17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებულების, მათ შორის სასულიერო პირების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 ივლისისთვის გადაიდო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთ-ერთი ბრალდებულის ტიტან დავრიშიანის გამოუცხადებლობის გამო მიიღო.

როგორც პროცესის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს ბრალდებულების ადვოკატებმა განუცხადეს, ტიტან დავრიშიანი სხვა საქმესთან დაკავშირებით პატიმრობაში იმყოფება და დღევანდელ პროცესზე მისი ბადრაგირება ვერ მოხერხდა.

პროცესის გადადების შემდეგ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასულიერო პირმა მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მან აღნიშნა, რომ აპირებს სახალხო დამცველს მიმართოს, იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მის მიმართ მედიის საშუალებით ვრცელდება.

“ჩემი უფლებები ირღვევა თუ არა იმით, რომ გადამიარეს?”- აღნიშნა სასულიერო პირმა პროცესის გადადების შემდეგ.

ანთიმოზ ბიჩინაშვილის გარდა, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე ბრალდებულია კიდევ ოთხი პირი, მათ შორის ერთი ასევე სასულიერო პირია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასულიერო პირების სასამართლო პროცესისთვის უფლებადამცველი და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბენ. გაიმართა მცირე აქციაც.

აქციის შემდეგ მონაწილეებმა სასამართლო დარბაზისკენ გადაინაცვლეს. პროცესი დაახლოებით ნახევარი საათის დაგვიანებით იმ მიზეზით დაიწყო, რომ სასამართლოს მანდატურის სამსახური წესრიგის დამყარებას ვერ უზრუნველყოფდა, თუმცა პროცესი დაწყებისთანავე, ერთ-ერთი ბრალდებულების გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.
17 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს – სამების ტაძრის არქიმანდრიტ ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი 23 მაისს წაუყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფას, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ერთ წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.

15.07.13

Please follow and like us: