იუსტიციის მინისტრმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატის მიერ პროკურორის მიმართვის საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემის თაობაზე საგანგებო ბრიფინგზე შეაფასა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და არის შესაბამისობაში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან.
„ჩვენ შევისწავლეთ გადაწყვეტილება და თვლით, რომ თავად გადაწყვეტილება და მისი ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და არის შესაბამისობაში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად, როგორც დღემდე, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჰააგის პროკურორთან“, − განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ, „აგვისტოს ომის საქმე მთლიანად მოექცა სამართლებრივ ჩარჩოში“ და ეს მისასალმებელია.
როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სამხრეთ ოსეთი არაერთხელაა მოხსენიებული საქართველოს ნაწილად:
„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არაერთხელაა ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რომ ის არის საქართველოს ნაწილი. ჰააგის სასამართლო მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც, ერთი მხრივ, საქართველოში, მეორე მხრივ კი, რუსეთში ჩატარდა და ის არ და ვერ მიიღებს მხედველობაში იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც შეიძლება ჩატარებული იყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ, რადგან სამხრეთ ოსეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო“.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულია ყველაფერი ის, რაც საქართველომ, როგორც მხარემ, ჰააგის პროკურორის თბილისში ვიზიტისას დააყენა:
„გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას. ჰააგის მოსამართლე ამბობს, რომ იმ ფაქტების მიხედვით, რაც მის ხელთაა ამ ეტაპზე, ომის დროს არსებობდა შემუშავებული მოდელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველთა ეთნიკური წმენდისა, რაც გულისხმობდა მათ განზრახ მკვლელობებს, ქართველების სახლების იდენტიფიცირებას და განადგურებას, ხშირად ადგილობრივი მიმთითებლების დახმარებით, რასაც ხელი უნდა შეეწყო მათი უკან დაბრუნების პერსპექტივის მოსპობისათვის“.
იუსტიციის მინისტრმა დასძინა, რომ, ჰააგის სასამართლოს დასკვნით, იმ ფაქტების მიხედვით, რაც დღეს მათ ხელთაა, ქართველთა ეთნიკური წმენდის მიზანი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მიღწევაა:
„დოკუმენტში წერია, რომ ქართველთა ეთნიკური წმენდა მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას, რათა სამხრეთ ოსეთს მიეღწია დამოუკიდებლობისათვის და საბოლოოდ გაწყვეტილიყო კავშირი სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის“.
ბრიფინგზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ჰააგის სასამართლო გადაწყვეტილებაში 2008 წლის მოვლენები შეფასებულია როგორც საერთაშორისო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის.
„ჩვენ მივესალმებით იმას, რომ გამოძიებაზე ნებართვა გაიცა რამდენიმეთვიან პერიოდზე, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებზე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვაჩვენოთ − აგვისტოს ომს ჰქონდა თავისი ძალიან სერიოზული წინაპირობა“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
სასამართლოს გადაწყვეტილება ქართველი ტყვეების მკვლელობის ფაქტების გამოძიების საშუალებას იძლევა. ეს საკითხი იუსტიციის მინისტრმა ჰააგის პროკურორის წინაშე მისი თბილისში ვიზიტისას დააყენა.
„თბილისში შეხვედრის შემდეგ სწორედ ყველა ტიპის, რომის სტატუტიდან გამომდინარე, დანაშაულზე აქვს პროკურორს მიღებული ნებართვა. შესაბამისად, ჩვენ გვეხსნება გზა, რომ ჰააგის გამოძიება მივმართოთ ქართველი ტყვეების − ანწუხელიძის, სოფრომაძისა და სხვების, მკვლელობის საქმეებზე. ეს იყო კიდეც ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენ შევძლებთ, ანწუხელიძის, სოფრომაძის, სხვა სამხედრო ტყვეების მკვლელობის თემაზე ვიმუშაოთ ჰააგის პროკურორთან ერთად“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.