიყვარულის წინაშე, ღმერთი რომ ჰქვია სახელად. ჩემთვის,სირთულე არ არსებობს მეთქი, რომ გითხრათ, ვიცი არ დამიჯერებთ, ვინც ახლოს მიცნობს, მათ კარგად იციან, რომ არა მარტო ჩემს სირთულეებს, სხვების სირთულეებსაც ვაგვარებ, როგორც შემიძლია, ვიცნობ თუ არ ვიცნობ, ახლობელია თუ შორეული, რა თქმა უნდა რწმენისა და ღმერთის დახმარებით, მაგრამ არსებობს ერთი დიდი სირთულე, რომელსაც ჯერ-ჯერობით გასაღები ვერ ვუპოვე, ძიებაში ვარ. მამაჩემი ჭკვიანი კაცი იყო, ერთი სადღეგრძელო ჰქონდა ამოჩემებული, “ჩვენს დაუმარცხებელ მტრებს გაუმარჯოსო” – იტყოდა, ახალგაზრდა ვიყავი, და სწორ ანალიზს ვერ ვუკეთებდი ამ ფრაზას. დაუმარცხებელ მტრებში შვილებს გულისხმობდა, შვილს დასამარცხებლდ ვერ იმეტებ, როცა მასთან წინააღმდეგობაში ვარდები. მაშ ასე, ყველაზე დიდი სირთულე, მხოლოდ ჩემთვის კი არა, ალბათ ყველა დედისთვის ის არის, როცა დედა-შვილი სხვა და სხვა ენაზე საუბრობს, როცა შვილთან, სასაუბრო ენას ვერ მიაგენი და იძულებული ხარ დადუმდე, სანამ ან ის, ან შენ, იმ ენას ვერ მიაკვლევთ, რომელიც ყველა კარებს გახსნის მის სულში. კიდევ ერთ რამეს ვიტყოდი, დიდი სიამოვნებით მოვუხდიდი დედაჩემს ბოდიშს, ვინაიდან მეც სხვა ენაზე მოსაუბრე შვილი ვიყავი. სამწუხაროდ დედა ცოცხალი აღარ არის, ასე რომ ბოდიშის მოხდა მასთან, იმ ქვეყნად მომიწევს. იმედია ჩემს გულწრფელობას სწორ შეფასებას მისცემთ.
პოეტი, რომელიც ყოველმხრივ სათაყნანებელი და მისაბაძია თქვენთვის…
– დაუფიქრებლად გეტყვით, ეს გალაქტიონია. მისაბაძი კი, ალბათ ილია ჭავჭავაძე, როგორც ნამდვილი მამულიშვილი და როგორც საზოგადო მოღვაწე. ისე, არავისთვის არასოდეს მიმიბაძია, პირიქით, ჩაცმითაც კი განსხვავებულად ვიცვამდი, სარდაფში ბებიას ძველ კაბებს ვეძებდი, აბლაბუდიან ხელჩანთებს, ვწმენდდი და ვაახლებდი, არასოდეს არავის არ ვგავდი, სიტყვა „მოდა“, ჩემთვის არ არსებობდა და არც დღეს არსებობს. ჩემს წარმოსახვაში მყავდა ჩემი რჩეული ლიტერატურული გმირები, რომლებმაც ჩემს შეხედულებებზე წარუშლელი კვალი დატოვეს და ბევრმა მათგანმა, ჩემი მსოფლმხედველობაც შეცვალა. ბავშვობაში, მაუგლის ვბაძავდი, ქალიშვილობაში კი ჯეინიარი გახდა ჩემი სათაყვანებელი ქალი. მთელი ცხოვრება გრაფ როჩესტერს ვეძებდი, სამწუხაროდ ვერ მივაგენი, ეტყობა იმ საუკუნეში არ მოვხვდი, გზა ამერია.
რას ნიშნავს თქვენთვის „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერიაში“ მონაწილეობა და რა არის ეს პროექტი თქვენთვის, მწერლობისთვის?
– წმინდა ილია მართლის გაზეთ „ივერიის“ პროზა-პოეზიის პრემია – „ივერიაში“ მონაწილეობა ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენი შესანიშნავი პროექტი და მთლიანად თქვენი ორგანიზაცია ილიას სახელთან არის დაკავშირებული და ეს უკვე ბევრ რამეს ნიშნავს. ჩემთვის საამაყოა თქვენისთანა ადამიანებთან ურთიერთობა, მე ხომ სანთლით ვეძებ საქართველოზე გულწრელად შეყვარებულ ადამიანებს. ალბათ უფლის ნება იყო ჩვენი შეხვედრა. ეს არის თავისთავად ძალიან სერიოზული პროექტი, მეტად ყურადღება მისაქცევია, ის, რომ ამ პროექტში შესაძლებლობა ეძლევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს საკუთარი თავის წარმოჩენისა, რათა სრულფასოვან ადამიანებად იგრძნონ თავი. მეორე, როგორც მე აღვიქვი ამ პროექტის მიზანია, ყველა დროის ტკივილი, სიხარული, პოლიტიკურ-პატრიოტული საკითხები ამოატივტივოს და დადოს მომავალი თაობებისთვის, როგორც ისტორია, ვინაიდან ერისა, ქვეყნის სოციალურ მგომარეობას მწერალზე და პოეტზე უკეთესად ვერავინ გამოთქვამს და ასახავს. მესამე, თუ ეს პროექტი გაგრძელდება და ალბათ უფლის ნებით წარმატებები გექნებათ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ძველი და ახალ თაობათა, ნათქვამი სიტყვის ერთმანეთთან შეჯერებისა და ანალიზის უკეთესად გაკეთებისა,. თუ რა სჭირდა ამა თუ იმ დროს ქვეყანას, რა სტკიოდა ხალხს და რა დროს და როგორ იცვლებოდა მგომარეობები, უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ. ღირშესანიშნავია ის, რომ პროექტი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, თქვენ ერთმანეთთან აახლოვებთ ყოფითი პრობლემების გამო, დაქსაქსულ პოეტებსა და მწერლებს და ეს სიყვარული, მთელი წელიწადი გრძელდება. შემდეგ კვლავ იწყება ახალი წელი და ისევ თქვენი მეშვეობით, გვეძლევა საშუალება კვლავ ერთად ვიყოთ. ეს შესანიშნავი პროექტი, გვაძლევს საშუალებას, ერთად შევაფასოთ ლიტერატურის განვითარების საკითხებიც. ამ პროექტში არც ასაკია შეზღუდული და არც ადამიანის შესაძლებლობა. ყველა დაფასებული და თანაბარია. არ არსებობს დიდი და პატარა პოეტი. ყველას თანაბრად ეძლევა შანსი წარდგეს საზოგადოების წინაშე და თქვას თავისი სიტყვა. ეს პროექტი, ხელმისაწვდომია ყველა მწერლისთვის და პოეტისათვის, ამიტომ გამორიცხული არ არის, თქვენმა პროექტმა, ბევრი ჩრდილში მდგომი, წინ წამოწიოს და იქნებ გენიოსებსაც მიაგნოთ.
როგორი დაფასება აქვს დღეს პოეტებს, მწერლებს?
– თითქოს ჩემს სულში იხედებით, ისეთ კითხვებს მისვამთ რაც ძალინ მაწუხებს და მტკივა, რაზეც გამუდმებით ვფიქრობ. „მწერლის გაზეთში“, რედაქტორი გახლავთ რეზო მიშველაძე, ბოლო ნომერში, დაიბეჭდა ჩემი პუბლიცისტური წერილი, „უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან“ იქ ნათლად აღვწერ მწერლებისა და პოეტების სავალალო მგომარეობას. ასევე 25 ივლისს „ვაჟაობის“ დღესასწაულზე საბოლოოდ დავრწმუნდი თუ რა წყალწაღებულ მდგომარეობაში იმყოფება ქართული მწერლობა. რა დაფასებაზე შეიძლება ისაუბრო, როდესაც ვაჟაობის დღესასწაულზე, ვაჟას სახლმუზეუმთან, კულტურის მინისტრის გამოჩენის გამო, ღვაწლმოსილი მწერლები და პოეტები, მინისტრის დაცვამ და ადგილობრივმა პოლიციამ, დიდი პოეტის სახლმუზეუმის აივნიდან, ქათმებივით ააქშიეს და მინდორში თაკარა მზის ქვეშ გარეკეს, მხოლოდ რეზო მიშველაძე არ დაიძრა ადგილიდან. ბევრი პოეტი კი, იმ ტეიტორიას ახლოს არ გააკარეს, ვერ გავიგე, რატომ არ ეკადრებოდა კულტურის მინიტრს აივანზე ჩვენთან ერთად დგომა?! მერე როგორც იქნა, მაყვალა გონაშვილსა და თითო-ოროლა მწერალს ად პოეტს, აივანზე ასვლის ნება დართეს. ცოტა ხანი არ იყო გასული, რომ ხელმეორედ მოვარდა ახლა პრემიერ-მინისტრის დაცვა და ახლა მათ გადარეკეს მინდორში ცხვრებივით გატრუნული მწერალ-პოეტები. მის აღმატებულება პრემიერ მინისტრსაც არ ეკადრებოდა ჩვენს გვერდით დგომა. აქაც მხოლოდ რეზო მიშველაძემ, არ მოიცვალა ადგილიდან ფეხი. ყველა რომ ასე მოქცეულიყო ჩვენს პატივისცემას ხელისუფლებაც ისწავლის და საზოგადოებაშიც აღვიდგენთ შელახულ სახელს. მწერალი თუ მონად იქცა, საზოგადოებას რა ბედი ელის? იყო პოეტი ეს ნიშნავს იყო მაგალითი შენი ერისა. ამ ყველარის შესახებ ვრცელი წერილი დავდე ფეისბუკის კედელზე. ღარიბაშვილის ხუთწუთიანი ვიზიტის შემდგომ, მაყურებელიც და ღონისძიების ორგანიზატორებიც ფინია ძაღლივით აედევნენ ბატონ პრემიერს და ღონისძიება ჩაიშალა, ვიღას ახსოვდა მწერალი და პოეტი?! ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ვაჟაობა კი არა, ღარიბაშვილობა იყო. ყველაზე დიდი სირცხვილი ის იყო რომ შუა აზიიდან ჩამოსული ღვაწლმოსილი სტუმრები, რომელთაც მშობლიურ ენაზე თარგმნეს, ვაჟა და შოთა რუსთაველი, გაოგნებულები დარჩნენ ხელისუფლების ჩვენდამი, ასეთი დამოკიდებულებით. საწუხაროა.
რა ადგილი უჭირავთ დღეს ქართველ მწერლებს საქართველოში და მათ აზრს თუ ითვალისწინებენ?
– არანაირი ადგილი აღარ გვიჭირავს. ახალი ხელისუფლება რომელიც სათავეში სამართლიანობის აღსადგენად მობრძანდა, არაფერს არ აკთებს საიმისოდ, რომ წინამორბედთა მიერ დაშვებული შეცდომები და ვანდალური ქმედებებიდან გამომდინარე, მიღებული შედეგები გამოასწოროს. მწერლებსა და პოეტებს წაართვეს სახლი, რომელიც მათ საჩუქრად თავად მესაკუთრემ გადასცა. „ნაჩუქარის წართმევა“, რომ არ შეიძლება ეს ბავშმაც იცის, მაგრამ ვერც ახალმა ხელისუფლებამ ივარგა და ვერ, ან არ, დაგვიბრუნა უკანონოდ წართმეული ქონება. რა ადგილი გვიკავია? რომელ ადგილზე საუბრობთ?! ადგილიც წაგვართვეს და ქედიც მოგვიხარეს, ზოგ-ზოგიერთების გამოკლებით. იქ, სადაც პირველ რიგში მწერალ-პოეტების ადგილი იყო, (მწერალთა კავშირის ბაღს ვგულისხმობ) კაფე-რესტორანი დაარსეს და ერთი ფინჯანი ყავა 5 ლარი ღირს, რომელსაც მწერლის გამოფხეკილი ჯიბე ნამდვილად ვერ შეწვდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი კუთვნილი ადგილი, მწერალთა კავშირის ბაღში, გარედან შემოსულ, “კლიენტს” უნდა დავუთმოთ. ვიღა ითვალისწინებს მწერლისა და პოეტის აზრს?! “მამული, ენა, სარწმუნოება” ამ სამ ფენომენზე დგას საქართველოს კეთილდღეობა, სწორედ ენაა, ის საძირკველი, ანუ ფესვი, რომელზეც თაობები იზრდება. ესიგი, ჩვენ, მწერლები და პოეტები, (ვგულისხმობ ნამდვილ მწერლებსა და პოეტებს), წარმოვადგენთ საქართველოს კეთილდღეობის ერთ-ერთ ბერკეტს. მაგრამ სამწუხაროდ ქვეყნის ბერკეტი კი არა, საკუთარი თავის ბერკეტებიც მოგვირყიეს და ლამისაა თვითმკვლელი არწივებივით მიწას დავენარცხოთ. ვინც ხელისუფლებას გუნდრუკს უკმევს, იცოცხლე, გაპიარებული და გაფოფინებულია, მაგრამ ვინც სიმართლის სადარაჯოზე დგას, იმათთვის ყველა გზა მოჭრილია. დღეს არავინ არაფერს ეკითხება მწერლებს. ჩვენი ქვეყნის ბედს, როგორც სურთ ისე ჭრიან და კერავენ. დიახ! საქართველოს ბედს ისე ჭრიან და კერავენ, როგორც მათ ჯიბეებს წვდება და სჭირდება. აგერ, შედეგიც სახეზე გვაქვს, ქვეყანა თავზე გვემხობა! გიჟივით გავიძახი, რატო დავდუმებულვართ „ჩვენ პოეტები საქართველოსი?!“ მაგრამ… დუმილი მპასუხობს, ძველები დაგვიბერდნენ, ახლები კი ისეთი თარგით გამოჭრეს და შეკერეს, რომ მათ ყურებს ჩემი და ჩემნაირების ძახილი ვერ წვდება. თვალებში კი ამერიკული ლინზები ჩაუყენეს და ქართული მხედველობა დააკარგინეს. ასე, რომ სამწუხაროა, მაგრამ, ამ ეტაპზე ეს არის ჭეშმარიტება!
და ბოლოს, ქალბატონო დალი, როგორ საქართველოში იცხოვრებდით?
სადაც ყველასათვის, აუცილებელი და სავალდებულო გახდებოდა რელიგიისა და უფლის სიტყვის ძირფესვიანად შესწავლა. მაშინ არ იქნებოდა ასეთი დონის სულიერი სიბრმავე. სადაც ხელისუფალნი საზოგადოებრივ ადგილებში გამოჩნდებოდნენ დაცვის გარეშე და მე, ჩვეულებრივი მოქალაქე, ან პოეტი, არ ვიგრძნობდი, მმართველთა უნდობლობას ჩემს მიმართ, ანუ შიშს. სადაც ვაჟებს აღზრდიდნენ თანამედროვე რაინდებად. სადაც ქალებს დაუბრუნებდნენ წართმეულ ქალობას და გოგონებს ასწავლიდნენ მამაკაცის ღირსებისა და საკუთარი პატიოსნების დაცვას. სადაც ქურდობა ჩაითვლებოდა ყველაზე სამარცხვინო ქმედებად. მაშინ არ გვეყოლებოდა ათასნაირი მენტალიტეტის მატარებელი ახალგაზრდობა და იქნებოდა მხოლოდ ერთი საამაყო მენტალიტეტი, კაცობა! სადაც, საკუთარი თუ სხვისი დედის გინებისთვის, ერი გამოიტანდა განაჩენს, ვინაიდან საკუთარი დედისა და სხვისი დედის გინება, ნიშნავს ღვთისშობლის გინებას და სანამ ჩვენ, ასე მასიურად, ღვთისშობლის მაგინებლები ვიქნებით, სიკეთე არანაირად არ გვეღირსება. სადაც, ეგრეთწოდებულ “ცისფერ მამაკაცებს” კი არ ჩაქოლავენ, არამედ იმუშავებენ მათი ფსიქოლოგიის შეცვალაზე, ვინაიდან უფალი არასოდეს არ ცდება, რაკი ისინი მამაკაცებად მოავლინა ქვეყანას, არ შეიძლება მათში ის მამაკაცური ღირსებები არ იდოს, რომელიც ალბათ, სადღაც დაკარგეს, არასწორი აღზრდისა და მათდამი გამოჩენილი, უყურადღებობოს გამო. მათ, გუნდრუკი კი არ უნდა ვუკმიოთ, პირიქით, აგრესიების გარეშე, კრიტიკული მიდგომაა საჭირო, ვინაიდან იგრძნონ თავისი არასწორი შეხედულებების სავალალო შედეგი. არასოდეს არ არის გვიან. მე მესმის ფრაზები, რა ქნან? ასეთები დაიბადნენ! ეს შემოძახილი ტელეეკრანიდან, რომელსაც მთელი საქართველო უყურებს, დანაშაულია და უფრო უარესი, ეს მხარდაჭერაა! სადაც, უმაღლეს საფეხურზე იქნებოდა აყვანილი მშობლების პატივისცემა, დედაშვილობის ფენომენზე და მშობლის დანიშნულებაზე, ბავშვობიდან გაანათლებდნენ პატარებს და მათ კოდივით ჩაუდებდნენ სულში, მშობლის პატივისცემის რელიგიურ დანიშნულებას. და ბოლოს, მე, ვიცხოვრებდი ისეთ საქართველოში სადაც სიმართლეს გვირგვინს ვერავინ მოხსნიდა და იგი იქნებოდა ჩვენი სამშობლოს კრედოც და ხელისუფალიც!