კვირიკაევროპის საინვესტიციო ბანკი(EIB) საქართველოს, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის, 150 მილიონამდე ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს, – ფინანსური ხელშეკრულებები დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდა.

დოკუმენტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ლაზლო ბარანიაიმ მოაწერეს ხელი. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის“ დასაფინანსებლად, რომლის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდება მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტები – გზების, ქუჩების, წყალსადენის, კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია; განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა; თბილისში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგება.

49.45 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს კი საქართველო „საქართველოსაღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II” პროექტის – ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის მონაკვეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასაფინანსებლად მიიღებს.

ხელმოწერის ცერემონიამდე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა.

გიორგი კვირიკაშვილმა ლაზლო ბარანიაის საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი დაესწრნენ.

(Visited 31 times, 1 visits today)

კომენტარები