შობიდან მეორმოცე დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ხდება გახსენება სახარებისეული მოვლენის, როდესაც იოსებმა და ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა ყრმა იესო შობიდან მე-40 დღეს იერუსალიმის ტაძარში მიაბრძანეს და მტრედის ორი მართვე მიიყვანეს შესაწირად, რათა უფლისაგან დაწესებული რჯული აღესრულებინათ. როდესაც ისინი ტაძარში შევიდნენ, მათ ღრმად მოხუცებული მართალი სვიმეონი მიეგება, რომელსაც სულიწმიდისაგან ჰქონდა გამოცხადებული, რომ ვიდრე მაცხოვარს საკუთარი თვალით არ ნახავდა, სიკვდილის გემოს ვერ იხილავდა. სვიმეონი დიდი სიხარულით შეეგება მაცხოვარს, მკლავები მოხვია, გულში ჩაიკრა, აკურთხა ღმერთი, და წარმოთქვა: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი”(ლკ.2,29-30).
“თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ ნაწყვეტს, მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელის სიტყვიდან, რომელიც 1982 წელის 15 თებერვალს მირქმის დღესასწაულზე წარმოთქვა:
„დღეს ჩვენ უფალს იმ ღრმა და მადლიერი სიხარულით მივეგებებით, რომლითაც სჳმეონ ღვთისმიმრქმელს ხელთა ზედა თვისთა ეტვირთა ღვთიური ყრმა და მასში ყველა ძველი წინასწარმეტყველების ასრულებას ხედავდა შესახებ იმისა, რომ დადგებოდა დღე, როდესაც კაცსა და ღმერთს შორის გაუცხოება დასრულდებოდა, როცა ღმერთი ჩვენთან გარდამოხდებოდა ხორციელად ვითარცა მაცხოვარი და თავისი განკაცებით, თავისი ცხოვრებით, თავისი მოძღვრებითა და თავისი ჯვრიანი სიკვდილით ჩვენს ღმერთსა და მამასთან შეგვარიგებდა. მირქმის დღესასწაულზე შეუღლებულია სიხარულიცა და ქრისტეს ჯვრიანი სიკვდილის მოლოდინიც.
არსებობენ დღესასწაულები, როდესაც სული იმდენად აღვსილია ზეიმით, რომ ხელს ვერ აღაღებ საშრომლად; მაგრამ არიან ისეთი დღესასწაულებიც, როდესაც ხელს იმიტომ ვერ გაანძრევ, რომ გული ან მწუხარებითაა სავსე ან წმინდა ძრწოლით. უფლის მირქმის დღესასწაული ორივ ამ ნიშანს აერთიანებს. მიეგებება ქრისტეს სჳმეონ ღვთისმიმრქმელი, ხანდაზმული ადამიანი, რომელმაც მართალი ცხოვრებით იცხოვრა, ვისაც ღვთისგან ჰქონდა აღნათქვამი, რომ არ იხილავდა გემოს სიკვდილისას, ვიდრე სოფლის მაცხოვარს არ იხილავდა, მოსრულსა თავისი შერიგებისა და ამასოფლის ფერიცვალების საქმის აღსასრულებლად. ამ სიხარულსავე ამოწმებს ანა წინასწარმეტყველიც. ისინი იმაზედ უბნობენ, რომ აღსრულდა მთელი მოლოდინი არამარტო ძველი აღთქმისა, არამედ ერთიანად კაცობრიობისა დასაბამიდან სოფლისა, მისი სურვილი, წუხილი, იმედი მასზედ, რომ მოსულიყო უფალი და აღარ ყოფილიყო მასსა და ჩვენ შორის გაუვალი უფსკრული. ისინი ერთდროულად ზეიმობენ იმაზე, რომ არამარტო წარსული, არამედ აწ მომავალიც გამართლებულია და იმედითა და სიხარულით ბრწყინავს. მოვიდა უფალი და მოგვეახლა სასოებაც, რომელსაც ვერანაირი მწუხარება, ვერანაირი მიწიერი საშინელება ვერ ჩააქრობს, რამეთუ ღმერთი უკვე ჩვენ შორისაა, ქრისტეა ჩვენს შორის, და ვეღარავინ გამოგვტაცებს ვერც მის ხელთაგან, ვერც მის სიყვარულს.
მაგრამ უფლის მირქმის დღესასწაული იმავ დროს წმინდა ძრწოლისა და წუხილის ბეჭედსაც ატარებს. იგივე სჳმეონმა, რომელმაც უფლის ხორციელად მოსვლა ამცნო, ღვთის დედას აღუთქვა, მოუტანა ცნობაც იმის შესახებ, რომ მის გულს მახვილი განვლიდა, განგმირავდა იმგვარი ტკივილი, განიცდიდა ისეთ ტანჯვას, რომელიც არავის არასდროს დედამიწაზე არ განუცდია. მაშინ მან არ უწყოდა, როგორი იქნებოდა ეს საშინელება და სატანჯველი; მოგვიანებით, როდესაც გოლგოთაზე ჯვართან იდგა, ბოლომდე იწვნია იგი: წუხილი და ძრწოლა დედისა, რომელიც თავის შვილს უსამართლო მსჯავრით ჯვარზე მილურსმნულს ხედავს, იმ ადამიანთა სიძულვილით, ვისთვისაც ის ცხოვრობდა, ქადაგებდა, ვისთვისაც ღმერთი კაც იქმნა; ხედავდა, თუ როგორ ტოვებდა საათობრივ მას სიცოცხლე და ბოლოს იგი სავსებით უსულო მიიქვა თავის დედობრივ მკლავებზე. ეს მას უწინასწარმეტყველა სჳმეონ ღვთისმიმრქმელმა; და ამიტომაც ვდღესასწაულობთ რა ამ დღეს, ვხარობთ რა მასზედ როგორც ჩვენს ცხოვნებაზე, მოვიგონოთ ამასთან ღვთის დედის ეს გულის განმგმირავი მწუხარებაც. მთელს ქვეყანაზე რამდენ დედას შეუძლია ამ წუხილის გაგება, ვისაც შვილები – ვაჟიშვილები და ქალიშვილები ავადმყოფობებმა თუ ომების სასტიკმა სიკვდილმა წაართვა…
თითოეული ჩვენთაგანი შემდგომად შობისა ტაძარში მოიყვანება, ან მოგვიანებით მოვალს, რათა მოინათლოს და ღვთის წინაშე გაეკლესიურებული წარდგეს. ყრმის ან მოზარდის ეს ეკლესიად მოყვანება სახეა იმისა, რაც მაშინ ძველად იერუსალიმში მოხდა. როგორადაც ძე ღვთისა, რომელიც ძედ კაცისა იქმნა, წარდგა ღვთის წინაშე, ასევე თითოეული ჩვენთაგანიც, როდესაც ნათელს–იღებს, ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს ცხოვრებას ეზიარება. ყოველი ჩვენთაგანი ტაძრად მოიყვანება და მოვალს, რათა ბოლომდე, უარყოფის გარეშე ღვთის მონაპოვრად იქცეს, არა ზოგადად „ღვთის შვილად“, არამედ ღვთის ძედ ან ასულად, რომელიც იმ გზაზე დგება, რომელზეც უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ვიდოდა.“
სოფიკო ნინიკაშვილი