არა ერთ გენიოსს უსაუბრია იმის შესახებ, რომ დასაბამიდან ადამიანი გაუჩერებლად რაღაცისკენ მიისწრაფის. უმეტეს შემთხვევაში, ამას წარმატებისკენ მიმავალ გზას ვუწოდებთ ხოლმე, მე ცოტა სხვანაირ სახელს დავარქმევდი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს გააჩნია რაღაცის განსაკუთრებულად კარგად კეთების უნარი, პოტენციალი, რაშიც აუცილებლად წარმატებული იქნება, მთავარი სირთულე სწორედ იმ საქმის პოვნაა, რომელშიც შემდეგ აუცილებლად საკუთარ თავს აღმოვაჩენთ. ეს კი დაუღალავ შრომას, სწავლას და ძიებას მოითხოვს, რაც, დამეთანხმებით, არც ისე ადვილია და ცოტას თუ გამოსდის. თუმცა, ვინც ამ გზაზე ფარ-ხმალს არ ჰყრის სასურველ შედეგს ყოველთვის იღებს და, ხშირ შემთხვევაში, ეს შედეგი იმაზე სასიამოვნოა, ვიდრე თავად მოელიან ხოლმე. დღეს მინდა სწორედ ასეთ პიროვნებაზე – გიორგი კონტუაძეზე გესაუბროთ. მან დამოუკიდებლად დაიწყო იმ სფეროში გზის გაკვალვა, რომელმაც დაახლოებით მესამე კურსზე დააინტერესა და არჩეული პროფესიისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შუშლია. დამოუკიდებლად დაიწყო ყველაფრის შესწავლა, რომელიც სასურველ მიზანთან დააახლოებდა. მონდომებულმა შრომამ და სურვილმა, არ ყოფილიყო წარსულის პერსონაჟი, ან მაყურებლის ფუნქცია არ ჰქონოდა სწრაფად განვითარებად სამყაროში, გიორგი ინოვატორობამდე მიიყვანა. მართალია სხვადასხვა მიმართულებით ცდილობს განვითარებას, შეიძლება ითქვას ატარებს ექსპერიმენტებს, ცდილობს ყოველთვის სიახლეებზე იყოს ორიენტირებული და რაღაც ახალი წამოიწყოს, თუმცა ამ ეტაპისთვის მისთვის საამაყო ერთი საინტერესო ინოვაციური სიახლეა ქართულ ბაზარზე – Giffer ჩვენთან 2015 წელს გამოჩნდა. როგორც თვითონ ამბობს, მის გარეშე უკვე არც ერთ ღონისძიებას არ ჩაუვლია. ამჟამად იგი კომპანია Outline-ის დამფუძნებელი და კომპანია Giffer-ის თანადამფუძნებელი გახლავთ. თუ როგორ მივიდა ამ საფეხურამდე, უფრო დეტალურად, თავად გიორგი გვიამბობს:
მოგვიყევით თქვენზე, როგორია თქვენი ბიოგრაფია…
– არ ვიცი სად იწყება ჩემი ისტორია, არამგონია თქვენი მკითხველისთვის სკოლამდელი პერიოდი და სკოლის დროინდელი “გიჟმაჟობები” საინტერესო იყოს, თუმცა ამ პერიოდიდან გვერდს ვერ ავუვლი ჩემს სპორტულ ცხოვრებას, რომელსაც ძალიან დიდი ნაწილი ეჭირა ჩემს ცხოვრებაში 9 წლის განმავლობაში წყალბურთს ვთამაშობდი, ვთვლი, რომ ნორმალურ დონეზეც. სპორტული ცხოვრება იმდენად დიდ შრომას მოითხოვდა, რომ ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა სხვა ნებისმიერი აქტივობისთვის. უნივერსიტეტში სწავლის დროს დავდექი არჩევანის წინაშე, გამეგრძელებინა ვარჯიში თუ შემეცვალა კურსი და სხვა მხრივ წავსულიყავი. ჩემი დიდი სიყვარულის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე დიდი სპორტისთვის თავი დამენებებინა. ვფიქრობ, რომ არ მივიღე ცუდი გადაწყვეტილება. სამოყვარულო დონეზე როცა დრო მაქვს ახლაც ვვარჯიშობ ხოლმე.
რამდენად ტრადიციულ ოჯახში გაიზარდეთ და ვინ იქონია გავლენა თქვენი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში?
– არ მესმის ტრადიციული ოჯახის ცნება, ყველას თავისებურად ესმის ტრადიციულობა. მე ბავშობიდანვე ვიზრდებოდი ჩემი მშობლების ხელში. ვსწავლობდი როგორ და რატომ უნდა ვიქცეოდე ასე და ამგვარად. ვგულისხმობ იმას, რომ ვფიქრობ ჩემი ადამიანად ჩამოყალიბება ჩემი მშობლების სწორი აზროვნების დამსახურებაა. მისაბაძი ადამიანი არასდროს არ მყოლია, თუმცა ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ხოლმე ძმას და მამას ყოველთვის, მათგან ძალიან ბევრი კარგი რამ ვისწავლე.
თავიდან ტურიზმის მენეჯმენტზე ჩააბარეთ, რის მიხედვით აირჩიეთ პროფესია? რამდენად აქტიური სტუდენტი იყავით? ამართლებდა არჩეული ფაკულტეტი თქვენს მოლოდინებს?
– სიმართლე რომ ვთქვა, ტურიზმზე სწავლა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ვთვლიდი სამსახურის პოვნა ამ მიმართულებით უფრო მარტივი იქნებოდა. მოთხოვნადი პროფესია იყო. ვერ ვიტყვი, რომ დიდად მაინტერესებდა ეს მიმართულება, თუმცა ამის გასანეიტრალებლად მეორად პროფესიად ფილოსოფია ავირჩიე და ამით ვაბალანსებდი ინტერესებს. ვერ ვიტყვი რომ გაამართლა, რადგან ჩემი მიმართლებით არ მიმუშავია არასდროს. მიუხედავად ამისა, სტუდენტობის დროს არასდროს მიზარმაცია და ყოველთვის გამოვირჩეოდი საქმისადმი საკმაოდ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით.
მოგვიანებით განსხვავებული სფეროთი დაინტერესდით და აქტიურად დაიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. რამ განაპირობა ეს და რა მიზანი გქონდათ?
– მეოთხე კურსის ბოლოს დავინტერესდი ბლოგებით. მქონდა პირადი ბლოგი და ვწერდი ხოლმე პოსტებს. როდესაც ვარჯიშიდან დაღლილი ვბრუნდებოდი სახლში, მაინტერესებდა ყველაფერი და ჩემით ვუკირკიტებდი რაღაცებს. სოციალური ქსელები ისეთი სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა, რომ დავინტერესდი ამ მიმართულებით და კიდევ უფრო მეტი მუშაობა დავიწყე საკუთარ თავზე. მთავარი ხომ მონდომებაა, საკუთარ თავზე მუშაობა და კონკრეტული მიზნისკენ სწრაფვა აყალიბებს ადამიანს სასურველ პიროვნებად. წარმატება ხომ სასურველობაშია, რამდენად ღირებულია ის, რასაც ქმნი. არასდროს მიყვარდა რუტინული სამსახურები, ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ჩემს შინაგან სტილს და ხასიათს, მაგალითად, ვერასდროს ვიმუშავებ საბანკო სექტორში, კაცია და გუნება. საყვარელი საქმის კარგად კეთება ყოველთვის რეზონანსულია ხოლმე, ამიტომ, რაც დრო გადიოდა მით უფრო მეტ ყურადღებას იქცევდა ის, რასაც ვაკეთებდი.
თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ გვიამბეთ….
17 წლიდან ვმუშაობ, ჩემი სამსახურეობრივი გამოცდილება უფრო არასამთავრობო სექტორიდან იწყება. როცა სტუდენტი ვიყავი მოხდა ისე, რომ დავმეგობრდი ჩემს ლექტორთან. კომუნიკაცია ადამიანებთან არასდროს მიჭირდა. მამჩნევდა, რომ ცოტა არაოდინალური ტიპი ვიყავი, თან პროფესიასთან დაკავშირებითაც სხვა ინტერესები მქონდა. მოკლედ, მოხდა ისე, რომ სტუდენტობიდანვე სამუშაო შემოთავაზება მივიღე. საკამოდ სერიოზულ ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა, რომელიც ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობდა. ეს იყო ადგილი სადაც ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე და ბევრი რამ ვისწავლე. შემდეგ ვმუშაობდი სარეკლამო კომპანია ზებრაში, ბილაინშიც, ილიას უნივერსიტეტში ვკითხულობდი ლექციებს, აჭარაბეთში. იმედია არ გამომრჩა კომპანიები. თუმცა ყოველთვის სამი ან ოთხი სამსახური მაქვს ხოლმე, ახლაც ასეა. ჰო, და ეტაპობრივად სხვადასხვა კომპანიებისგან მქონდა შემოთავაზებები და დღესაც ვარ სარეკლამო ბანერებზე, ვიდეო კლიპებში, ბილბორდებსა თუ ბროშურებზე. მართალია ამას სერიოზულად არ ვთვლი, თუმცა ჰონორარი აქაც ამიღია და ვერთობი, სასიამოვნო პროცესია.
ილიას უნივერსიტეტეში, გარკვეული პერიოდი, ლექციებს კითხულობდით, როგორია თქვენი დამოკდებულება სტუდენტებისადმი? როგორი თაობაა?
– 2 წელი ვასწავლიდი ილიას უნივერსიტეტში, ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ჩემთვის, ძალიან სასიამოვნოა სტუდენტებთან ურთიერთობა, როდესაც ცოდნას და გამოცდილებას უზიარებ მათ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ ასაკობრივი სხვაობა ჩვენ შორის დიდი არ იყო, ძალიან ოფიციალურად მომმართავდნენ, ვცდილობდი მეგობრული ვყოფილიყავი ჩემს სტუდენტებთან, რამოდენიმე სტუდენთან ახლაც ძალიან კარგი და მეგობრული დამოკიდებულება მაქვს.
2015 წელს ქართულ სივრცეს ინოვაციური პროდუქტი წარუდგინეთ, Giffer, საიდან გაჩნდა მისი შექმნის იდეა, რამდენად რთული და სარისკო იყო ამ პროდუქტის შექმნა, კომფორტულია ქართული სივრცე დამწყებთათვის?
– გიფერის იდეა ძალიან სპონტანურად დაიბადა, ოთხმა მეგობარმა შევქმენით. აწ უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი პროდუქტი Giffer, ეს არის მოწყობილობა, რომელიც იღებს მოძრავ ფოტოებს. ჯერ კიდევ იმ პერიოდში დავიწყეთ მუშაობა ამ იდეაზე სანამ სოციალურ ქსელებში აქტიურად გამოჩნდებოდა გიფები და კომპანიები დაიწყებდნენ გიფებით მომხმარებლებთან ინტერაქციას. მისი სტრუქტურა მოვარგეთ მომხმარებლებს, იმ ახალგაზრდებს რომლებიც არიან აქტიურები და ეძებენ სიახლეებს, დღევანდელ დღეს ყველა სიახლე ხომ საინტერესოა, თუმცა სარისკო. ვერ ვიტყვი რომ ამ ბიზნესის წამოწყება არ ატარებდა რისკ-ფაქტორებს, თუმცა წარმატება რისკის გარეშე ხომ არ არსებობს. ძალიან ძნელია საქართველოში კომფორტულად ავითარებდე ბიზნესს, ეს ძალიან დიდ ძალისხმევას საჭიროებს. უამრავი დეტალი იყო გასათვლელი, გავაკეთეთ დიზაინი, ქალაქ რუსთავში ვნახეთ გუნდი, რომელიც დაგვიმზადებდა სპეციალურ კონსტრუქციას სასურველი დიზაინით, გავთვალეთ ქართული ხასიათი და გიფერს დავუყენეთ ანტივანდალური მონიტორი, რომელიც არ ზიანდება, დავწერეთ აპლიკაცია, რომელიც ძალიან მარტივია მომხმარებლებისთვის, სულ რაღაც წამებში გიფის გადაღებიდან მომხმარებელს საშუალება აქვს საკუთარი გიფი სოციალურ ქსელში გააზიაროს. პროდუქტი იმდენად საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა კომპანიებისთვის, რომ ძალიან მალე გახდა მოთხოვნადი. ამას დაემატა ის, რომ ფეისბუქმა გიფებისადმი დამოკიდებულება შეცვალა და ძირითადი კონტენტი კომპანიებისთვის და არა მარტო, გახდა გიფები და ვიდეოები, რამაც ერთი ორად გაზარდა ჩვენი პროდუქტის მოთხოვნა. გიფერი უნიკალური პროდუქტია იმით, რომ მას საქართველოში ანალოგი არ ჰყავს, ეს არის პროდუქტი, რომელიც 4-მა ადამიანმა შექმნა და დროის ძალიან მოკლე ვადაში ყველასთვის საყვარელ გასართობ მოწყობილობად ჩამოაყალიბა. თამამად ვიტყვი, რომ თითქმის საინტერესო ღონისძიებას არ ჩაუვლია მის გარეშე. გართობა ერთ კადრში ხომ უკვე დიდი ხანია რომ ვეღარ ეტევა.
ელოდით იმ წარმატებას, რომელიც Giffer-მა მოგიტანათ?
– გიფერით ასეთ დაინტერესებას საზოგადოების მხრიდან სიმართლე რომ გითხრათ არ ველოდით. პირველი ღონისძიების შემდეგ ზარები არ წყდებოდა ჩვენი მოწყობილობის მსურველების მიერ. დავიწყეთ მოწყობილობების დამატება რომ ბაზარზე მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა .
წარმატების მიღწევა კარგი გუნდის გარეშე რთულია…
– ნამდილვად, კარგი გუნდის გარეშე ვერაფერს შეძლებ ადამიანი, შეილება არსებობდეს კარგი იდეა მაგრამ თუ არ გყავს ისეთი ადამიანები გვერდით, რომლებიც არ დაგეხმარებიან ამ ყველაფრის განხორციელებაში, იდეა იდეად დარჩება. ანანო მიმინოშვილი, რომა გუჯაბიძე და თორნიკე ტურიაშვილი, ესენი არიან ის ადამიანები, რომელთან ერთადაც ჩაედგა სული გიფერს. ჩვენი ეს პროდუქტი დღემდე განაგრძობს განვითარებას და დახვეწას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გუნდთან ერთად კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს ჩაეყრება საფუძველი.
თქვენი დღევანდელი საქმიანობით რამდენად კმაყოფილი ხართ?
– ალბათ რთულია ბიზნესში კმაყოფილი იყო იმ შედეგით რაც გაქვს და არ მიისწრაფოდე უკეთესი შედეგისკენ. უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი, რომ ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით. ნოვატორობა ნიშნავს მუდმივად პროგრესირებდე იმ სფეროსთან ერთად, სადაც მუშაობ, სწორედ ამიტომ, მე არ ვთვლი რომ აქ უნდა გავჩერდე. გიფერი ის ქმნილებაა, რომელიც დღეს შეიქმნა და მომავალში კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს დაიპყრობს. თუმცა, წინ უამრავი პროექტი და იდეა გვაქვს განსახორციელებლად მომზადებული. ინოვაციები და რისკები, რომელიც ასე საჭიროა, განვითარების საწინდარია.
დაღლილი სამუშაო დღის შემდეგ, თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?
– არ ვიცი თავისუფალი დრო რა არის. იმდენად დატვირთული გრაფიკი მაქვს, რომ არასდროს მაქვს განტვირთვის საათები. მაგრამ, თუ არსებობს ასეთი შემთხვევა და საღამოს მეძლევა დასვენების საშუალება, აუცილებლად მეგობრებთან ერთად ვატარებ დროს. ისინი სულ მეწუწუნებიან, რომ ვერასდროს ვიცლი მათთვის, ასეა, ვერაფერს ვიზამ, მაგრამ გაგებით ეკიდებიან.
როგორი ხართ მეგობრებთან?
– ვინც მიცნობს ყველა ხაზს უსვამს, რომ ძალიან პოზიტიური და მხიარული ადამიანი ვარ. მეც ასე ვფიქრობ და არ უნდა იყოს ცუდი. არასდროს არ ვარ ცუდ ხასიათზე. განსაკუთრებით, როცა მეგობრებთან ერთად ვარ. მათთან დიდ დროს ვერ ვატარებ, ამიტომ რა დროსაც მათ ვუთმობ მაქსიმალურად ვცდილობ დადებითი ემოციებით დავიმუხტო და ანალოგიურად დავმუხტო ისინიც.
ვიცით, რომ სანაცნობოში ქართველ ცუკერბერგსაც გეძახიან. მართალია თუ არა? როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
ძალიან მეცინება ამ თემაზე. კი, რიგ შემთხვევაში მართალია, მეძახიან. თუმცა, მე რა თქმა უნდა, ასე არ ვთვლი. არც იმას ვფიქრობ, რომ ვგავარ რამით. პირიქით, ჩემი ინდივიდუალური სტილი მირჩევნია. მეციენბა იმიტომ, რომ მან, ვის სახელსაც მეძახიან მთელი მსოფლიო დაიპყრო და დიდი კაპიტალიც შექმნა, დიდ ქველმოქმედებასაც აკეთებს და შეიძლება ითქვას, შეცვალა მსოფლიო. ამიტომ, როდესაც ასე მომიხსენიებენ ხოლმე, თუნდაც ახლობლები მეღიმება. ჩემი მეგობრის არგუმენეტები რომელმაც ასე შემარქვა არის ის, რომ თითქოს ვგავარ მას ფიზიკურად, არის “რიჟა” ჩემსავით. კიდევ, რახან მიყვარს სიახლეები და სულ ვცდილობ ამ სიახლეების ეპიცენტრში ვიყო და ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მიზანსწრაფული, მონდომებული ვარ. ამას მაინც ნუ მიაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას… შემდეგზე გადავიდეთ!
ვამთავრებთ. სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, რაიმე კონკრეტულ პროექტზე ხომ არ დაგიწყიათ მუშაობა?
– სამომავლო გეგმებზე საუბარი არ მიყვარს, ცრუ რწმენად არ ჩამითვალოთ, უბრალოდ არის ისეთი პროექტები რომლის გამხელაც არ მინდა, როცა პროექტი განხორციელდება, შემდეგ გავახმაურებ. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ვმუშაობთ გიფერის დიზაინის და ფუნქციონალის დახვეწაზე და ჩვენს მომხმარებლებს ვპირდები, რომ მალე ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე გვექნება.
მსიამოვნებს როდესაც ვამაყობ იმით რაც შევქმენით, იმ როლით რაც შევასრულეთ ჩვენი წილი ტექნოლოგიური განვითარების კუთხით. ხშირად დავფიქრებულვარ მომავალზე, მიკითხავს საკუთარი თავისთვის, საით მივდივარ, რა იქნება ხვალ? თუმცა, პასუხი მაქვს ძალიან არაორდინალური – არ ვიცი! რადგან იმ სფეროში, სადაც მე გამოწვევებს ვებრძვი, სადაც ვცდილობ ვიყო ლიდერი და ვქმნიდე საუკეთესოს იმ სისწრაფის მიხედვით, რა სისწრაფითაც ეს სფერო ვითარდება, შეუძლებელია ვთქვა რა იქნება მომავალში. სად ვიქნები, რა გამოწვევებით, რა გამოგონებებით, რა გეგმებით,მაგრამ ერთი ცხადია, – შესაძლებლობებით საკუთარ თავს ძალიან მალე გავასწრებ და იძულებულს გავხდი გამომყვეს!
მარიამ ტაკაშვილი