საქართველოში რელიგიური თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია, გასული წლის დასასრულს, სახალხო დამცველის აპარატმა არც თუ ისე დადებითად შეაფასა. ყოველწლიურ ანგარიშში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ აღნიშნულია, რომ უმცირესობების მიერ რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობის კუთხით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, უფრო მეტიც ამ კუთხით სიტუაცია გართულებულია.
საქართველოში რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულები, სასკოლო სივრცეში არსებული რელიგიური დისკრიმინაციის ფაქტები, სადავო რელიგიურ ნაგებობათა კუთვნილების საკითხი და სხვა შემთხვევი, რომელზეც საუბარია ანგარიშში, სახალხო დამცველს დაზუსტებული აქვს კონკრეტული ფაქტებით. გადავწყვიტე, ამ ფაქტებს მივყოლოდი და გამეკეთებინა ანალიზი ქვეყანში რელიგიის თავისუფლების სფეროში არსებული სიტუაციისა.
„თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, „იეჰოვას მოწმეთა“ რელიგიურ ორგანიზაციას, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს და ვთხოვეთ დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია, არა მარტო ქვეყანაში რელიგიის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, არამედ იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რომელიც მათ შეეხება.
საქრთველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სახალხო დამცევლი რელიგიის თავისუფლებით გართულების ერთ-ერთ მიზეზად მიიჩენვს საჯარო სასკოლო განათლების სივრცეში რელიგიური დისკრიმინაციის და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა იმპლემენტაციას. „კერძოდ, რამდენიმე შემთხვევაში განმცხადებლები უთითებენ რელიგიური ორგანიზაციების საწინააღმდეგო აქციებზე სკოლის მოსწავლეთა ორგანიზებული მონაწილეობის ფაქტებისა და მათი შესწავლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არასაკმარისი რეაგირების შესახებ.“
ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ძალადობის ნებისმიერ ტიპთან დაკავშირებულ შეტყობინება მათი მხრიდან მყისიერი რეაგირების საგანი ხდება. ტარდება შიდა აუდიტის მიერ მოკვლევა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
„განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს უსაფრთხო და ძალადობისაგან თავისუფალი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენს, შესაბამისად, მიმდინარეობს ძალადობის ყველა ტიპის, მათ შორის რელიგიური ხასიათის ძალადობის, წინააღმდეგ კომპლექსური მუშაობა, როგორც პრევენციული მიმართულებით, ისე დროული გამოვლენისა და რეაგირების კუთხით. მათ შორისაა: ა) მოსწავლეთა და მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება ბ) რელიგიური და სხვა ტიპის ძალადობის იდენტიფიცირება გ) ძალადობის ფაქტების გამოვლენა და რეაგირება“- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა თამარ მალაზონიამ.
მათი თქმით, ძალადობის იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლების სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს, შემდეგი სამსახურების მიერ: მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველო, რომელიც 2012 წლის ბოლოს შეიქმნა; საგანმანათლებლო რესურსცენტრების, რომელთაც ეს ფუნქცია 2013 წლიდან დაეკისრათ და მანდატურების დახმარებით, რომელთა მოვალეობაა სისტემურად აკონტროლონ მდგომარეობა და რაიმე დარღვევის შემთხევაში აცნობონ სკოლის დირექციას. საკუთრივ, სკოლის დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სკოლაში რელიგიური დისკრიმინაციისაგან თავისუფალი გარემო.
ძალადობის (მათ შორის რელიგიური ხასიათის) იდენტიფიცირების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოყოფილია პასუხისმგებელი პირები, რომელთაც ძალადობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო უნარების გამომუშავების მიზნით უტარდებათ შესაბამისი ტრენინგები.
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
“ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემურია რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილ სამართალდარღვევებზე დროული რეაგირება. გარდა ამისა, დღემდე პასუხისმგებლობაში არ არიან მიცემული ის პირები, ვინც 2012-2014 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუსლიმთა უფლებების დარღვევაში მონაწილეობდნენ.“ -ნათქვამია ანგარიშში.
ამის მიუხედავდ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი აღნიშნავს, რომ მიუხედავად არსებული ზოგიერთი პრობლემისა, მათი რელიგიური თავისუფლება საქართველოში დაცულია.
„მე, როგორც სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი, ქვეყნის რელიგიური სიტუაციის შეფასებისას, ყურადღებას გავამახვილებ ჩვენს მუსლიმ თემზე, რომელიც მშვიდობიანად თანაცხოვრობს ქვეყნის სხვადასხვა რელიგიურ თუ ეთნიკურ ჯგუფებთან ერთად. მიუხედავად არსებული ზოგიერთი პრობლემისა, ჩვენი რელიგიური თავისუფლება საქართველოში დაცულია. საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ არსებული პრობლემების გადაჭრაზე და მიღწეული დადებითი შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე,“- განაცხადა ჩვეთან საუბრისას სრულიად საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძე
„იეჰოვას მოწმეთა“ რელიგიური ორგანიზაცია
ანგარიშში ასევე, ყურადღება მახვილდება გასულ წელს იეჰოვას მოწმეთა მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის რამდენიმე ათეული ფაქტის, იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზისა და რელიგიური ლიტერატურის დაზიანებისა და განადგურების ფაქტებზე.
იეჰოვას მოწმეთა იურისტი ბატონი მანუჩარ ციმინტია ამბობს, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან ინტენსიურად თანამშრომლობენ, ზემოთ დასახელებული საქმეების სწრაფად და ეფექტურად გამოძიებისათვის. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, მიიღოს ყველა შესაბამისი და საჭირო ზომა,რათა გამიძიებულ იქნას რელიგიური ნიშნით ჩადენილი ყველა დანაშაული, მათ იმედს აძლევს, რომ მომავალში სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავს ინციდენტებს და გაატარებს შესაბამის პრევენციას.
„არის როგორც გამოძიებული,ასევე გამოუძიებელი საქმეები.მას შემდეგ,რაც შესაბამის ორგანოებს ეცნობათ ამ დანაშაულების შესახებ, გვაქვს იმედი, რომ სახემწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და გამოიძიებს მათ. ჩვენ მადლიერნი ვართ სახემწიფოსი, მასმედიის და შესაბამისი ორგანიზაციების იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით დაინტერესებისათვის,“-აღნიშნა მანუჩარ ციმინტიამ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
რელიგიის სააგენტოს მუშაობასთან დაკავშიებით პრობლემად სახელდება სადავო რელიგიურ ნაგებობათა კუთვნილების საკითხი. „მიუხედავად გარკვეული პერიოდის გასვლისა, ამ დრომდე უცნობია რელიგიის სააგნეტოს მიერ შექმნილი ე.წ. მოხეს კომისიის მიერ, ამავე სოფელში არსებული სადავო შენობის კუთვნილების საკითხის შესწავლის შედეგები.“- ნათქვამია ანგარიშში.
„თბილისი თაიმსი“ ერთი კვირის მანძილზე ცდილობდა რელიგიის სააგენტოსგან მიეღო პასუხები არსებულ კითხვებზე. გვინდოდა სააგენტოს დაეფიქსირებია თავისი პოზიცია საქართველოში რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის ხარისხზე და ასევე მოეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა ე.წ. მოხეს კომისიის საქმიანობა, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხები.
სოფიკო ნინიკაშვილი