ნოდარ დუმბაძის წიგნები, მისი ნახატები და ფოტოსურათები იყო გამოფენილი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში, სადაც მწერლის დაბადებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ იუბილეზე განაცხადა, რომ მან ქართულად კითხვა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებით ისწავლა.

“ნოდარ დუმბაძე ცალკე მოვლენა და ფენომენია ჩვენს მწერლობაში, კულტურაში. იმიტომ რომ მან შეძლო ასე გასაგებად აეხსნა ყველასთვის, რომ ადამიანი არის კეთილი და კეთილშობილი, მაშინაც კი როცა ციხეშია გამომწყვდეული. ყველაზე დიდ ბოროტმოქმედსაც კი უძგერს გული, რომელიც სიყვარულით არის სავსე, მან დაგვანახა რა არის სიკეთე ყოფით დონეზე, ყოველგვარი ფილოსოფიური კატეგორიების გარეშე, და მან ეს მოახერხა იმ მძიმე პერიოდში, როდესაც სახელმწიფო იდეოლოგია სულ სხვა რამეს მიანიშნებდა ადამიანს და სულს აცლიდა მას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ბიბლიოთეკის დარბაზში წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძის ხელნაწერები და ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე გამოცემული წიგნები. გამოფენილი იყო ჟურნალ „ნიანგის“ ნომრები, რომლის რედაქტორიც ის 1967–72 წლებში იყო. 

16.07.13

Please follow and like us: