diagramaსტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში განქორწინების რიცხვმა გასულ წელთან შედარებით, თითქმის, 13%-ით მოიმატა.

აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე არამყარი ოჯახები დედაქალაქში იქმნება.

სტატ„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა, თუ რით არის გამოწვეული გახშირებული განქორწინებები და  როგორ შეიძლება გადავარჩინოთ ოჯახი დაშლას, როგორ უნდა მოხეხრდეს მტკიცე ოჯახის შენარჩუნება, აღნიშნულ აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ ფსოქოლოგებს – ლელა ტყეშელაშვილს და  ნინო კერესელიძეს დავუკავშირდი.

ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი: “ოჯახური ურთიერთობა პიროვნებათშორისი ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმაა. მის შექმნასა და დაშლას დაახლოებით ისეთი კანონზომიერებები უდევს საფუძვლად, როგორც სოციალური ურთიერთობების უმრავლესობას, თუმცა, ბუნებრივია, აუცილებელია, ვისაუბროთ კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელ სპეციფიკაზე.

12243067_912284ფსიქოლოგი ლელეა ტყეშელასვილი

ადამიანებს შორის კონფლიქტსა და მათ შეუთავსებლობას, ძირითადად მოთხოვნილებათა არასათანადო დაკმაყოფილება იწვევს. ასეა საოჯახო ურთიერთობებშიც. ხშირად ოჯახური კონფლიქტისა და განქორწინებების ძირითად მიზეზად მეუღლეთა ფსიქოსექსუალურ შეუთავსებლობას ასახელებენ, მაგრამ პრობლემა არც ასეთი მარტივი და ცალსახაა. არანაკლებ მწვავედ განიცდიან მეუღლეები ერთმანეთის მხრიდან როვნული ღირსების გრძნობის უპატივცემულობას, გაგებისყურადღებისმზრუნველობის ნაკლებობას ან არარსებობას. მნიშვნელოვან პრობლემად გვევლინება დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები ურთიერთდახმარებისა და ურთიერთგაგების მიმართებით – საოჯახო საქმის, შვილების აღზრდის, მშობლებისადმი დამოკიდებულების საკითხებში.

განქორწინების მაპროვოცირებელ რისკ-ფაქტორად გვევლინება მეუღლეთაგან თუნდაც ერთის გადამეტებული სწრაფვა საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ (ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ფლანგვა, ფინანსური ხარჯები მხოლოდ საკუთარ თავზე და სხვ.).

ასე რომ, მიზეზები მრავალფეროვანია, გადამწყვეტი შეიძლება გახდეს ისეთი ერთი შეხედვით უმნიშვნელო მიზეზებიც კი, როგორიცაა განსხვავებული შეხედულებები თავისუფალი დროის გატარებისა და ჰობის შესახებ.

მეუღლეთა შორის კონფლიქტზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს გარეგანი ფაქტორებიც: მატერიალური მდგომარეობის გაუარესება, საბინაო პრობლემები, საბავშვო ბაღსა და სკოლასთან დაკავშირებული პრობლემები; ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის  გადატვირთულობა სამსახურში, უმუშევრობა და სხვ.

მეუღლეთა კონფლიქტური ურთიერთობის გამომწვევ ფაქტორებს შორისაა ოჯახის განვითარების კრიზისული პერიოდებიც.

კრიზისული წლები მართლაც არსებობს. კრიზისი ფსიქოლოგიაში ყოველთვის უარყოფით კონტექსტში  არ განიხილება. ის,  გარკვეულწილად,  განვითარების საფუძველია. ადამიანი ან ოჯახი, რომელიც წარმატებით  გადალახავს კრიზისს, უფრო მაღალ საფეხურზე გადადის, ვიდრე მანამდე იყო. ოჯახი, რომელსაც ეს არ გამოუვლია, უფრო დიდი რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს. ახალგაზრდა წყვილების ფსიქოლოგიური განათლება, წინასწარი ცოდნა კრიზისული პერიოდების არსებობის შესახებ, დაეხმარება მათ პრობლემების თავიდან აცილებაში.

ზოგადად, ქორწინების პირველი წელი ხასიათდება მეუღლეთა ურთიერთადაპირისპირების პრობლემებით. ამ დროს ორი “მე” ხდება “ჩვენ”. ევოლუციას განიცდის გრძნობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება ემოციური საფარველი და მეუღლეები ერთმანეთის პირისპირ ისეთებად წარმოდგებიან, როგორებიც სინამდვილეში არიან. დადგენილია, რომ ამ პერიოდზე მოდის განქორწინებათა 30%.

მეორე კრიზისული პერიოდი ბავშვის დაბადებას უკავშირდება. ამ დროს ჯერ კიდევ გაუმყარებელი სისტემა “ჩვენ” სერიოზულ გამოცდას განიცდის. ამ კრიზისს საფუძვლად უდევს  მეუღლეთა (უფრო ხშირად – ქალის) პროფესიული ზრდის, მიმზიდველი საქმიანობით ჰობით დაკავების შესაძლებლობათა გაუარესება, ბავშვის მოვლით გამოწვეული გადაღლილობა (უფრო ხშირად დედის) და ამის გამო მეუღლისადმი უყურადღებობა და  ინტიმური ურთიერთობის გაუარესება მეუღლეთა და ოჯახის წევრთა შეუთანხმებლობა ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებში;

მესამე კრიზისული პერიოდი ხასიათდება ერთფეროვნების პრობლემით, ერთფეროვანი შთაბეჭდილებების მრავალჯერ განმეორების შედეგად მეუღლეებს შეიძლება გაუჩნდეთ მობეზრების, გაჯერების გრძნობა და დადგეს ეტაპი ახალი შთაბეჭდილებების ძიებისა.

მეოთხე პერიოდი დგება ერთობლივი ცხოვრების 18-24 წლის შემდეგ, რაც ხშირად ემთხვევა ხანდაზმულობის პერიოდის მოახლოებას, ამას აძლირებს შვილების მიერ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება და ამით გამოწვეული მარტოობის განცდა, ცოლის მღელვარება ქმრის შესაძლო ღალატის გამო.

ფსიქოლოგები ოჯახურ წყვილს ასეთ ძირითად რეკომენდაციებს სთავაზობენ:

– პატივი ეცით მეუღლეს, გახსოვდეთ, რომ ის არის თქვენი უახლოესი ადამიანი და თქვენი შვილების მშობელი. მის გატაცებებს მოეპყარის ინტერესით და პატივისცემით, იყავით ყურადღებიანი, შეძელით მეუღლის მოსმენა და გაგება.

– შეეცადეთ, არ დააგროვოთ წყენა, მაშინვე მოახდინეთ რეაგირება, თუმცა  არ მისცეთ ერთმანეთს შენიშვნა სხვა ადამიანების თანდასწრებით.

– გამორიცხეთ ბრალდებები ინტიმური სფეროდან, რადგან ისინი ძნელად ეძლევა დავიწყებასმინიმუმამდე დაიყვანეთ ეჭვიანობა, ოჯახურ ცხოვრებაში ზოგჯერ უკეთესია, არ იცოდე სიმართლე, ვიდრე რადაც  უნდა დაგიჯდეს დაადგინო ჭეშმარიტება; იზრუნეთ საკუთარ ფიზიკურ მიმზიდველობაზე.

– არასოდეს განაზოგადოთ მეუღლის ნაკლოვანებები, განიხილეთ მხოლოდ კონკრეტული საქციელი კონკრეტულ სიტუაციაში. იმუშავეთ საკუთარ ნაკლოვანებებზე, ნუ განადიდებთ ღირსებებს, ნუ მიიჩნევთ, რომ ყველაფერში მართალი ხართ.

– და ბოლოს, შეეცადეთ ზოგჯერ დაისვენოთ ერთმანეთისაგან, რაც ემოციური მობეზრების განცდას მოგიხსნით.

მყარი ოჯახის შექმნის საფუძველი უდავოდ – სიყვარულია. ურთიერთობის რომანტიკული დასაწყისი წყვილს დიდი ხნით უნარჩუნებს ურთიერთმიზიდულობას. ფიზიკური მიმზიდველობა, გრძნობათა ორმხრივობა, სოციალური და პიროვნული მსგავსება კარგი დასაწყისია ურთიერთობისათვის, მაგრამ თუ ის ორმხრივ გულწრფელობაზე, ემოციურ და ინტელექტუალურ უკუგებაზე არ არის დამყარებული, პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. ეცადეთ ზედმეტად არ გააიდეალოთ პარტნიორი, არ შეიქმნათ წინასწარ გაზვიადებული მოლოდინები, რათა ე.წ. ქანქარის ეფექტის მსგავსად, ურთიერთობის მცირე პრობლემაც კი გამოუვალ მდგომარეობად არ მოგეჩვენოთ. მოისმინეთ ახლობელი, ერთგული და ურთიერთობაში გამოცდილი ადამიანების აზრი თქვენი რჩეულის შესახებ, ტყუილად ხომ არ ამბობენ, რომ სიყვარული ბრმაა, შეყვარებულ ადამიანს უჭირს თავისი სიყვარულის ობიექტის ნაკლოვანებების აღქმა. 

და რაც მთავარია, ისაუბრეთ ოჯახის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია ის თქვენთვის, უჭირავს თუ არა მას მსგავსი ადგილი თითოეული თქვენგანის  ღირებულებათა სისტემაში, წინასწარ განიხილეთ შესაძლო დაბრკოლებები და დასახეთ მათი გადაჭრის გზები. ოჯახი დიდი სტრესის და კიდევ უფრო დიდი ბედნიერების წყაროა. რა იქნება ის თქვენთვის, დიდწილად თქვენზევეა დამოკიდებული. წარუმატებელი ქორწინება ორი ადამიანის  შეცდომაა, წარმატებული ქორწინება კი – ორივეს მიღწევა.“

ნინო კერესელიძეფსიქოლოგი ნინო კერესელიძე:

“მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის ოჯახის შექმნამდე გააზრებული ჰქონდეს თავისი ნაბიჯის ყველა დადებითი და უარყოფითი ასპექტი. იცნობდეს ადამიანს რომელთან ერთადაც აპირებს ოჯახის მძიმე ტვირთის ზიდვას. თუ ოჯახში არის ურთიერთპატივცისცემა და სიყვარული, პრობლემების მოგვარებაც ერთიანი ძალებით ხდება. როდესაც ერთი გუნდი, ოჯახი არის დანაწევრებული და თითოეული წევრი თავისი გადმოსახედიდან უყურებს ყველაფერს მთავარი სიყვარული და ურთიერთგაგება იკარგება, ყველაზე პატარა პრობლემაც კი შეიძლება გახდეს ოჯახის დანგრევის მიზეზი.

სამწუხაროდ საქართველოში ხშირად ხდება ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის ძალადობა ოჯახისწევრებს შორის, ესეც სიყვარულის ნაკლოვანებით ხდება. მაგრამ აქვე არის მეორე ფაქტორიც, ისეთ ოჯახში ცხოვრებას სადაც არც პატივისცემაა და მუდმივად სტრესულ გარემოში გიწევს ყოფნა, რა თქმა უნდა, სჯობს, რომ განცალკევდნენ მეუღლეები და შესაბამისად, უფრო ნაკლები ტკივილი მიაყენონ ერთმანეთს. რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ მიზეზებზე, ყველა მათგანი მაინც სიყვარულსა და პატივისცემასთან მიდის. ადამიანი, რომელსაც უყვარს არასდროს იძალადებს, არასდროს ატკენს გულს, ასეთ ოჯახში მოლაპარაკებები და დათმობა ორივე მხრიდან არ აღიქმება როგორც დამარცხება.

ჩემი აზრით, მეუღლეები თუ უკვე ამგვარი საშიშროების წინაშე არიან შეუძლებელი უნდა შეძლონ იმისათვის, რომ დაიბრუნონ პირველი ემოცია, როდესაც გადაწყვიტეს ოჯახის შექმნა, გაიხსენონ ყველაზე მთავარი ის, რომ ერთმანეთი უყვართ და ყოველი კრიზისის დაძლევა მათ ოჯახს უფრო ძლიერს ხდის. ისიც, რომ მათ ერთად ყველაფერი შეუძლიათ. დამეთანხმებით, რთულია ამ ყველაფრის გახსენება მაშინ როცა, ისეთი ფინანსური კრიზისია რომლის დაძლევაც შეუძლებელი გვეჩვენება, ან ისეთი ტკივილი მივაყენეთ ერთმანეთს, რომლის პატიებაც გვიჭირს. თუ ფორმულების დონეზე დავალთ მაშინ:

– პირველი და მთავარი ჩემი აზრით იქნება ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. ხშირად უთხარით თქვენს მეორე ნახევარს, რომ გიყვართ და მნიშვნელოვანია თქვენთვის. ადამიანებს საკუთარი მნიშვნელობის განცდა ძალიან სიამოვნებთ და თანაც, ეს ხომ თქვენი გულწრფელი სიტყებია.

– მოუსმინეთ მაშინაც კი როდესაც ფიქრობთ, რომ სისულელეს ლაპარაკობს, შეიძლება არ ეთანხმებოდეთ მაგრამ პატივი ეცით მის აზრს.

– ცხოვრება მომენტებისგან შედგება, შეეცადეთ დააფასოთ ეს მომენტები.

– ჯიბრზე და გაცხელებულ გულზე გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ, ხშირად სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები გვაყენებენ ყველაზე მეტ ტკივილს და ზიანს.

– და ბოლოს გიყვარდეთ ერთმანეთი უანგაროთ, უმიზეზოდ, ვინაიდან სახლი რომელსაც საძირკველი არ აქვს განწირულია დასანგრევად.

გარკვეული თეორიების შედეგად, ესა თუ ის თარიღი ისაზღვრება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მაინც ინდივიდუალურია. აქსიომური მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ ქორწინების ამ და ამ წელს აუცილებლად კრიზისი წარმოიშობა, არ არსებობს. თუ მეუღლეებს სჯერათ, რომ თუნდაც ქორწინების შვიდი წელი ეს არის კრიზისული პრეიოდი და წინასწარი ნეგატიური განწყობა ექნებათ შექმნილი, რა თქმა უნდა ნეგატიური იქნება. დიდი მნიშვნელობა აქვს წინასწარ განწყობებს. ვფიქრობ, პირველი რამოდენიმე თვე შეიძლება ჩაითვალოს რთულ პერიოდად ესეც, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. მაშინ როდესაც ერთად ცხოვრებას იწყებს წყვილი, თუ აქამდე მხოლოდ ერთმანეთის დადებით მხრეს ხედავდნენ ახლა ნელ ნელა უკვე უარყოფითი მხარის დანახვაც ხდება. ასევე შეიძლება ჩაითვალოს ბავშვის მოლოდინის პერიოდიც და ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენა ოჯახში იქნება ეს ნეგატიური თუ პოზიტიური.

გაიაზრეთ თქვენი ნაბიჯი ძალიან კარგად, ოჯახი ეს არ არის თამაში, რომ დაიწყო და მერე მობეზრებისას მიატოვო, ეს ნაბიჯი უნდა იყოს კარგად გააზრებული და აუცილებლად ურთიერთპატივისცემაზე და სიყვარულზე დაფუძნებული. რამდენადაც მყარი საძირკველი ექნება თქვენს ოჯახს მით უფრო დაცული იქნება ყველა ბოროტებისგან.”

patriarqi_e7c92

მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ 2016 წლის საშობაო ეპისტოლეში სწორედ ოჯახის სიმტკიცეზე გაამახვილა ყურადღება  და აღნიშნა, რომ ცოლ-ქმრას შორის ურთიერთპატივისცემის ნაკლებობა იწვევს გრძნობების გაციებასა და „ახალი სიყვარულის ძებნის სურვილს“. ზოგიერთი ოჯახი შეიძლება არც დაინგრეს, მაგრამ მუდმივი ჩხუბისა და შეუთანხმებლობის გარემოში ბავშვები ითრგუნებიან და თავადაც გრძნობებისაგან დაცლილნი იზრდებიან. „ქორწინება ეკლესიის ერთ-ერთი საიდუმლოა“,-აღნიშნა პატრარქმა  მის მიერ წარმოთქმულ ეპისტოლეში.

ნანუკა მაღლაკელიძე    

Please follow and like us: