დღეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ინიციატივით, ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის თემაზე ერთკვირიანი სემინარი გაიხსნა.

როგორც ეროვნული ბანკიდან „თბილისი თაიმსს“ აცნობეს, შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ფინანსური მარეგულირებლების და ზედამხედველების კვალიფიკაციის ამაღლების ინიციატივის ფარგლებში იმართება, რომელშიც 25 ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები მონაწილეობენ – ავღანეთიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, პაკისტანიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან და საქართველოდან, ასევე ფინანსთა სამინისტროებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი სააგენტოებიდან.

სემინარი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მას პაკისტანელი და ავსტრალიელი საბანკო საქმის ექსპერტები გაუძღვებიან. შეხვედრაზე განიხილება ეფექტური გამჭვირვალობის სისტემები. მონაწილეები გაეცნობიან ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის უახლეს მიღწევებს. ასევე განიხილავენ სხვა საკითხებსაც როგორიცაა, გამჭვირვალობა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, კორპორატიული მართვის მეთოდებს გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ.

სემინარის დასრულებისთანავე აზიის განვითარების ბანკი მონაწილეებს სერტიფიკატებს გადასცემს, აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

15.07.13

Please follow and like us: