უკვე მეორე დღეა აქტუალურობას არ კარგავს პარლამენტში გოგი თოფაძის სიტყვით გამოსვლა და მისი მიმართვა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსადმი. ფრაქციების თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილ განცხადებაში მან დაუნის სინდრომი სალანძღავ კატეგორიად გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი ,,დაუნებს შეადარა”.
,,თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი. თითოეული თქვენი სიტყვა, წინადადება, წერილი, ბგერა, ანალიზდება და მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ ასე აფასებთ მოსახლეობას, მაშინ ალბათ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოში“ -განაცხადა გოგი თოფაძემ.
ამ განცხადებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია, არა მარტო მოსახლეობასა და კონკურენტ პატრიებში, თავად თოფაძის გუნდის წევრებშიც:
ლევან ბერძენიშვილი: ,,პრეზიდენტის გამოსვლას მოვუსმინე და იქ ასეთი არაფერი ყოფილა. როგორც ჩანს, რომელიღაც სხვა გამოსვლა იგულისხმებოდა. ამ ტერმინის ასეთ კონტექსტში მოხსენება შეურაცხმყოფელია. სიმართლე გითხრათ, ეს რა იყო, ვერ მივხვდი, ბატონი გოგის გამონათქვამს ბოლომდე ვერ ჩავწვდი.”
,,მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება ალბათ უფრო გაუაზრებელი იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის ყველანაირი დასაშვებობის ზღვარს სცდება. მე არ მგონია, რომ თუნდაც ბოდიშის მოხდა იყოს პრობლემა. ყველა იმ ბავშვს, რომელსაც საქმე ეხება ანუ დაუნის სინდრომის მქონეს და მის მშობლებს, მე პირადად ვუხდი ბოდიშს. ყველა ამ ბავშვის უფლება, რომელიც თანასწორია კანონის წინაშე, უნდა იყოს დაცული. ჩვენ ის სამინისტრო და მთავრობა ვართ, რომელიც ბავშვთა უფლებებზე დღენიადაგ ვმუშაობთ, ამიტომ რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები ცალსახად მიუღებელია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა – თეა წულიკიანმა.
,,თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის წევრი – ნინო გოგუაძე: ,, სამწუხარო ფაქრია და მიმაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილი დაუნის სინდრომს სალანძღავ სიტყვად არ გამოიყენებდა. სამწუხაროა, რომ ვერც კი გააცნობიერა, რა თქვა. შეურაცხყოფა დააბრალა გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ძალიან კორექტული და განათლებული ადამიანია, შეუძლებელია ამ კონტექსტში ეხსენებინა დაუნის სინდრომი. გოგი თოფაძემ თვითონ გამოიყენა დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად. ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს არაფრით არ შეიძლება.“
,,ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრი – გოკა გაბაშვილი: ,,გოგი თოფაძე პარლამენტარისთვის მიუღებელი გამონათქვამებით და ზოგადად, საჯარო სივრცისთვის მიუღებელი გამონათქვამებით გამოირჩევა. არ ვიცი, ეს რითი არის განპირობებული. არ ვიცი, რა განათლების, რა აზროვნების შემთხვევასთან გვაქვს საქმე.”
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეფასებას არ უკეთებს გოგი თოფაძის მიერ დაუნის სინდრომის სალანძღავ სიტყვად გამოყენებას. ,,მოდით, ნუ შემაფასებინებთ კოლეგების გამოსვლებს. ამ შეფასების დროს შეიძლება მე თვითონ აღვმოჩნდე არაეთიკურ მდგომარეობაში და ჩემგან კორექტული არ იქნება შევაფასო, თუ ვინ და როგორ საუბრობს. “.
რაც შეეხება მოსახლეობასა და თავად იმ მშობლებს, რომლებსაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავთ:
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, ლია ტაბატაძე გოგი თოფაძეს განცხადებით მიმართავს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც უერთდება: „მოვითხოვთ, მოგვიხადოთ საჯარო ბოდიში საქართველოს მოქალაქეებს იმავე ტრიბუნიდან, საიდანაც შეურაცხყოფა მოგვაყენეთ. მოგიწოდებთ, გაეცნოთ ინფორმაციას დაუნის სინდრომის შესახებ. იქნებ აღმოაჩინოთ, რომ სწორედ თქვენი მსგავსი მიდგომები და გამონათქვამები არის ქართველი ხალხისათვის შეურაცხმყოფელი და როგორც თავად იტყოდით, „მოსახლეობის სამწუხარო შეფასება“. მოგიწოდებთ პოლიტიკურ მოღვაწეებს, საჯარო პირებს, გააცნობიეროთ თქვენი როლი, თქვენ ხელთ არსებული ბერკეტები, უფლება–მოვალეობები, რასაც საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა გაკისრებთ სხვადასხვა დაუცველი ჯგუფებისათვის პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, სადაც დეპუტატმა „დაუნი“ სალანძღავ სიტყვად გამოიყენა, თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია 14:00 საათზე დაიწყო. აქციას თავად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეურთდნენ. აქციის ორგანიზატორები მოითხოვდენ, რომ თოფაძემ ბოდიში მოეხადა იმ შეფასების გამო, რომელიც 3 თებერვალს პარლამეტში გამოსვლისას გააკეთა. საპროტესტო აქციას შეუერთდა ჟურნალ ,,დრო მშვიდობისას” ყოფილი რედაქტორი ირაკლი კაკაბაძე, რომელმაც ის ჟურნალი მოიტანა, საიდანაც გოგი თოფაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილის შეფასებების ციტირება მოახდინა.
ირაკლი კაკაბაძე: ,,მარგველაშვილის სტატიაში საუბარია გაზარმაცებულ ელიტაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ,,კაცია ადამიანში” ებრძვის და არა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე. ტრაგიკული ფაქტია, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადება გაკეთდა. მე ვფიქრობ, რომ მან ბოდიში უნდა მოიხადოს.“
თავად დეპუტატმა გუშინდელი განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა პრეზიდენტსაც იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა: „გუშინდელ ჩემს საპარლამენტო გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა საზოგადოებაში და ჩემი სიტყვები არასწორად იქნა აღქმული. მე მხოლოდ მოვახდინე გიორგი მარგველაშვილის სიტყვების ციტირება, რომელიც ჟურნალში „დრო მშვიდობისა“ სათაურით „ნიჩურტა! – მე ქართველი ვარ“ გამოქვეყნდა და მივუთითე, რომ მსგავსი განცხადებების კეთება ქართველ კაცს არ ეკადრება და იმ შემთხვევაში, თუ ბატონი პრეზიდენტი ქართულ საზოგადოებას ამგვარ შეფასებას აძლევს, მაშინ მას ამ ქვეყნის პრეზიდენტობაც არ უნდა ეკადრებინა. ჩემთვის, როგორც საზოგადოების ნაწილისთვის, მარგველაშვილის ამგვარი სიტყვები შეურაცხმყოფელია. არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია და თუ ჩვენი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩემი სიტყვები ამგვარად იყო აღქმული, რა თქმა უნდა, ამისთვის მათ წინაშე ბოდიშს ვიხდი. აქვე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, მანაც მოიხადოს საზოგადოების წინაშე ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლითაც მან ქართველი ერი თავის დროზე შეურაცხყო. ჩემთვის საზოგადოება არის ერთიანი და მის დიფერენციაციას არ ვახდენ,”- ნათქვამია თოფაძის განცხადებაში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსმა დაუნის სინდრომი ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენა. ,,დაუნის სინდრომი” სალანძღავ ტერმინად გამოუყენებიათ ნინო ბურჯანაძესა და შალვა ნათელაშვილს.
ინფორმაციისთვის, დაუნის სინდრომი არის ადამიანის მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ზედმეტი ქრომოსომების არსებობით. ეს არის ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა. სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი.
ნატალია ჯალაღონია