მსოფლიო ბანკმა 2015 წლის ოქტომბერში ანგარიში გამოაქვეყნა, ანგარიშში ბანკი პროგნოზირებდა, რომ 2016 წელს ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 51 დოლარი იქნებოდა, თუმცა ბანკის ახალი პროგნოზებით წელს ფასი 37 დოლარამდე დაიწევს.

ბანკის განცხადებით, აღნიშნული ვარდნა ჩვენთვის ცნობილი სხვადასხვა მიზეზის გარდა, განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელებამაც გამოიწვია. უახლესი ინფორმაციით,ლონდონისა და ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟებზე კი „ბრენტისა“ და WTI-ის მარკის ნავთობის ფასი 40 დოლარს ჩამოსცდა. 

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ მსოფლიოში ნავთობის ბაზარზე მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ქართულ საწვავის იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდებს, რომ მოახდინონ მსოფლიო ტენდენციების ასახვა ქართულ ბაზარზე. მათი თქმით, ბოლო ორ კვირაში ნავთობის ფასი საგრძნობლად შემცირდა, ქართული საწვავის ბაზარზე კი ფასები უცვლელი დარჩა.

„თბილისი თაიმსი“ ამ საკითხით დაინტერესდა და დეტალებზე, ასოციაციის ანალიტიკოსს პაატა ბაირახტარს ესაუბრა.

12647657_1113828605315081_190774482_n

როგორ შეაფასებთ  მსოფლიოში ნავთობის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს?

– მსოფლიოში ნავთობის ბაზარზე ფასების შემცირება განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ირანისთვის სანქციების მოხსნა. მოგეხსენებათ ამ უკანასკნელს, ბირთული პროგრამის გამო სანქციები ჰქონდა დაწესებული და საკუთარი ნავთობი ექსპორტზე ვერ გაჰქონდა. სანქციების მოხსნის შემდეგ ირანმა დაიწყო ბაზარზე თავის დამკვიდრება. ირანის ნავთობის მინისტრმა, გააკეთა კიდეც არაერთი  განცხადება, იმის თაობაზე, რომ ირანი ნებისმიერ ფასად შეეცდებოდა დაეკავებინა საკუთარი წილი ნავთობის ბაზარზე. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს მოპოვების გაზრდას.

იმისთვის რათა „ოპეკის“ სხვა წევრ ქვეყნებს არ დაეკარგათ  საკუთარი წილები, იძულებულნი გახდნენ მათაც გაეზარდათ მოპოვება. რამაც ბაზარზე არსებული, ისედაც ჭარბი მიწოდება კიდევ უფრო შეავსო და ამ ყველაფერმა ცხადია დარტყმა მიაყენა ნავთობის ფასებს.

მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც უკვე ბოლო პერიოდში მოახდინა ფასების მკვეთრი შემცირება ეს არის აშშ-ს ნავთობის ექსპორტზე გასვლა. აშშ-ს  საკუთარი ნავთობი 70 წლის მანძილზე არ გაჰქონდა ექსპორტზე.

ასევე ნავთობის ფასზე ნეგატიურად აისახა ჩინური ბირჟების ვარდნა. ჩინეთი ამერიკის შემდეგ ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელი, ხოლო ჩინეთის ბირჟებზე შექმნილი აჟიოტაჟი და პანიკა ნავთობის ფასზე ნეგატიურად მოქმედებს.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ ანალიტიკოსთა ნაწილი,ბოლო პერიოდში ირანსა და საუდის არაბეთს შორის შექმნილი დაძაბული ფონის გამო  ნავთობზე ფასების ზრდას ვარაოდობდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა.

როგორ აისახება ეს ქართული საწვავის ბაზარზე, რომ გაგვაცნოთ თქვენი კვლევის შედეგები,რომელიც აღნიშნულ საკითხს ეხება?

– ვინაიდან ჩვენ საკუთარის მოპოვება არ გაგვაჩნია და პირდაპირ ვართ დამოკიდებული მსოფლიო ტენდენციებზე, გვინდა თუ არა მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ჩვენს საწვავის ბაზარზე ასახვას მაინც ჰპოვებს. მაგრამ აქ მეტად საგულისხმოა, ის ფაქტი, თუ რამდენად ადეკვატურია ეს ასახვა.

საქმე იმაშია, რომ უკვე სამწუხარო ტრადიციად დამკვიდრდა, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების კლების ტენდენციები ქართულ საწვავზე დაგვიანებით და არასრულად ისახება.

მე, როდესაც 2015 წლის შემაჯამებელი კვლევა გამოვაქვეყნე  იყო 2015 წლის დეკემბრის მიწურული. მაშინ მსოფლიო ბაზარზე ბარელის ღირებულება 36% უტოლდებოდა, ქართულ ბაზარზე კი ერთი ლიტრი რეგულარის მინიმალური ფასი 1.56 ლარი იყო, ანუ ეროვნული ვალუტის დევალვაციის გათვალისწინებითაც ამ პერიოდისთვის ქართულ და მსოფლიო ბაზარს შორის სხვაობა იყო 22.41%.

ამის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კიდევ შემცირდა და ბარელი 30 დოლარსაც კი ჩამოსცდა ამის მიუხედავად ქართულ საწვავის ბაზარზე ფასები იგივე რჩებოდა. 2016 წლის 14 იანვარს გავმართე საგანგებო პრესკონფერენცია, სადაც წარმოვადგინე ჩემი 2016 წლის კვლევა, რომლის მიხედვითაც ბაზრებს შორის სხვაობა 43%-ს აჭარბებდა და ქართული საწვავის იმპორტიორებისგან მოვითხოვე საფასო პოლიტიკის დაუყოვნებლივი გადახედვა. მხოლოდ ამ ყველეფრის შემდეგ მოახდინა, რამდენიე კომპანიამ ფასების კორექტირება.

როგორ შეაფასებთ ქართული საწვავის იმპორტიორი კომპანიების საფასო პოლიტიკას?

– დღეს ამის თქმა რთულია, იმდენად რამდენადაც ბოლო რამდენიემე დღეში ეროვნულმა ვალუტამ სერიოზული რყევები განიცადა, თუმცა კომპანიებს აქვთ მარაგები და ეს მარაგები არის შეძენილი ძველი კურსის პირობებში. ძველის კურსის პირობებში კი მე მაშინაც ავღნიშნავდი, რომ ფასები ჯეროვნად შემცირებული არ იყო ქართულ ბაზარზე.

ნათია კეკენაძე

 

 

Please follow and like us: